დრაგ კულტურის ესთეტიკა, მისი შინაარსობრივი მხარე თანამედროვე მედიისათვის და კინოხელოვნებისათვის მიმზიდველი და საინტერესო თემაა. ერთ-ერთი ბოლო პროექტი კი, განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის, რამდენადაც ნამუშევარი თბილისზე ორიენტირდება.

Comfort Zone – ასე ჰქვია  კინორეჟისორ ჯორდან ბლეიდის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის მთავარი გმირი ქართველი მსახიობი და არტისტი – მეთ შელია. ფილმი თბილისის დრაგ სცენაზე საინტერესო შინაარსობრივი და ვიზუალური ფორმით უყვება მაყურებელს. რამდენიმე დღის წინ, გამოცემა DAZED-მა ფილმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

როგორც სტატიის ავტორი წერს, თბილისი ის ადგილია, სადაც ენერგეტიკით სავსე დრაგ სცენა ღამის კლუბებსა და ბარების ბნელ ოთახებში ყვავის. ამ სივრცეებში LGBTQ+ თემის წარმომადგენლები დრაგ ქვინებად გარდაისახებიან – დგამენ შოუებს, რომლებიც კარგად წარმოაჩენს ახალი ქვიარ თაობის ნიჭსა და არტისტულობას.

ფოტო: Emma Louise Swanson

ფილმის დასაწყისში მთავარი გმირი – მეთ შელი ყვება, თუ როგორ შექმნა თავისი კონცეპტუალური დრაგ ალტერ-ეგო სახელწოდებით – Victoria Slutyna. შელის სიტყვებით, ვიქტორიას პიროვნება არის “განსაკუთრებული ყურადღების მომთხოვნი, ემოციური და ძალიან აგრესიულიც კი”. გმირი ამბობს, რომ დრაგ კულტურა საკუთარი იდენტობის სრულად მიღებაში დაეხმარა, დატოვა ვიქტორიას პიროვნება და ახლა უბრალოდ არის მეთი, რომელიც ატარებს კაბას. ლუქები, რომელშიც მთავარი გმირი ფილმის სხვადასხვა სცენაში გვევლინება დიზაინერ ლევაუ შველიძის  ნამუშევრებია.

ფილმი Comfort Zone, როგორც პროექტი მნიშვნელოვან მესიჯებს ატარებს – ის გვიყვება შელის გამძლეობაზე საზოგადოების პირისპირ – საზოგადოებაზე, რომელიც არ იღებს მის იდენტობას, მის პიროვნებას. მეთ შელის მაგალითით, ფილმის მთავარი გმირის პირადი ისტორიის გავლით, ნამუშევარი თბილისის დრაგ კულტურის რეალობასაც აღწერს.