ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ყველაზე საკამათო დიზაინერმა ფრანგული ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. ბრენდში საკუთარი ერა ედი სლიმანმა თვალსაჩინო და უხეში ნაბიჯით დაიწყო – Céline გახდა Celine. ეს კი, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოდის ინდუსტრია ორ ბანაკად გაყოფილიყო. სელინისთვის შექმნილი კოლექციებით ფრანგმა დიზაინერმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავა, არც იმას აქვს აზრი, რა სახელი ეწერება სამოსის იარლიყზე, რას იტყვიან კრიტიკოსები, ან ე.წ. “ძველ სელინის” გულშემატკივრები, მან ერთხელ უკვე ჩამოიყალიბა საკუთარი ხედვა, ესთეტიკა და მასზე უარს არ იტყვის. ასევე ნათლად დავინახეთ ისიც, რომ მიუხედავად წინააღმდეგობრივი რეაქციებისა, ედის უკომრომისო ხედვას კვლავ ჰყავს უამრავი გულშემატკივარი.
ბრენდი ფრანგული კონგლომერატის LVMH-ის მფლობელობაშია, რომელსაც ახლა უკვე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი – ბერნარ არნო ხელმძღვანელობს. 2018 წელს, როდესაც ედი სლიმანი Celine-ის შემოქმედებით დირექტორად წარადგინეს, LVMH-ის ოფიციალური პირები ღიად აღნიშნავდნენ, რომ მიზანი, მომავალ 5 წელში, ბრენდის გაყიდვების გაორმაგება იყო. კრიტიკის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომერციული მიზნები მიღწეულია. კონგლომერატში თავს იკავებენ ზუსტი ციფრების დასახელებისგან, თუმცა როგორც გავლენიანი გამოცემა, Business of Fashion წერს, 2018 წლის შემდეგ, Celine-ის გაყიდვები 2.5-ჯერ გაიზარდა. შედეგს ფენომენალურიც შეგვიძლია ვუწოდოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020-2021 წლებში, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, ლუქს მოდის ბიზნესი საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
ცნობილია, რომ სლიმანის დანიშვნამდე, Celine-ის წლიური შემოსავალი 441.3 მილიონი ევრო იყო. ედის პირველი კოლექციების მაღაზიებში მოხვედრიდან ერთ წელში, ბრენდის გაყიდვების მაჩვენებელი 611 მილიონამდე გაიზარდა. 2020 წელს, პანდემიის პრევენციის მიზნით არაერთი მაღაზია დაიხურა, შედეგად, შემოსავალი კვლაც 400 მილიონიან მაჩვენებელს დაუბრუნდა, 2021 წელს კი, შთამბეჭდავ 728 მილიონ ევროზე ავიდა. როგორც უკვე ითქვა, ბრენდი ზუსტი ციფრების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა პრესის ცნობით, 2022 წელს, Celine უკვე მილიარდიანი ბრენდია, მეტიც მოსალოდნელია, რომ წელს გაყიდვები 2 მილიარდსაც გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ ედი სლიმანი პირველი დიზაინერია, რომელსაც CFDA-ის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მამაკაცის სამოსის შექმნისთვის აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს, ის ხელმძღვანელობდა Dior-ისა და Saint Laurent-ის მოდის სახლებს.