2020 წელს, Netflix-მა არერთხელ მოახერხა საერთაშორისო მედიის ყურადღება მიეპყრო. Emily In Paris, The Queen’s Gambit, Ratched – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათალია, რომლებმაც მაყურებლის ჩართულობის რეკორდები მოხსნა. 2020 წლის მიწურულს, Netflix-ზე კიდევ ერთი ხმაურიანად დაანონსებული სერიალის, Bridgerton-ის პრემიერა შედგა, რომელიც გამოსვლიდან მალევე სატელევიზიო შოუების კიდევ ერთ ჰიტად იქცა.

თუ რომანტიკული დრამების მოყვარული ხართ და მე-19 საუკუნის ესთეტიკაც მოგწონთ, შესაძლოა Bridgerton თქვენს რჩეულ სერიალებს შორის მოხვდეს. გაგაცნობთ ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც Bridgerton-ის შესახებ უნდა იცოდეთ.

ლეგენდარული შონდა რაიმსის პირველი თანამშრომლობა Netflix-თან

სანამ სერიალის სხვა გარემოებებზე ვისაუბრებთ, შევეხებით თვალის მომჭრელ სცენებს, კოსტიუმებს და მნიშვნელოვან დეტალებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი სატელევიზიო შოუების ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი – შონდა რაიმსია. ის არის პროდიუსერი ისეთი პროექტებისა, როგორებიც არის “გრეის ანატომია”, “სკანდალი” და სხვა რეიტინგული სერიალები. 21-ე საუკუნის სამყარო, სოციალური მედიის ეპოქა წარმოუდგენელია სატელევიზიო სერიალების ინდუსტრიის გარეშე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჟურნალმა TIME-მა რაიმსი დაასახელა იმ 100 ადამიანს შორის, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებაში შეიტანა წვლილი. 2017 წელს, Netflix-მა მასთან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა, Bridgerton კი ამ თანამშრომლობის პირველი დასრულებული პროექტია.

სიუჟეტი

სერიალი ჯულია ქვინის ბესტსელერი რომანების სერიის მიხედვით არის გადაღებული. 8-ნაწილიანი რომანი 32 ენაზე ითარგმნა და მისი 10 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა. რაც შეეხება სიუჟეტს, ისტორია 1813 წლის ლონდონში, დიდგვაროვანი ოჯახის ირგვლივ ვითარდება. სკანდალები, ინტრიგები და კომიკური სიტუაციები მაყურებლისათვის საინტერესო სიუჟეტს ქმნის. ალბათ, სწორედ ამის დამსახურებაც არის, რომ მას Netflix-ზე დაახლოებით 63 მილიონმა გამომწერმა უყურა.

პარალელები ურთიერთობის თანამედროვე კულტურასთან

უნდა ითქვას, რომ მიუხედავად განსხვავებული ეპოქისა, სერიალს დიდი კავშირი აქვს თანამედროვეობასთან – განსაკურებით ხშირია პარალელები დღევანდელ რომანტიკულ ურთიერთობებთან. საერთაშორისო გამოცემებმა Bridgerton მე-19 საუკუნის Gossip Girl-საც კი შეადარეს. როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, მაყურებელი აღმოაჩენს, რომ ურთიერთობების თანმდევი პრობლემები ძველ დროში არც ისე დიდად განსხვავდებოდა დღევანდელისაგან. თუ ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები, გაცნობის აპლიკაციები, ორიოდე საუკუნის წინ ადამიანები ერთმანეთს მეჯლისებზე ირჩევდნენ. სტერეოტიპები, ინტიმური კავშირები, რჩეულის მოხიბვლა და წარუმატებელი ურთიერთობებით გამოწვეული იმედგაცრუებაც ისეთივე ყოველდღიურობის ნაწილი იყო – როგორიც ახლა. სერიალის შემქმნელმა ქრის ვან დუსენმა BBC-სთან საუბრისას Bridgerton ასე დაახასიათა: “ეს არის ისტორია, რომელიც გვიჩვენებს რამდენი რამ შეიცვალა 200 წლის განმავლობაში, თუმცა, ადამიანების ურთიერთობები არსებითად იგივე დარჩა”.

რასობრივად მრავალფეროვანი სამსახიობო შემადგენლობა

თუ კი საუბარია სატელევიზიო და სერიალების ინდუსტრიაში მრავალფეროვნებასა და ინკულიურობაზე, ამ მხრივ Bridgerton ყველაზე გაბედული აღმოჩნდა. სერიალში არაერთი აფროამერიკული წარმოშობის მსახიობი ვიხილეთ და რაც ყველაზე მთავარია, მათი პერსონაჟები დიდგვაროვნები არიან. უფრო მეტიც – ბრიტანეთის დედოფლის როლსაც, სწორედ ფერადკანიანი მსახიობი ასრულებს.

ისტორიული ფაქტების საინტერესო ინტერპრეტაცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერიალში ბრიტანეთის დედოფალი შარლოტის როლში მაყურებელმა ფერადკანიანი მსახიობი იხილა. მიუხედავად იმისა, რომ Bridgerton სულაც არ არის ისტორიულ წყაროებზე დაფუძნებული სერიალი და ფიქციურ მოვლენებს გვთავაზობს, დედოფალი შარლოტის შემთხვევაში, საქმე ცოტა განსხვავებულად არის. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, George III-ის ცოლი შარლოტი ნახევრად აფრიკული წარმოშობის იყო. ამ თეორიის მხარდამჭერები არგუმენტად ხშირად მიუთითებენ Sophia Charlotte-ის პორტრეტზე, რომელმაც შესაძლოა მართლაც დაგვაფიქროს მის რასობრივ კუთვნილებაზე.

კოსტიუმების დიზაინი

Bridgerton ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სერიალია. სცენები, რეჟისურა, მხატვრობა და რაც მთავარია კოსტიუმები – ამ ყველაფერმა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. Bridgerton-ის გარდერობი 7,500 კოსტიუმს აერთიანებს, რომელთაგანაც უმეტესობა ხელნაკეთია. 238 ადამიანისაგან შემდგარმა გუნდმა მათ შექმნას 5 თვეზე მეტი მოანდომა. მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ლონდონის მაღალი საზოგადოების სტილის შექმნისათვის, Netflix-მა ბრიტანეთის მოდის საბჭოსთან ითანამშრომლა.