მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი მოდის ბიზნესზეც შესამჩნევ კვალს ტოვებს. ძვირფასი ტანისამოსის, აქსესუარებისა და ტყავის ნაწარმის ბრენდების ახალი ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ მაღალი მოდის უდიდესი კონგლომერატების შემოსავალი კლებას განაგრძობს.

2024 წლის მესამე კვარტალში, ლუი ვიტონის, სეფორას და დიორის მფლობელი კომპანიის, LVMH-ის შემოსავალმა 5%-ით იკლო. ფრანგული კონგლომერატისთვის, რომელიც ჯამში, 75 ბრენდს ფლობს, ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩინეთია, სადაც ინფლაციის შედეგად, ლუქს მოდის მიმართ მოთხოვნამ შესამჩნევად იკლო. ხაზგასასმელია, რომ მოთხოვნისა და შესაბამისად, გაყიდვების შემცირება, მეტწილად, ტყავის ნაწარმში შეიმჩნევა, რაც ხშირ შემთხვევაში, მოდის ძვირადღირებული კონგლომერატების ბიზნესის მთავარი საყრდენი სეგმენტია.

GUCCI გაზაფხული/ზაფხული 2025

WWD -ის სტატიიდან ასევე ვიგებთ, რომ მიუხედავად კლებისა, LVMH-ში გეგმავენ, რომ ჩინეთის ბაზარზე ინვესტირება განაგრძონ, იმ იმედით, რომ 2025 წელს, ჩინეთის მარკეტი დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს. 

გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 16%-იანი კლება დაფიქსირდა გუჩის, სენ ლორანის, ბოტეგა ვენეტას და ბალენსიაგას მფლობელ კომპანიაში. Kering-ის ფინანსური ანგარიშებიდან ცნობილი ხდება, რომ კონგლომერატის უდიდესი ბრენდის, გუჩის რებრენდინგი წარმატებით არ მიმდინარეობს, რამდენადაც იტალიური მოდის სახლის შემოსავალმა 25%-ით იკლო, ეს კი, იმაზე ცუდი შედეგია, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ.

12%-იანი კლებაა სენ ლორანშიც, 15% კლება – ე.წ. “სხვა მოდის სახლების” სეგმენტში, რომელიც აერთიანებს: ბალენსიაგას, მაკქუინსა და ბრიონის. ეკონომიკური კრიზისის ფონზე, Kering-ის ბრენდებში ერთადერთი მოდის სახლი, რომელიც კლების ნაცვლად იზრდება, არის ბოტეგა ვენეტა. იტალიურ ბრენდში 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.