ავტობიოგრაფიული წიგნიდან Naomi Campbell
„შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ბავშვის სხეულში თავს ყოველთვის ზრდასრულად ვგრძნობდი. ხუთი წლის ასაკში, ლონდონის სამხრეთით აკტონში მდებარე ბარბარა სპიკის სკოლაში ჩავირიცხე, ამიტომ ყოველ დილით ჩემი სახლიდან ლონდონის ჩრდილოეთით, სტოკველამდე, ავტობუსით და ორი მატარებლით უნდა მევლო. 13 წლის ასაკში სკოლა იტალია კონტიში გადავედი, თუმცა მანამდე უკვე ბევრ სატელევიზიო და მუსიკალურ ვიდეოში მქონდა მონაწილეობა მიღებული. მათ შორის ყველაზე ამაღელვებელი ბობ მარლის Is This Love იყო. ჩვენს ოჯახს უყვარდა რეგი. სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი თუ რას ნიშნავდა ეს. ვერ ვაანალიზებდი, რომ ჩემ წინ მდგარი ბობ მარლი საბანში მახვევდა. ის ყველაზე სიმპატიური მამაკაცი იყო საუცხოო აგებულებით; გულითადიც იყო და ტკბილად საუბრობდა ძლიერი იამაიკური აქცენტით, როგორიც სახლიდან ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო.
სანამ 12 წლის გავხდებოდი სახლი ბებიაჩემს ეკუთვნოდა. დედაჩემი ვალერი მოცეკვავე იყო და იტალიაში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი შვეიცარიაში. ყოველთვის აღელვებული ვიყავი მისი სახლში სტუმრობით და მოწყენილი, როდესაც უნდა წასულიყო. დედა მოხდენილი იყო და თავისი სტილი ჰქონდა. როდესაც 12 თუ 13 წლის ვიყავი, მოდურ ჩვენებაზე გამოვიდა და მახსოვს ოთახის შესასვლელში მაჩვენებდა თუ როგორ უნდა ევლო. ვუყურებდი როგორ დადიოდა ლაიონელ რიჩის მუსიკის თანხლებით. 13 თუ 14 წლის ასაკში წარმოდგენა არ მქონდა რისი ჩაცმა მინდოდა. მგონი გოთი ვიყავი: გრძელი შავი კაბები და ქურთუკები მომწონდა და სკოლაში დოქტორ მარტენსი მეცვა.
მახსოვს ის დღე, როდესაც ქუჩაში შემამჩნიეს. აპრილის თბილი დღე იყო და სკოლის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვატარებდი დროს. სამივეს ჩვენი იტალია კონტის უნიფორმები გვეცვა: ღია ლურჯი კუბოკრული კაბა, მუქი ლურჯი ამოჭრილ საყელოიანი სვიტერი, მაისური, ჰალსტუხი. წესით ჩალის ქუდებიც უნდა გვფარებოდა, მაგრამ ეს არასდროს გაგვიკეთებია. მოულოდნელად ჩემთან ერთი ქალი მოვიდა და მკითხა, მიფიქრია თუ არა ოდესმე მოდელობაზე. ის ბეტ ბოლდტი იყო, სააგენტო Synchro-ს ხელმძღვანელი. ჩემი უშუალო რეაქცია გაკვირვება და მღელვარება იყო. მაგრამ როდესაც დედაჩემს ვუთხარი, ეს იდეა საერთოდ არ მოეწონა. ყველას გვსმენოდა საშინელი ისტორიები აღმოჩენილი გოგოების, რომლებსაც ფოტოების გადასაღებად უამრავ ფულს ახდევინებდნენ და შემდეგ ვერსად ხვდებოდნენ. დედაჩემს უნდოდა სკოლაში დავრჩენილიყავი და დავალებების კეთება დამესრულებინა. მაგრამ ყველაფერი ჩემებურად მინდოდა, ამიტომ რამდენიმე კვირის შემდეგ ბეტის სანახავად თვითონ წავედი. პირველი ვიზიტისას თმა შუაზე გამიყო, მაკიაჟი გამიკეთა და ჩემი სკოლის უნიფორმაში რამდენიმე შავ-თეთრი ფოტოს გადასაღებად სიმაღლეზე შემაყენა. საბოლოოდ, დედამ გადაწყვიტა, რომ მოდელობა შემეძლო, ვინაიდან ეს ჩემს სკოლაში სწავლებას და დავალებების შესრულებას ხელს არ შეუშლიდა.
