ბოლო რამდენიმე თვეა საერთაშორისო მედიამ ყურადღება 1990-იანების და ადრეული 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსისაკენ მიაპყრო. მიზეზი ბრიტნის მცდელობაა, რომ მამის მეურვეობას დააღწიოს თავი – ამის მოთხოვნით მან ლოს ანჯელესის სასამართლოს რამდენჯერმე მიმართა. უკვე დაახლოებით 13 წელია, მომღერლის ქონებას მამამისი – ჯეიმი სპირსი მართავს. მეურვეობა სასამართლომ მას 2008 წელს გადასცა, მაშინ როცა კევინ ფედერლაინთან განქორწინებამ, პაპარაცებზე თავდასხმამ, თმის გადაპარსვის გახმაურებულმა კადრებმა, შვილებთან მიმართებით არაერთმა სკანდალმა მედიაში დიდი განხილვა გამოიწვია და მომღერლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი ღიად დაიწყო. დროსთან ერთად, ბრიტნი ყველას დაავიწყდა და ის იმ ვარსკვლავების სიაში ჩაიწერა, რომელთა წარმატებული კარიერა დაინგრა და აქტუალობაც დაკარგეს. მაგრამ ეს ყველაფერი 2020 წლამდე იყო – რამდენიმე თვის წინ, განახლებულმა სასამართლო პროცესებმა და შემდგომ უკვე დაანონსებულმა დოკუმენტურმა ფილმმა, სახელწოდებით Framing Britney Spears, ყოფილი პოპ ვარსკვლავისაკენ კვლავ მიაპყრო მედიის და საზოგადოების ყურადღება.
დოკუმენტური ფილმის პრემიერა 5 თებერვალს შედგა. ის The New York Times-ის დამოუკიდებელი დოკუმენტური პროექტია, რომელიც FX-სა და Hulu-სთან თანამშრომლობით არის გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ბრიტნი სპირსისა და მამამისის სამართლებრივ დავაზე ფოკუსირდება, სურათის მთავარი სათქმელი სრულიად სხვა რამეა. ეს არის დოკუმენტური კადრებით და ინტერვიუებით მოყოლილი ამბავი, რომელიც ბრიტნი სპირსს პოპ კულტურის და მედიის მსხვერპლის სახით წარმოაჩენს – ახალგაზრდა ვარსკვლავის, რომლითაც არაერთმა აგენტმა, ხმისჩამწერმა სტუდიამ, პაპარაცმა, ჟურნალმა და მისავე ოჯახმა გამოიმუშავა უამრავი ფული.

ჟურნალ Times-ის კრიტიკოსი ფილმზე საუბრისას წერს, რომ სპირსის პოპულარობა ამერიკაში მაშინ გაიზარდა, როცა ბილ კლინტონის და მისი საყვარლის, მონიკა ლევინსკის სკანადლმა იფეთქა. ამ ორ ერთმანეთთან თითქოს სრულიად იზოლირებულ მოვლენას სინამდვილეში დიდი კავშირი აქვს. რეალურად პრეზიდენტის სკანდალმა პოპ კულტურა, შოუ ბიზნესი სრულად შეცვალა – ქალებისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო სექსისტური და მიზოგინური გახდა. ჩვენ გვახსოვს 1980-იანები და 1990-იანების დასაწყისი – პერიოდი რომელსაც სუპერმოდელების ეპოქად მოვიხსენიებთ. მიუხედავად გარკვეული სტერეოტიპებისა, მედიას მათი სექსუალიზება არ მოუხდენია ისე, როგორც შემდგომი წლების ე.წ. Celebrity Culture-ის მიმართ მოქმედებდა. და სწორედ ამ დროს, ბრიტნი იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვასკვლავი, რომელიც თაობის ხატად იქცა.

