სტრიმინგ სერვისებმა და წამყვანმა სატელევიზიო არხებმა უკვე დაამტკიცეს, რომ შესაძლოა სერიალიც ისევე გამოირჩეოდეს მხატვრული ღირებულებებით, როგორც კარგი ფილმი. თუ მე-20 საუკუნეში სერიალები საპნის ოპერებთან და დაბალი ხარისხის სატელევიზიო პროდუქტთან ასოცირდებოდა, 21-ე საუკუნეში ეს რეალობა შეიცვალა. 90-იანების მიწურულს და 2000-იანების დასაწყისში, როდესაც  სტრიმინგ სერვისები ჯერ კიდევ არ არსებობდა, სხვადასხვა ამერიკულმა და ბრიტანულმა ტელეარხმა მაღალი ხარისხობრივი სტანდარტის  სერიალების წარმოება დაიწყო. გაჩნდა The Sopranos, The Wire, Lost, The Office, Friends და არაერთი ისეთი პროექტი, რომლებმაც სცენარით, რეჟისურითა და სამსახიობო შემადგენლობით, გამორჩეული სატელევიზიო პროდუქტი დიდ აუდიტორიამდე მიიტანა და პოპულარობაც მოიპოვა. ამ სერიალების შემქმნელებმა შეძლეს და დააკმაყოფილეს სატელევიზიო შოუებისათვის აუცილებელი სტანდარტები, თუმცა ეს არ მომხდარა გემოვნებისა და ხარისხის კომპრომისის ფასად. 

2010-იანი წლების მეორე ნახევარი და 2020-იანი წლები შეგვიძლია სატელევიზიო ინდუსტრიის დომინირების პერიოდად მოვიხსენიოთ. თანამედროვე სერიალები პოპ კულტურის ნაწილად იქცა და ტრენდების უპირველეს განმსაზღვრელად პოზიციონირდა. ყოველდღიურად ახალი სერიალი ანონსდება, ჰოლივუდის უფრო და უფრო მეტი რეჟისორი და მსახიობი იწყებს სტრიმინგ სერვისებთან თანამშრომლობას. სერიალების რეჟისორებად და პროდიუსერებად  გვევლინებიან ისეთი სახეები, როგორებიც არიან: გილიერმო დელ ტორო, ტიმ ბარტონი, სტივენ სპილბერგი და სხვა არაერთი სახელგანთქმული ვარსკვლავი. 

თუმცა, მაინც, მიუხედავად თამასის ასეთი აწევისა, სატელევიზიო შოუების მიმართ კრიტიკოსებიც და მაყურებლის აუდიტორიაც მეტად  შემწყნარებელია. როგორც მაყურებელი, შესაძლოა, დახვეწილი კინემატოგრაფიული გემოვნებით გამოირჩეოდე და ამ დროს, Netflix-ის პირად სიაში დაარქივებული გქონდეს ისეთი სერიალები, როგორებიც არის Gossip Girl და Sex and The City. მართალია ამ სერიალებმა თავის ჟანრში სატელევიზიო შოუების ისტორია შექმნეს, თუმცა ეს პროექტები მაინც არ მოიაზრება ყველა დროის საუკეთესო სერიალების სიაში. მიზეზი მეტწილად აბსურდული სიუჟეტი და კლიშეებია. კლიშეები ვახსენეთ და აქვე ვიტყვით, რომ მიუხედავად გრძელი შესავლისა, ეს სტატია არ არის სერიალების ინდუსტრიის შესახებ – ეს სტატია თანამედროვე სერიალების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ, თუმცა ამავდროულად, კომერციულად საკმაოდ წარმატებულ პროექტს  –  Emily In Paris-ს ეხება. 

2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო და სახლში ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩავიკეტეთ, ალბათ, თითოეული ჩვენგანის სურვილი გაურკვეველი და სტრესული ყოველდღიურობისაგან გაქცევა იყო. სწორედ ამ დროს, ნეტფლიქსზე გამოჩნდა Emily In Paris – სერიალი, რომლის მსუბუქმა სიუჟეტმა სატელევიზიო შოუების მოყვარულები საათობით მიაჯაჭვა ეკრანებს.  Emily In Paris ის სერიალია, რომლის ათი ეპიზოდისაგან შემდგარ მთელ სეზონს ერთი ამოსუნთქვით ნახავ. ერთი შეხედვით ეს სერიალისათვის, როგორც კომერციული პროექტისათვის კარგია, თუმცა ამ შემთხვევაში რეალურად ყველაფერი არც ისე იდეალურადაა, როგორც ზედაპირზე ჩანს. Emily In Paris იმდენად ცარიელია და არ ტოვებს ემოციას, ან რაიმეზე დაფიქრების სურვილს, რომ მის ყურებაში დრო შეუმჩნევლად გადის. თინეიჯერულ ფილმებსა და სერიალებზე გაზრდილი მილენიალები კლიშეებს დიდი ხანია მივეჩვიეთ, მაგრამ Emily In Paris იმაზე მეტია, ვიდრე კლიშეებით სავსე შოუ. 