სამი თვის შემდეგ Synchro-სთან გავაფორმე კონტრაქტი და საზღვარგარეთ ბრიტანული ელისთვის ჩემი პირველი დიდი გადაღებისთვის წამიყვანეს. ახალ ორლეანში ჩავფრინდით, პირველი თემისთვის მე და კიდევ ერთი მოდელი, პრერიის სტილის კაბებში გადაგვიღეს, მეორე თემისთვის კი – მხოლოდ მე, პენსაკოლას სანაპიროზე. როდესაც ლონდონში დავბრუნდი ამერიკელი აგენტების ყურადღება მივიპყარი – ჩემთან შესახვედრად ოთხჯერ გადაუფრინეს ლონდონს.
პირველი მოწვევა პარიზიდან 16 წლის ასაკში მივიღე. პირველად დეიდაჩემი ჯული წამომყვა, თუმცა ეს არც ისე დიდი ხნით ადრე იყო, სანამ უბრალოდ ფრანგული ელისთვის შერჩვევებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში დავრჩებოდი იქ.
ერთ-ერთი მოგზაურობისას მთელი ფული მომპარეს. არავის უთქვამს ჩემთვის ჩემი ნივთები დაცულად რომ უნდა შემენახა და ყველაფერი დავკარგე. პარიზში არავის ვიცნობდი. ამანდა კაზალეტმა, რომელსაც იმ დღეს ასევე გადაღება ჰქონდა, მასთან ერთად დაბრუნება შემომთავაზა. ჯერ დიზაინერთან ტანსაცმლის მორგებაზე უნდა წასულიყო – რატომ არ უნდა გავყოლოდი? აი როგორ შევხვდი აზადინ ალაიას. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი ვინ იყო. მის სახლში მისვლისას მახსოვს, ძალიან მორიდებულად ვიქცეოდი. ავუხსენი, რომ ინგლისიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ფული მომპარეს. ძალიან თავაზიანი იყო და სასტუმროში დარჩენა შემომთავაზა. ტელეფონზე დედაჩემს ფრანგულად ელაპარაკა და მომდევნო დღეს Rue du Parc-Royal-ში მის სახლში გადავედი.
მას შემდეგ პარიზში ჩემი ცხოვრება ყოველდღიურად სტუდიაში სიარულს, სასტუმროში დაბრუნებას, შხაპის მიღებას, ოთახის სერვისით მომსახურებას, ტელევიზორის ყურებას და დაძინებას გულისხმობდა. მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული ყოველთვის, როდესაც პარიზში ჩავდიოდი აზადინთან ვრჩებოდი. მისი საშუალებით ყველაზე საოცარ ხალხს შევხვდი: თინა ტერნერს, ანდრეი პუტმანს, ჯერი ჰოლს, გრეის ჯონსს.
აზადინი თავის გარშემო ყოველთვის ოჯახურ ატმოსფეროს ქმნიდა. არ მიწევდა ჩემი თავის მამის როლში ყოფნა, მგონი მამის თვისებებს ვეძებ კაცებში, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ ისე, როგორც კრის ბლექველს აილენდ რეკორდსიდან და ქუინსი ჯონსს. (ქუინსის ბავშვები თავიანთ მეშვიდე დას მეძახიან და დასავით მექცევიან.) ასეთივეა აზადინიც, რომელსაც “Papa”-ს ვეძახი. ის “Ma fille”-ს მეძახის.
თავიდან ზოგი ჩვენებისთვის ჩემი კანის ფერის გამო არ ამიყვანეს. ამას ჩემი გაღიზიანების საშუალება არ მივეცი. ადრეული ასაკიდან აუდიტორიის წინაშე წარდგომის და პერფორმირების საშუალებით მივხვდი თუ რას ნიშნავს იყო შავკანიანი. ზედმეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინო. ორჯერ უკეთესი უნდა იყო.
