მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაღალი მოდის ლეგენდარული დიზაინერი, ჯონ გალიანო მასმარკეტის ცნობილი ესპანური ბრენდისთვის, Zara-სთვის შექმნის კოლექციებს, ინტერნეტში ლაპარაკი არ წყდება. რეაქციები მრავალფეროვანია, თუმცა ხმაურისა და სუბიექტური შეფასებების მიღმა, ჩნდება კითხვა – რას გვიჩვენებს რეალური მონაცემები? სწორედ აქ ერთვება თანამედროვე ტექნოლოგიების როლი, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, შევაფასოთ საზოგადოებრივი აზრი.

Hapttic-თან თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რეალურად რას ფიქრობს ხალხი Zara-ს და ჯონ გალიანოს თანამშრომლობაზე. Hapttic აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო “Global Business Award 2025”-ის მფლობელი Software კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ციფრულ არხებზე დაგენერირებული მონაცემების ანალიზს აკეთებს და ეხმარება კომპანიებს მარკეტინგული კვლევის, აუდიტორიის დამოკიდებულების, შეფასებებისა და ინტერაქციების ანალიზში.

Zara x John Galliano კოლაბორაციის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სიახლის გავრცელებიდან 72 საათში,  თანამშრომლობის შესახებ, ინტერნეტში 1.8 მილიონამდე გამოხმაურება დაფიქსირდა, რაც თანამედროვე მოდის სტანდარტებით, მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

რომელია დისკუსიის ძირითადი პლატფორმები?

ყველაზე ხშირად, კოლაბორაციის შესახებ, TikTok-სა და Instagram-ზე საუბრობდნენ. სრული გამოხმაურების 28-35% TikTok-ის ვიდეო პლატფორმაზე ფიქსირდება, 20-28% – Instagram-ზე, 15-22% – X (Twitter-ზე), ხოლო დანარჩენი პროცენტები ნაწილდება ტრადიციულ მედია გვერდებზე, Youtube-ზე, Reddit-ზე, Facebook-სა და ფორუმებზე.  როდესაც საერთო გამოხმაურების 60% ისეთ პლატფორმებზე ფიქსირდება, როგორებიცაა TikTok და Instagram, ეს მიუთითებს მომხმარებლის მხრიდან ვიზუალურ და ესთეტიკურ ჩართულობაზე. მაგალითად, TikTok-ზე ვირუსული გახდა ე.წ. “outfit breakdown” ვიდეოები, სადაც კრეატორები საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგენდნენ, თუ როგორი შეიძლება იყოს გალიანოს მიერ შექმნილი Zara-ს კოლექციები.

John Galliano x Zara

რომელია დისკუსიის ძირითადი თემები და საკითხები?

მოდის ტიპური კოლაბორაციებისგან განსხვავებით,  Zara x John Galliano -ს შესახებ, ინტერნეტში დიალოგები იდეოლოგიური, კულტურული და პოლარიზებულია. დიალოგის 40-45% ჯონ გალიანოს შემოქმედებით იდენტობასა და ზარას მასმარკეტის მოდელს შორის შეუთავსებლობაზეა: “გალიანო ნამდვილი კუტიურიეა, ზარა კი, სწრაფი მოდის გიგანტი, რომელიც სხვა დიზაინერების კოლექციების ანალოგებს ქმნის, ეს ორი ცალსახად შეუთავსებლად ჟღერს, მაგრამ მაინც საინტერესოა.” სწორედ ეს არის დისკუსიის ძირითადი ნარატივი. 15-20% ხაზს უსვამს ხელმისაწვდომობასა და მოდის დემოკრატიზაციის შესაძლებლობას, “ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ შეეძლოთ შეეძინათ გალიანოს კოლექციები, ახლა შეძლებენ,”  ხოლო 10-15% ორიენტირდება ეთიკურობასა და მდგრადობაზე: “ეს კოლაბორაცია წინააღმდეგობაში მოდის მდგრადი განვითარების პრინციპებთან, ძირს უთხრის ლუქს მოდის რეპუტაციას და იდენტობას.”

როგორი განწყობები ჭარბობს? 

Zara x John Galliano სიახლემ, მოდის ენთუზიასტებში, შერეული განწყობები გამოიწვია, “კონცეპტუალურად არასწორია, მაგრამ ვიზუალურად ამაღელვებელია,” ნარატივი განაპირობებს კომენტარებისა და გამოხმაურების მნიშვნელოვან ნაწილს. ჯენ ზი / ტიკტოკის აუდიტორიამ სიახლე პოზიტიურად მიიღო, მონაცემები გვაჩვენებს, რომ მათ მოდის პოლიტიკა და მასმარკეტსა თუ ლუქს მოდას შორის არსებული დაპირისპირება არ აინტერესებთ, მთავარია ტანისამოსი კარგად გამოიყურებოდეს. მოდის ინდუსტრიის პროფესიონალებში (ე.წ. ინსაიდერებში) განწყობები უფრო ნეგატიურისკენ იხრება.

John Galliano x Zara

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიციული მოდის მედია და ე.წ. ავტორიტეტები წინააღმდეგობაში მოდიან TikTok -ის აუდიტორიასთან, თუმცა ამასთან ერთად, სწორედ TikTok -ის აუდიტორია შეადგენს მთლიანი გამოხმაურების ყველაზე დიდ ნაწილს. საერთო ჯამში, სიახლემ 45-55% დადებითად განაწყო, 20-25% ნეიტრალურად, ხოლო 25-30% ნეგატიურად. აქაც აღსანიშნავია ის, რომ სხვა ტიპური კოლაბორაციებისგან განსხვავებით, ნეგატიური განწყობა ვლინდება ინტელექტუალურ კამათში და არა აგრესიულ რიტორიკაში.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ პროდუქტის გამოშვება არ არის, ეს ერთგვარი კულტურული და იდეოლოგიური ტესტია, საქმე ღირებულების ხელახლა განსაზღვრას ეხება და არა მხოლოდ მოდას და ტანსაცმელს. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ინტერნეტში გამოხმაურებას.