დანიელ გებჰარტ დე კოეკოეკი ვენაში დაფუძნებული ფოტოგრაფია, რომელიც ცნობილია ცხოველების გამოყენებით შექმნილი კადრებით. მასთან თანამშრომლობით, ჟურნალმა VOGUE-მა წარადგინა პროექტი DOGUE, რომელიც რამდენიმე ფოტოსერიისგან შედგება. ერთ-ერთ სერიაში ძაღლებმა ცნობილი მოდის სახლების – Gucci-ს, Loewe-ს, Coach-ის და სხვა ბრენდების კოლექციებიდან მოირგეს სათვალეები. ფოტოსერიის თემატიკაა Dog Day Afternoon – სხვადასხვა სიტუაციაში მთავარი მოქმედი გმირები სწორედ ძაღლები არიან.

გებჰარტ დე კოეკოეკმა კასტინგის პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო, ძაღლები აგრესიულები არ ყოფილიყვნენ. ფოტოგრაფის თქმით, ფოტოპროექტის მთავარი გმირების საკვებით გამასპინძლება იყო ის ძირითადი საშუალება, რამაც მშვიდ გარემოში გადაღების შესაძლებლობა მისცა.
VOGUE-ის კითხვაზე, იყო თუ არა ძაღლი, რომელმაც ობიექტივის წინ ნამდვილი სუპერმოდელური მონაცემები აჩვენა, გებჰარტ დე კოეკოეკი ამბობს, რომ რომელიმეს გამოყოფა უჭირს, რადგან „ყველა ძაღლმა შესანიშნავად იმუშავა.“




