სტრატეგია გულისხმობს იმ კონტენტ კრეატორებისთვის თანხის გადახდას, რომლებიც Facebook-ის და Instagram-ის ახალ ფუნქციებს/პროგრამებს გამოიყენებენ. დასაწყისისთვის, ახალი პროგრამების გამოყენებას მხოლოდ მიწვეული კრეატორები შეძლებენ – ისინი, ვინც განსაკუთრებით საინტერესო კონტენტს ქმნიან, ან/და ჰყავთ ბევრი გამომწერი.
“ჩვენი სურვილია საუკეთესო პლატფორმები შევქმნათ, რათა კრეატორებმა შეძლონ თანხის გამომუშავება. 2022 წლისთვის, ვაკეთებთ ახალ პროგრამებს, Facebook-ის და Instagram-ის კონტენტ კრეატორებისთვის, მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციით. კრეატორებში ინვესტიციების განხორციელება ჩვენთვის სიახლე არ არის, თუმცა ამაღელვებელია, რომ ამ საქმეს კიდევ უფრო ვაფართოვებთ,” – განაცხადა Facebook-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა.
გარდა ამისა, დაემატება და განახლდება ბონუსების სისტემა IGTV-ის და Reels-ის სარეკლამო კონტენტის წასახალისებლად.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Facebook-მა რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია განახორციელა პოპულარულ ტიკტოკერებში, რათა მათ Instagram-ისთვის შეექმნათ ვიდეო კონტენტი. დეკემბერში, კომპანიამ Black Gaming Creator პროგრამაც დააანონსა. პროგრამა მიზნად ისახავს პოპულარული გეიმერების მიზიდვას და წახალისებას Facebook-ის თამაშების პლატფორმის კიდევ უფრო გასაზრდელად.
მსოფლიოს გავლენიანი პრესა ცუკერბერგის და Facebook-ის ინიციატივას ტიკტოკის განსაცვიფრებელ ზრდასაც უკავშირებს. ვიდეო კონტენტზე ორიენტირებულმა ჩინურმა აპლიკაციამ კონტენტ კრეატორების ფონდი 200 მილიონი დოლარის ინვესტიციით დაიწყო, თუმცა – მალევე გაზარდა მილიარდ დოლარამდე. როგორც ციფრული პლატფორმების და ტექნოლოგიების ექსპერტები ვარაუდობენ, უახლოეს მომავალში, კონკურენცია კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.