იტალიური ბრენდის Dolce & Gabbana-სა და ინსტაგრამ-სენსაციის, Diet Prada-ს შორის დაძაბულობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დოლჩე & გაბანამ Diet Prada-ს შემქმნელებს მილანის სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივლა. მოგვიანებით, საპასუხო სარჩელი შეიტანა Diet Prada-მაც და აღნიშნა, რომ ისინი სარგებლობენ პრესისა და სიტყვის თავისუფლებით. აღმოჩნდა, რომ სასამართლო პროცესები 2019 წლიდან, უკვე თითქმის 2 წელია მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი ხანი არ დასრულდება.
მხარეებს შორის კონფლიქტი #DGLovesChina-ს კამპანიის დროს, 2018 წელს დაიწყო, როდესაც აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ ფოტოზე მოდელი იტალიურ პასტას ჩინური ჩხირებით მიირთმევდა. Diet Prada არ ყოფილა ერთადერთი ინსტაგრამ გვერდი თუ გამოცემა, რომელმაც ბრენდის ამ “ცუდ” გადაწყვეტილებას რასისტული უწოდა. თუმცა, სწორედ Diet Prada-ს პოსტებს მოჰყვა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება. შესაძლოა ითქვას, რომ გვერდმა, რეპუტაცია და ცნობადობა D&G-სთან კონფლიქტის შემდეგ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ Diet Prada-ს მისია ბრენდების, ცნობილი ადამიანებისა თუ კომპანიების არასწორ გადაწყვეტილებების, რასისტულ ქცევებისა თუ არაპოლიტკორექტული კომენტარების გასაჯაროვებაა.
D&G კლიენტების დაკარგვისა და რეპუტაციის შელახვისთვის 3 მილიონ ევროს ითხოვს, ასევე 1 მილიონ ევროს ითხოვს ცალკე სტეფანო გაბანა, როგორც კერძო პირი. წინა კვირას Diet Prada-მ შექმნა GoFundMe-ს ანგარიში, სადაც მათ სთხოვეს გამომწერებს შეეგროვებინათ 26 ათასი დოლარი საადვოკატო ხარჯებისთვის, ამ დროისთვის მათ თითქმის 20 ათასი დოლარი უკვე შეგროვებული აქვთ.