27 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, თანამედროვე კულტურის ცენტრი იტალია, უფრო კონკრეტულად კი ვენეცია იყო, რომელიც ტრადიციულად, საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობდა. ვენეციის კინოფესტივალის წარმდგენი ამჯერადაც Mastercard გახლდათ. გახმაურებული პრემიერები, წითელი ხალიჩა და რაღა თქმა უნდა, გამარჯვებულებები – ვენეციის კინოფესტივალმა წელსაც ჩვეული მღელვარებით ჩაიარა.

ჯამში, 2025 წლის ვენეციის კინოფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, 4 580-მა ფილმმა და რეჟისორმა გამოთქვა სურვილი, საიდანაც საბოლოოდ, კინოფესტივალის საკონკურსო ნაწილისთვის მხოლოდ 21 შეირჩა. შერჩეული 21 ფილმიდან,  ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალის გამარჯვებული და შესაბამისად, მთავარი პრიზის – “ოქროს ლომის” მფლობელი, ამერიკელი რეჟისორი ჯიმ ჯარმუში გახდა,  ფილმით – “Father Mother Sister Brother”.  ფილმი სამი დამოუკიდებელი, თუმცა ერთმანეთთან თემატურად დაკავშირებული ამბისგან შედგება, რომელიც ზრდასრული შვილებისა და მშობლების გამოწვევებით სავსე ურთიერთობებს ეხება. კრიტიკოსებისა და გულშემატკივრების მიერ ფილმი შეფასდა, როგორც ემოციურად განსაკუთრებით დატვირთული ანთოლიგიური დრამა კომიკური ელემენტებით. სიუჟეტთან ერთად, ჯიმ ჯარმუშის ახალ ნამუშევარს განსაკუთრებულს სამსახიობო შემადგენლობაც ხდის. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ტომ უეითსი, ადამ დრაივერი, ქეით ბლანშეტი, შარლოტ რემპლინგი და კინო სამყაროს სხვა აღიარებული მსახიობები. 

“ვერცხლის ლომი” კაუტარ ბენ ჰანიას დრამას, “The Voice of Hind Rajab”-ს გადაეცა, რომელშიც მთავარ როლებს ამერ ჰლეჰელი და კლარა ხური ასრულებენ. ნამუშევარი ღაზაში მაცხოვრებელი 5 წლის პალესტინელი ბავშვის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმის პრემიერა 3 სექტემბერს გაიმართა და მას რეკორდული, 23 წუთიანი ოვაციები მოჰყვა. ეს კინოფესტივალის მრავალწლიან ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები იყო, რაც ბუნებრივია, ფილმის ემოციური და პოლიტიკური დატვირთვის მიმართ მაყურებლის რეაქციასაც უსვამს ხაზს.

“The Voice of Hind Rajab”-ს რეჟისორი – კაუტარ ბენ ჰანია “ვერცხლის ლომის” პრიზით ხელში (с) Reuters

საუკეთესო მსახიობი ქალი სინ ჟილეი გახდა ჩინეთიდან, ფილმისთვის – “The Sun Rises on Us All”, საუკეთესო მსახიობი კაცი- ტონი სერვილო იტალიიდან, ფილმისთვის – “La Grazia”, საუკეთესო რეჟისორი – ბენ საფდი ამერიკიდან, ფილმისთვის – “The Smashing Machine”. აღსანიშნავია, რომ წელს ვენეციის კინოფესტივალზე ჯამში 62 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. შარშანდელისგან განსხვავებით, ქართველი კინორეჟისორის ტრიუმფი არ გვინახავს, მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ქართველ რეჟისორს, დეა კულუმბეგაშვილს გადაეცა, ფილმისთვის – “აპრილი”. თუმცა წლევანდელ კინოფესტივალზე, ისტორიაში პირველად, ჟიურიში ქართველი კინომცოდნეც – ალექსანდრე გაბელიაც იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება წითელ ხალიჩას და ვენეციის კინოფესტივალის სანახაობრივ ნაწილს, რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შეგვიძლია გამოვყოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯულია რობერთსის გამოჩენა უნდა ვახსენოთ. რობერთსი ვენეციაში ლუკა გუადანინოს ახალი ფსიქოლოგიური ტრილერის, “After the Hunt” -ის პრემიერისთვის ჩავიდა. ფილმში მთავარ როლებს სწორედ ჯულია და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ გუადანინოს ახალმა ნამუშევარმა პრიზი ვერ მოიპოვა, ჯულიას სტილმა ყურადღება მიიქცია. მას ექსკლუზიურად ეცვა იტალიური ბრენდის, “ვერსაჩეს” ახალი კოლექცია, რომელიც მოდის სახლის ახალმა შემოქმედებითმა დირექტორმა, დარიო ვიტალემ შექმნა. დარიო ვიტალეს Versace-ში თავისი სადებიუტო ჩვენება ჯერ არ გაუმართავს და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, “ვერსაჩეს” სამოსი ვიხილეთ. კინოფესტივალის ფარგლებში, Versace-ს თითქმის იდენტური ლუქი ეცვა ამანდა სეიფრიდსაც. ბრენდის სტრატეგიამ, შეემოსა ორი ვარსკვლავი ერთიდაიგივე ლუქში, მოდის პრესაში წინააღმდეგობრივი რეაქციები გამოიწვია.

ჯორჯ და ამალ კლუნები 2025 წლის ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე (c) WireImage

დასამახსოვრებელი იყო ჯორჯ და ამალ კლუნების გამოჩენაც. კლუნები ნოა ბაუმბახის კომედიის, “Jay Kelly” -ის პრემიერას დაესწრნენ, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ჯორჯ კლუნი ასრულებს. საკონკურსო ნაწილში აღსანიშნავ წარმატებას ვერც “Jay Kelly” -იმ მიაღწია, თუმცა ჯორჯ და ამალ კლუნები კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემოსილ ვარსკვლავებად დასახელდნენ. ამალს Jean-Louis Scherrer-ის იისფერი ვინტაჟური კაბა ამშვენებდა. ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ქეთ ბლანშეტის გამოჩენა ყოველ ჯერზე დასამახსოვრებელ მომენტს ქმნის და ამ მხრივ არც წლევანდელი ღონისძიება ყოფილა გამონაკლისი. შავი კლასიკური Armani-ს კაბა და Maison Margiela-ს ავანგარდული კოსტიუმი – მსახიობი ორჯერ ვიხილეთ წითელ ხალიჩაზე და ორივე ლუქი მოდის პრესისა და გულშემატკივრების მიერ დადებითად შეფასდა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წლის ვენეციის კინოფესტივალმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ კინო არ არის მხოლოდ წარმოსახვითი ნარატივები და ისტორიები გამოგონილ არარეალურ სამყაროზე, არამედ მას კვლავ შეუძლია შექმნას ემოციური ხიდი  მაყურებელთან, იყოს განსაკუთრებით ძლიერი და ავთენტური თანამედროვე ადამიანის გრძნობებთან მიმართებით.