თანამედროვე ეპოქაში სტრიმინგ სერვისები, სერიალები და სატელევიზიო შოუები პოპ კულტურის ნაწილად იქცა და უამრავი მიმართულებით შეიძინა გავლენა. სერიალების ინდუსტრია ერთგვარი მარკეტინგული პლატფორმაც გახდა, რომელმაც არაერთი ტრენდი განსაზღვრა და მის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

ყველა სეზონს თავისი რჩეული სერიალი ჰყავს. 2022 წლის მიწურულს და 2023 წლის დასაწყისში, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შოუ The White Lotus იყო. ამ სერიალმა საკმაოდ სერიოზული ცხოვრებისეული საკითხები ალეგორიული ფორმით აღწერა. შეიძლება ითქვას, მან თავისი ინდივიდუალური სტილით, თანამედროვე სატელევიზიო ინდუსტრიაში ახალი სიტყვა თქვა და სატირული ჟანრის თავისებური მიმართულება შექმნა. გარდა სიუჟეტისა და სამსახიობო შემადგენლობისა, სერიალის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ ნიშად პეიზაჟები და გარემო იქცა.

სერიალის სეზონების მიხედვით იცვლებიან გმირები და იცვლება ისტორიები, თუმცა მუდმივი რჩება ერთი დეტალი – სასტუმროს ბრენდი – The White Lotus. შეიძლება ითქვას, რომ სერიალის მთავარი გმირი სწორედ სასტუმროა, რომელიც პერსონაჟებისათვის საბედისწერო ადგილი ხდება.

HBO-ს ამ სერიალის მოყვარულთა უმეტესობისათვის სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს ის, რომ The White Lotus რეალურად არსებულ სასტუმროებშია გადაღებული. პირველი სეზონისათვის Four Season-ის სასტუმროების ქსელის ერთ-ერთი სივრცე შეირჩა, რომელიც ჰავაიში მდებარეობს. მეორე სეზონში, სერიალის ახალი და რამდენიმე ძველი გმირის თავგადასავალი იტალიაში ვითარდება. ამ ეპიზოდებისათვის კი, სიცილიურ ქალაქ ტაორმანიაში(Taormina) მდებარე ელიტარული სასტუმრო – San Domenico Palace შეირჩა, რომელიც ძველ, ისტორიულ ნაგებობაშია განთავსებული. ამ სასტუმროს მაღალი კლასის დამსვენებლები არც სერიალის პრემიერამდე აკლდა, თუმცა შოუს გამოსვლის შემდეგ, ერთგვარ ტურისტულ ჰიტად იქცა.

San Domenico Palace მე-14 საუკუნით თარიღდება და მრავალი ათწლეულია სიცილიაში ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული დასასვენებელი სივრცეა. San Domenico Palace ცნობილია არა მხოლოდ თავისი ინტერიერითა და მომსახურების ხარისხით, არამედ პანორამული ხედით, რასაც ნაგებობის უნიკალური მდებარეობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ San Domenico Palace-ში სხვადასხვა დროს ისვენებდა უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორის იყვნენ: ოსკარ უაილდი, ოდრი ჰეპბერნი, ელისაბედ ტეილორი, სოფი ლორენი და ასე შემდეგ.

The White Lotus-ის მეორე სეზონის გადაღებებისათვის, სერიალის პროდიუსერებმა და ლოკაციის მენეჯერებმა იტალიის 70-მდე სასტუმრო მოინახულეს. გადაღებების დროს, სამსახიობო ჯგუფი ამავე დაწესებულებაში რჩებოდა. როგორც San Domenico Palace-ის მენეჯერი აღნიშნავს, მსახიობები თითქმის სამი თვის განმავლობაში, უწყვეტად ცხოვრობდნენ სასტუმროში.

San Domenico Palace 111 ოთახისაგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობის რენოვაცია გარკვეული პერიოდულობით ტარდება, მოდერნისტულ ესთეტიკასთან ერთად, სასტუმროში ძველი ავთენტური ინტერიერი დომინირებს და დეკორის შემადგენელი უამრავი დეტალი ანტიკვარულია.

San Domenico Palace თანამედროვე სიცილიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა. აქტიურ ტურისტულ სეზონზე, ერთადგილიანი ნომრის ფასი 3 000-დან 5 000 ევრომდე მერყეობს.

დაათვალიერეთ The White Lotus-ის მეორე სეზონის რეალური სასტუმროს ფოტოები: