ცნობილი იტალიური ბრენდის,  Gucci-ის ამერიკულმა ფილიალმა ფედერალურ სასამართლოს მიმართა. სარჩელში მითითებულია, რომ სავაჭრო კომპანიები – Sam’s Club, Lord & Taylor და Century 21 მოდის სახლის კოლექციების ყალბ მოდელებს ყიდიან.  Gucci-მ სასამართლოს კერძო გამოძიების ჩატარების შემდეგ მიმართა. მოდის სახლის სარჩელში ნათქვამია, რომ ხსენებული კომპანიები ბრენდის დიზაინის იდენტურ, ან ძალიან მიმსგავსებულ მოდელებს ყიდიან, რაც აზიანებს Gucci-ის როგორც რეპუტაციას, ასევე – ფინანსურ ინტერესებს. 

ცნობილია, რომ Gucci-ის პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა თავად სარჩელის ადრესატ კომპანიებთან. Sam’s Club-მა განაცხადა, რომ კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლის მოლოდინები გაამართლოს, ამიტომ ყალბ პროდუქციას ამოიღებს, როგორც ფიზიკური სივრცეებიდან, ასევე ვებ-გვერდიდან. როგორც Gucci-ის იურიდიული წარმომადგენელი იუწყება,  Lord & Taylor-ის პასუხში აღნიშნული იყო, რომ მენეჯმენტი საქმის კურსშია ყალბი პროდუქციის რეალიზაციის ფაქტებზე, თუმცა კომპანიას კომუნიკაცია მოდის სახლთან აღარ გაუგრძელებია. რაც შეეხება, Century 21-ს, წარმომადგენლები პასუხისაგან ამ დრომდე თავს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Gucci ყალბი მოდელების რეალიზატორების წინააღმდეგ იურიდიულ ნაბიჯებს დგამს.