დავიწყოთ იმით, რომ ის სრულიად არასწორ წარმოდგენას ქმნის ევროპულ და, კონკრეტულად, ფრანგულ კულტურაზე, პარიზის ცხოვრების წესზე. სერიალთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ შემდგარ ადამიანად გვიხატავს პერსონაჟს, რომელიც სწორი ღირებულებების მატარებელ, რაციონალურ საზოგადოებაში ვერანაირი საზომით ვერ იქნებოდა წარმატებული. სინამდვილეში, მთავარი გმირი –  ემილი კუპერი ყალბი და ეგოისტი ადამიანია, რომელსაც  ემოციური ინტელექტი არ გააჩნია. მისი წარმატება მთლიანად აგებულია საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების არც ისე სამართლიან გზებზე. ამას კი ემატება მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის არაჯანსაღი სურვილი. 

Emily In Paris იმ ხარისხის სერიალია, რომელსაც დიდი განხილვა არც სჭირდება, მიზეზი მარტივია – სიღრმისეულად განსახილველიც არაფერია. თუმცა, ზემოხსენებული მოსაზრების დასამტკიცებლად, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც ცხადყოფს, რომ Emily In Paris ერთი დიდი გაუგებრობაა, ხოლო ემილი კუპერი სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი პერსონაჟია. აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონებს აღარ გავიხსენებთ და მხოლოდ უახლესი – მესამე სეზონის ეპიზოდების მიხედვით დავასახელებთ რამდენიმე შემთხვევას. 

სანამ სტატიის ამ ნაწილის კითხვას დაიწყებთ, გაგაფრთხილებთ, რომ ის სავსეა სპოილერებით. 

McDonald’s-ის ეპიზოდი – რეკლამა, რომელიც მომხმარებელს ატყუებს.

მიუხედავად ხარისხობრივი ნაკლოვანებებისა, უნდა ითქვას, რომ  Emily In Paris კომერციულად გაყიდვადი სერიალია და პროდიუსერებმაც სრულად აითვისეს ეს შესაძლებლობები, რაც კარგად შესრულებულ საქმედაც შეგვიძლია ჩავუთვალოთ. თუმცა თანამედროვე მარკეტინგის დაუწერელი კანონები გვეუბნება, რომ მომხმარებელს არასწორი ფაქტები რეალობის სტატუსით არ უნდა მივაწოდოთ. თუ როგორ შეიძლება სამომხმარებლო ეთიკური ნორმების უგულებელყოფა, ამის კარგი მაგალითი McDonald’s-ის ეპიზოდია. სერიალში პარიზული „მაკდონალდსი“ სრულიად განსხვავებული კონცეფციის, მაღალი კლასის სივრცედ მოგეჩვენებათ. თუ პარიზის McDonald’s-ში  არ ყოფილხართ, ალბათ იმასაც კი იფიქრებთ, რომ  პარიზი ნამდვილად ზღაპრული ქალაქია, მოდისა და სტილის მეგაპოლისი, სადაც სწრაფი კვების ეს ობიექტიც კი თანამედროვე ცხოვრების სტილის ნაწილია. რეალურად კი, პარიზის „მაკდონალდსი“ ყველაზე მოუწესრიგებელი კვების ობიექტია, სადაც ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიასთან ერთად, ბევრი ხალხი, გადაჭედილი დარბაზები, ხმაური და არც ისე გემრიელი მენიუ დაგხვდებათ. სინამდვილეში ეს ის ადგილია, სადაც ტურისტები თავისი მოგზაურობის ბოლო დღეს შედიან, რათა უკანასკნელი ევროებით დანაყრდნენ.  ამ ადგილს ნამდვილად არაფერი აკავშირებს გლამურულ გამოცდილებასთან, როგორც ამას Emily In Paris -ის ეპიზოდი აღწერს. 

არაკოლეგიალურობა და პროფესიული უტაქტობა, როგორც მთავარი გმირის ერთ-ერთი გამოკვეთილი თვისება.