სწორედ ამ გავლენის გამო, ტაბლოიდებისათვის ის იდეალურ სამიზნედ იქცა, რომლის პოპულარობა კომერციული მიზნებისათვის საკვები წყარო გახდა. თუ გავიხსენებთ ბრიტნი სპირსის სადებიუტო მუსიკალურ ვიდეოს სახელწოდებით – Baby One More Time, ნათლად დავინახავთ, თუ როგორ წარმოედგინათ პროდიუსერებს და შოუბიზნესის აგენტებს იმდროინდელი ახალგაზრდა ვარსკვლავის სახე – სექსუალური, გამომწვევი და, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, არც ისე ჯანსაღი სურვილების აღმძვრელი. არადა ბრიტნი ამ კლიპის გადაღებისას მხოლოდ 16-17 წლის იყო. ბოლო წლებია ხშირად ისმის მოსაზრება, რომ მსოფლიო პოპ კულტურაში, სხვადასხვა წამყვან ინდუსტრიაში გარკვეული ლიბერალური მოსაზრებების აქტუალიზაცია გადაჭარბებულია, რამაც საბოლოოდ თავისუფლება და სილაღე დააკარგვინა უამრავ შემოქმედებით სფეროს. თუმცა, Framing Britney Spears და ზოგადად ბრიტნის ისტორია, ალბათ, ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისათვის, რომ ვაღიაროთ – ამ თავისუფლებამ მავნებელი პრაქტიკაც დანერგა, 2000-იანების პოპკულტურის ტრავმად იქცა და უამრავ ახალგაზრდა ვარსკვლავს დაუნგრია ცხოვრება.
არ არსებობდა პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, არ არსებობდა ეთიკური ნორმები, რომლებიც თუნდაც პაპარაცებს ინტიმური ადგილების განზრახ გადაღებას აუკრძალავდა. შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება, რომ 2010-იანების ეპოქაში დაიბადა ციფრული მედია, ინსტაგრამი და ცნობილი ადამიანების ცხოვრება საჯარო ამ სივრცეების მეშვეობით ხდება. ამ შემთხვევაში, განსხვავება არის ის, რომ ვარსკვლავები თავადვე აწესებენ საზღვრებს, თავად განსაზღვრავენ თუ საკუთარი ცხოვრების რა ნაწილი აჩვენონ საზოგადოებას და რა – არა. რამდენად ჯანსაღია ეს პროცესები ეს მეორე საკითხია, თუმცა, აქ პირადი არჩევანის თავისუფლება გაცილებით დიდია, ვიდრე იმ მოცემულობაში, როცა პაპარაცი დიდი ჰონორარის მისაღებად ცდილობს მაქსიმალურად დამამცირებელ გარემოებაში გადაიღოს ცნობილი ადამიანი.
რომ დავუბრუნდეთ Framing Britney Spears-ის განხილვას და უშუალოდ მის სიუჟეტს, უნდა აღვნიშნოთ, რომ The New York Times-ის ხელწერა ამ პროექტს ნამდვილად ეტყობა. ეს თანმიმდევრული და ძალიან ეთიკური ნამუშევარია, რომელშიც საკულტო გამოცემისათვის დამახასიათებელ ჟურნალისტური გამოძიების ელემენტებს აღმოაჩენთ. ფილმში წარმოდგენილია ყველა მხარე: ადვოკატები, მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ბრიტნის ადრეულ კარიერასთან დაკავშირებული სხვადასხვა პირი. Framing Britney Spears არც ჯასტინ თიმბერლეიქის პერსონას ტოვებს უყურადღებოდ, რომელმაც დაშორების შემდეგ გამოუშვა მუსკალური ვიდეო – Cry Me A River. ვიდეოს საშუალებით, თიმბერლეიქმა ბრიტნი მოღალატე, მორალური ღირებულებებისაგან დაცლილ პერსონად წარმოაჩინა. მართალია ამ კლიპში ბრიტნი სპირსზე ირიბი მინიშნება იყო, თუმცა საკმაოდ ხაზგასმით. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ თიმბერლეიქმა ყოფილ შეყვარებულს ბოდიში მოუხადა. თუმცა, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის მას, როგორც ჩანს, 20 წელზე მეტი დასჭირდა და საბოლოოდ კი მაინც twitter-ის ჰეშთეგები დაეხმარა, რომელიც ბრიტნისათვის ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებდა.

Framing Britney Spears არაერთმა ავტირიტეტულმა გამოცემამ უკვე დაასახელა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დოკუმენტურ ფილმად. რაც მთავარია, ეს არის ნამუშევარი რომელიც ყვება იმ მძიმე ისტორიას, რომლის მოყოლის უფლება სპირსს თითქოს წაართვეს. Framing Britney Spears კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქცევდა მედია ადამიანების პირად ტრაგედიას რეალითი შოუდ და როგორ კვებავდა მსოფლიოს არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობას. ფილმის გამოშვებას უკვე რეალური შედეგებიც მოჰყვა – თუ 2020 წელს, სასამართლომ ბრიტნის მამის მეურვეობისაგან განთავისუფლების განხილვაზე უარი უთხრა, ფილმის პრემიერის შემდეგ, ლოს ანჯელესის სასამართლომ ის კვლავ მიიღო განსახილველად. ამას გარდა, ბრიტნი სპირსს უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი უჭერს ღიად მხარს, საზოგადოებრივი მხარდაჭერა კი, ხშირად განსაზღვრავს მსგავსი ტიპის საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებას. Framing Britney Spears-ის მიმოხილვისას ჩნდება კითხვაც – ხომ არ შექმნის ეს ფილმი იმ მომენტს, რომელმაც შესაძლოა ყვითელი პრესის, საერთაშორისო მედიის მიდგომა ცნობილ ადამიანებთან მიმართებით მომავალში კიდევ უფრო რადიკალურად შეცვალოს.