დაარსებიდან დღემდე, Mercedes-Benz Fashion Week TBILISI იქცა იმ პლატფორმად, რომელმაც თბილისის თანამედროვე ცხოვრების სტილის, ხელოვნებისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ახალი თაობისაკენ მსოფლიო მედიის ყურადღების მიპყრობა შეძლო. 4 მაისს MBFW Tbilisi სამწლიანი პაუზის შემდეგ ფიზიკური ფორმატით დაბრუნდა და Tbilisi Factory -ის სივრცეში არამხოლოდ ქართული მოდის ინდუსტრიის პროფესიონალები, არამედ გავლენიანი მსოფლიო პრესის წარმომადგენლები გააერთიანა. წლევანდელ სეზონზე არაერთი ჩვენება ვნახეთ, თუმცა, კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი Drag Ball იყო – დრეგ შოუ, რომელიც ქართული ქვიარ თემის კიდევ ერთ განაცხადად იქცა.
კვირეულის დასრულების შემდეგ Drag Ball-ს ცნობილი ბრიტანული ჟურნალი DAZED გამოეხმაურა და ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში ავტორი მკითხველს თბილისის Drag Ball-ის ისტორიას აცნობს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იქცა დახურული სივრცეებში თემისათვის მოწყობილი წვეულებები დიდ და მასშტაბურ შოუდ, რომელიც ქვიარ მოძრაობის სახედ და ხმად იქცა.

„ბარების უკანა ოთახებსა და ავტოფარეხებში მოწყობილი დრეგ შოუები თბილისის სენსაციად იქცა და ყოველთვიურ შოუზე დასასწრები ათასობით ბილეთი წუთებში იყიდება“ – ვკითხულობთ DAZED-ის სტატიაში.
გამოცემამ მკითხველს თბილისის Drag Ball-დან ექსკლუზიური ფოტომასალაც შესთავაზა, რომელიც ქართველი ფოტოგრაფის – დათო ქორიძის გადაღებულია.
დაათვალიერეთ ფოტოები, სრული სტატია კი წაიკითხეთ ამ ბმულზე.