1987 წელს პირველად მოვხვდი ბრიტანული ვოგის ყდაზე. გადაღების მსვლელობის დროს არ იცოდი მოხვდებოდი თუ არა გარეკანზე; ისინი ამას „გარეკანის მცდელობას“ უწოდებდნენ, რაც ამის მისაღწევად შენი მაქსიმუმის გაკეთებას გულისხმობდა. ფოტოგრაფი პატრიკ დემარშელიე იყო. როგორც ყოველთვის, მაშინაც ჯენტლმენი იყო. თემას ოქრო წარმოადგენდა და შანელი მეცვა. მახსოვს, ამის შემდეგ როგორ დავდიოდი ვოგის ოფისებში და როგორ გავარკვიე, რომ დეკემბრის ნომრის ყდაზე ვიყავი. ვუყურებდი ყველა ამ ლამაზ გარეკანს – რომლებზეც კრისტი და იასმინი იყვნენ გამოსახულები – და ჩემთვის გავიფიქრე, „ვაუ, ახლა მეც ვარ ერთ-ერთზე.“
შემდეგ წელს იტალიური ვოგის ივნისის ნომრის გარეკანზე მოვხვდი, რომლისთვისაც სტივენ კლაინმა გადამიღო. ის ძალიან მაგარი და პროფესიონალი იყო, მაგრამ გადაღება რთული გამოდგა, რადგან მაკიაჟის სპეციალისტს ჩემი კანის ფერის შესაბამისი ტონალური არ ჰქონდა წამოღებული. არ ვიცი როგორი ტიპის გოგოს ელოდა, მაგრამ საბოლოო სურათით კმაყოფილი არ ვყოფილვარ, რადგან არ ვთვლიდი, რომ ის ჩემი კანის ნამდვილ ტონს ასახავდა. (ამის შემდეგ, ყოველთვის ჩემი საკუთარი ტონალური და პუდრა დამაქვს).
სამი თვის შემდეგ ფრანგული ვოგის გარეკანზე მოვხვდი, რაც კიდევ უფრო დიდი მიღწევა იყო. უკვე გადაღებული ვიყავი ფრანგული ვოგისთვის და ნათქვამი ჰქონდათ – მიზანმიმართული უხეში ფორმით არა – რომ ეს გარეკანი მოსალოდნელი არ იყო. ვერ ვაცნობიერებდი, რომ შავკანიანი მოდელი ამ ჟურნალის გარეკანზე არასდროს მოხვედრილიყო. ბოლოს და ბოლოს ის ნიუ-იორკში დემარშელიეს გადაღებული იყო. გარეკანი დიდად არ მომეწონა, მაგრამ როდესაც 1988 წლის აგვისტოს ნომერი გამოვიდა, უდიდესი ეფექტი მოახდინა: როგორც იქნა, შავკანიანი მოდელი ფრანგული ვოგის გარეკანზე! მიხაროდა, რომ შემდეგში მხოლოდ იმას ვიგებდი, რომ ისტორიას ვქმნიდი. სხვა შემთხვევაში, უდიდეს ზეწოლას ვიგრძნობდი.
შემდეგ 1989 წლის სექტემბერში (წლის უდიდესი ნომრისთვის) ანა ვინტურმა ამერიკული ვოგის გარეკანზე მომახვედრა. ეს სტრესული იყო, რადგან ვხვდებოდი შავკანიან მოდელად ყოფნის მნიშვნელობას. ეს მისი, როგორც რედაქტორის, პირველი სექტემბრის ნომერი იყო და ვფიქრობდი, რომ ამისთვის ბევრი საყვედური ჰქონდა მიღებული. მისი სამუდამოდ მადლიერი ვიქნები.
”სამეული“
პირველად კრისტი ტარლინგტონს 1986 წელს ლონდონში Warehouse-ის კატალოგისთვის გადაღებაზე შევხვდი. კვლავ სკოლაში დავდიოდი, ამიტომ ჩემი უნიფორმით ვიყავი მისული. კრისტი ნიუ-იორკიდან იყო ჩამოფრენილი და ბრიტანული ვოგის გარეკანზე ცოტა ხნის წინ მყავდა ნანახი. ერთმანეთს სულ ახლახანს შევხვედროდით და უკვე მეუბნებოდა, რომ შემეძლო მისი ოთახის მეზობელი ვყოფილიყავი და როდესაც ნიუ-იორკში ჩავიდოდი, მასთან ერთად ვყოფილიყავი. დეკემბრიდან ერთად ვცხოვრობდით.
