კინოსა და მოდის კავშირზე ბევრის თქმა შეიძლება. ეს ორი ვიზუალური ხელოვნების ფორმა მნიშვნელოვლად განსაზღვარს ერთმანეთს. კინო ვიზუალური ისტორიის ნარატივს ქმნის, მოდას ის ყოველდღიურ რეალობაში გადმოაქვს, ან/დაც პირიქით, მოდაში უკვე არსებული და კარგად დამკვიდრებული სტილი ფილმის ვიზუალური ენის განუყოფელი ნაწილი ხდება. „რასაც კოსტუმების დიზაინერი აკეთებს მაგიას და კამუფლაჟს შორის არსებული კვეთაა. ჩვენ მსახიობების იმად გარდაქმნის ილუზიას ვქმნით, რაც არ არიან.“ – ამბობდა კოსტიუმების ცნობილი დიზაინერი, ედით ჰედი.

(c) The Fifth Element

კინოს ისტორიაში, ბევრი კლასიკად ქცეული ნამუშევარი, სიუჟეტთან ერთად, სწორედ კოსტიუმებით გახდა დასამახსოვრებელი. ზოგჯერ ტანსაცმელი უფრო მეტია, ვიდრე სტილი, ის სიმბოლურ დატვირთვასაც იძენს. “ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ჩემთვის “მეხუთე ელემენტი” იყო.” – ამბობს წარმატებული ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია, როცა კოსტიუმების დიზაინით მისთვის გამორჩეულ ფილმზე დავინტერესდით. “მახსოვს პატარა ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე ამდენი ერთმანეთისაგან კოსტუმირებულად განსხვავებული ტიპაჟი.”

(c) The Fifth Element

ფრანგი კინორეჟისორის, ლიუკ ბესონის ნამუშევარი, “მეხუთე ელემენტი” ეკრანებზე პირველად 1997 წლის 7 მაისს გამოვიდა და საუკეთესო საზაფხულო ბლოკბასტერიც გახდა. სამეცნიერო ფასტასტიკის ჟანრის ფილმში, რომელშიც მთავარ როლებს ბრუს ვილისი, მილა იოვოვიჩი და გარი ოლდმენი ასრულებენ, სიუჟეტი 23-ე საუკუნეში ვითარდება. კოსტიუმებიც სწორედ ამ წარმოსახვითი მომავლის სამყაროს ინტერპრეტაციას გვიჩვენებს. და თუ აქამდე Sci-Fi მხოლოდ ლიტერატურული ან კინო ჟანრი გეგონათ, გეტყვით, რომ ის მოდაშიც არსებობდა და ჟან პოლ გოტიე ფუტურისტული მოდის ერთ-ერთი მოწინავე დიზაინერია.

The Fifth Element / Costumes by Jean Paul Gaultier

“მგონია, რომ ჟან პოლ გოტიემ რევოლუციური პორტალი გახსნა, როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე მოდაში. თითქოს შემდეგი ათწლეულები განსაზღვრა. დღემდე ბევრი ხელოვანისთვის შთაგონების წყაროა და კოსტიუმები სამუზეუმო ექსპონატებად იქცა.” -აღნიშნა გიორგიმ. სწორედ ჟან პოლ გოტიე გახლავთ “მეხუთე ელემენტის” კოსტიუმების დიზაინერი. ცნობილი ფაქტია, რომ მან ფილმისთვის, ჯამში, 1000-ზე მეტი ესკიზი შექმნა.

(c) The Fifth Element

სტილისტურად ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი არის მილა იოვოვიჩის თეთრი ბანდაჟის სტილის კოსტიუმი, რომელიც შთაგონებულია გოტიეს 90-იანი წლების ადრეული კოლექციებით. მილას ეს იმიჯი იმდენად ძლიერ ჩაიბეჭდა მაყურებლის გონებაში, რომ გარდამტეხი როლი ითამაშა ფილმის ვიზუალური ნაწილის ჩამოყალიბებაში. დღემდე, მის უამრავ ვარიაციას ვხედავთ, როგორც სხვა დიზაინერების პოდიუმზე, აგრეთვე ინტერნეტში, იქნება ეს ჰელოუინი თუ სხვა კოსტიუმირებული საღამო.

(c) The Fifth Element

მიუხედავად იმისა, რომ კოსტუმების დიზაინერისა და მაღალი მოდის ბრენდების დიზაინერის საქმე იდენტური არ არის, რადგან ერთი სამოსს ადამიანის ფანტაზიით შექმნილი სამყაროსთვის ქმნის, ხოლო მეორე – რეალური ცხოვრებისთვის, ჟან პოლ გოტიემ იდეალურად გაართვა თავი გამოწვევას და რეჟისორ ლიუკ ბესონთან ერთად, “მეხუთე ელემენტის” სახით, მოდისა და კინოს სინთეზის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კლასიკა შექმნა.