დროსთან ერთად, მოდის სფერო სულ უფრო მეტად უახლოვდება თანამედროვე ტექნოლოგიებს. იქმნება NFT კოლექციები, ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებზე ინერგება დამატებული რეალობის გამოცდილება და ასე შემდეგ. ახლახანს კი, იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ განაცხადა, რომ ბრენდის მაღაზიებში ანგარიშწორების ერთ-ერთ საშუალებად კრიპტოვალუტა ემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ მყიდველებს გადახდა ბიტკოინით, ან სხვა ციფრული ვალუტით შეეძლებათ.
გადახდის ახალი სისტემა თავდაპირველად შეერთებულ შტატებში, ზაფხულის სეზონზე საპილოტე ფაზაში ამოქმედდება. ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ლას ვეგასი და ატლანტა – სწორედ ამ ქალაქებში მდებარეობს Gucci-ის ის მაღაზიები, რომლებიც ვაჭრობისას პირველები მიიღებენ კრიპტოვალუტას.
გადახდისას მომხმარებელს მეილზე უნიკალური კოდი გაეგზავნება, რომლის მეშვეობითაც, ის კრიპტო საფულიდან ტრანზაქციას შეასრულებს. თავდაპირველად, ახალი გადახდის სისტემაში ათი სახეობის კრიპტოვალუტა გააქტიურდება, მოგვიანებით კი, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის Dogecoin, რომელიც ვალუტად ქცეულ ე.წ. “მიმებს” (Meme) წარმოდგენს.