სერიალის მსვლელობისას, განსაკუთრებით კი მესამე სეზონის ეპიზოდებში, მრავლად არის ისეთი სცენა,რომელშიც ერთი შეხედვით შრომისმოყვარე და კრეატიული იდეებით სავსე, ენთუზიასტი ემილი კუპერის მიღმა ამბიციური და საკუთარი უპირატესობის მუდმივი დამტკიცებით დაკავებული ადამიანი შეგვიძლია დავინახოთ. ყოველთვის, როცა სამსახურში, ან ნებისმიერ საქმიან ურთიერთობაში სხვა არის ყურადღების ცენტრში, ემილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისტორიის მთავარი გმირის ამპლუაში ის აღმოჩნდეს. ადამიანებთან ფამილიარული ურთიერთობით, კუპერი ხშირად ცდილობს, უშუალო დამოკიდებულება მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ემილი ყოველთვის ისე იჭერს თავს, თითქოს მოვლენებს ის არ აკონტროლებს და ყველაფერი მისდაუნებურად ხდება. სინამდვილეში კი, ყურადღების ცენტრში ყოფნის არაჯანსაღი მოთხოვნილებით, კუპერი აკეთებს ყველაფერს, რომ ყველა მოვლენა მის ირგვლივ ტრიალებდეს. ემილის ამ თვისების კარგ შეფასებად შეგვიძლია ჩავთვალოთ მისივე მეგობრის, მინდის რეპლიკა, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში მიანიშნებს, რომ ყველაფერი მის ირგვლივ არ ბრუნავს. ემილი კუპერს ნამდვილ უარყოფით პერსონაჟად ვხედავთ ეპიზოდში, როცა სარეკლამო სააგენტოში კამპანიის კონცეფციის პრეზენტაციისას, ის თავის კოლეგას საუბარს აწყვეტინებს და დემონსტრაციულად აგრძნობინებს დამკვეთს, რომ მას უკეთესი იდეები აქვს. ამ ეპიზოდიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ემილი კუპერი გუნდური მოთამაშე არ არის, საქმიან ურთიერთობებში თანამშრომლებს კონკურენტებად აღიქვამს და მათი ჩამოშორების სტრატეგიით მოქმედებს.

ურთიერთობა მეგობრებთან და შეყვარებულთან, რაც გვაფიქრებინებს, რომ ემილი კუპერი ანგარებიანი და არაგულწრფელი ადამიანია.

ემილი კუპერი ანგარებიან ბუნებას ავლენს ყველა დეტალში, მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობისას. მესამე სეზონში ის მინდის იყენებს იმისათვის, რომ მოდის კონგლომერატის აღმასრულებელ დირექტორს, ნიკოლას დაუახლოვდეს. სწორედ ნიკოლასთან ურთიერთობისას, ემილი არ ითვალისწინებს მინდის ინტერესებს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია თავისი საუკეთესო მეგობრის ურთიერთობას ზიანი მიაყენოს. ემილი კუპერი ცუდ მეგობართან ერთად, ცუდი შეყვარებულიც არის. ის ალფისათვის ჯერ წვეულებას აწყობს და შემდეგ კარიერულ ინტერესებს აყენებს წინ, არ მიდის კომპრომისზე და თავისსავე იდეით გამართულ  საღამოზე მეგობარ ბიჭს მიწვეულ სტუმრებთან ერთად მარტო ტოვებს. ემილი ადამიანების გულის მოგებასაც საკუთარი კონტაქტებით და გავლენებით ცდილობს. ემილის არ შეუძლია ახლობელ ადამიანებს დაეხმაროს ისე, რომ ამის შესახებ დემონსტრაციულად არ განაცხადოს. სერიალის მსვლელობისას ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამგვარი მიდგომით, ნიუ იორკიდან უცხო ქალაქში ჩასული კუპერი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას იმით ცდილობს, რომ გარშემომყოფებმა მასთან თავი ვალდებულად იგრძნონ.  ყველაფრის გათვალისწინებით, რთულია გამიჯნო სად არის ემილი კუპერის რეალური ურთიერთობები და სად – სოციალური სტატუსის მოპოვებისათვის ბრძოლა. 

ალტერნატიულ რეალობაში Emily In Paris შესაძლოა ინოვაციური ფორმატის სერიალადაც მიგვეჩნია, თუ დავუშვებდით, Რომ ეს არის სერიალი, რომლის კონცეფციაც მთავარ როლში უარყოფითი გმირის წარმოჩენა იყო. თუმცა ამ ნაწილშიც კი, ემილი კუპერის მხატვრული სახე საკმაოდ მწირია.