კრისტისთვის დამახასიათებელია თავისი ბედნიერების ყველასთვის გაზიარება. რამდენიმე თვის შემდეგ პარიზში გამართულ ჩვენებაზე ლინდა ევანჯელისტას შევხვდი. მახსოვს ოთახში ვხედავდი თავისი გრძელი თმით, რომელიც მის წარმოუდგენლად ლამაზ თვალებს ეფარებოდა. როგორც მეგობარი ჩვენ შორის ყოველთვის ყველაზე მზრუნველი იყო. გამიმართლა, რომ ლინდა და კრისტი გვერდში მედგნენ. ზოგ დიზაინერს ეუბნებოდნენ, რომ თუ ჩვენებებზე მათი გამოსვლა სურდათ, მეც უნდა გამოვეყვანე. წარმოუდგენელი იყო ასეთი მხარდაჭერა. ნამდვილი მეგობრები ვიყავით და ხალხმა „სამეული“ გვიწოდა. არის ერთი ფოტო, რომელზეც აბაზანაში ვწევართ, რაც ნამდვილად წარმოაჩენს ჩვენს ხასიათს. ის როქსან ლოუიტმა ვერსაჩეს ჩვენების შემდეგ გადაიღო. დონატელას რიტცის ნომერში ვიყავით და გარეთ გასვლას ვგეგმავდით. სააბაზანოში გართობა დავიწყეთ და ის სწორედ მაშინ გადაიღო იქ მყოფმა როქსანმა.
With Christy Turlington and Linda Evangelista in 1990 by Roxanne Lowit.
ახლო მეგობრების დაკარგვა
1997 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ახლო მეგობარი გარდამეცვალა. ბილ კოსბის შვილი ენისი მოკლეს. ჩემი კარგი მეგობარი ჯონ „გრიკ“ ჩაპოლისი მოკვდა და მაიკლ ჰატჩენსიც, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო. გლოვის დრო ნამდვილად არ მქონდა, რადგან უეცრად კიდევ ერთი მეგობარი გარდაიცვალა.
ჯანი ვერსაჩეს სიკვდილი დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. წვეულებებზე დავდიოდი და ტკივილის შემსუბუქებას ვცდილობდი, მაგრამ ამან ყველაფერი გააუარესა. ჯანი უკანასკნელად რიტცში სადილისას ატელიე ვერსაჩეს ბოლო ჩვენების შემდეგ ვნახე. მაიკ ტაისონის შესახებ ვლაპარაკობდით, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე რინგზე ევანდერ ჰოლიფილდს ყური მოაკბიჩა; ჯანი ამბობდა, რომ მისი ესმოდა, რასაც სასაცილოდ ვთვლიდი. ჯანის მოსწონდა მაიკ ტაისონი. მოსწონდა ისეთი ადამიანები, რომლებსაც მოგებამდე ცოტაღა აკლდათ.
როდესაც მისი სიკვდილის შესახებ მაცნობეს, დარდით ავივსე და რამდენიმე კვირის შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდი. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მსახურება მილანის საკათედრო ტაძარში მოეწყო. სტუმრებს შორის პრინცესა დაიანაც იყო. მას მანამდეც შევხვედრივარ, კენსიგტონის სასახლეშიც კი ვყოფილვარ მასთან სტუმრად. (ერთხელ, ტიმ ჯეფრაისმა ჩემთვის, კლაუდიასთვის და კრისტისთვის პრინცი უილიამის გასახარებლად მოაწყო შევხედრა, როდესაც ის სკოლიდან დაბრუნდა. პრინცი ძალიან მორიდებული იყო და როდესაც დაგვინახა გაწითლდა). დაიანა ყოველთვის მომხიბვლელად და თავმდაბლად წარმომედგინა. შემდეგ ჯანის სახლში დავბრუნდით და მან წარმოუდგენლად მანუგეშა. მითხრა, „ჯანის ძალიან უყვარდი. ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს.“ უკანასკნელად მაშინ ვნახე ის. რამდენიმე კვირის შემდეგ მოკლეს. იმ დღიდან, როგორც კი პარიზში მოვხვდები, ჩემს მძღოლს ვეუბნები, რომ იმ გვირაბის გავლით არ წავიდეს.