როდესაც წარმატებულ ადამიანებზე ვყვებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ის ფაქტორები იქცევს, რომლებიც კეთილდღეობას განაპირობებს. ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ისტორიები, რომლებშიც მთავარი გმირი ყველაფერს ნულიდან იწყებს. პირველ რიგში, იმიტომ რომ მსგავსი მაგალითები ნათლად გვანახებს, რომ ყველასთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს მაშინაც კი, როდესაც სიტუაცია თითქოს უიმედოა. რა არის წარმატების მისაღწევად საჭირო – ნიჭი? ცოდნა? გამართლება? თუ სამივე ერთად ან იქნებ კიდევ სხვა რამ, რის მისაგნებადაც ძალისხმევის გაღებაა საჭირო? მრავალი გზა არსებობს, თუმცა თავად ირჩევ რომელზე დადგები, დანიშნულების ადგილზე მისასვლელად კი ინდივიდუალური მიმართულება უნდა აირჩიო და ის ერთი რამ, რაც წარმატების მისაღწევად ყველას აუცილებლად ესაჭიროება საკუთარი თავის რწმენაა. რიკარდო ტიში ძალიან ღარიბი ოჯახიდანაა. ოთხი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დედასთან და რვა დასთან ერთად იზრდებოდა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე გონებაში თავიდანვე ღრმად ჩაიბეჭდა, რომ კარგად უნდა ესწავლა, ბევრი ეშრომა, რათა რაღაცისთვის მიეღწია და ოჯახს დახმარებოდა.

Riccardo Tisci

ის 1974 წელს იტალიის ჩრდილოეთით, კომოში დაიბადა. გაჭირვების გამო სკოლაში თავს გარიყულად გრძნობდა. ხშირად უწევდა გაკვეთილებს თავისი დების გამონაცვალი ტანსაცმლით დასწრებოდა და იმ ბავშვების გვერდით მჯდარიყო, რომლებიც მშობლებს არმანით შეემოსათ.

იყო დაბადების დღეები, რომლებზეც ბავშვები არ მპატიჟებდნენ, რადგან მათ მშობლები ასწავლიდნენ: არ დაპატიჟო ის, ჩრდილოეთ იტალიის ღარიბი ოჯახიდან არის, კარგ საჩუქარს ვერ მოგიტანს.“ – რიკარდო ტიში

თუმცა მისთვის თავისი სახლი სამოთხე იყო. იქ თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობდა. ამას კი, პირველ რიგში, დედამისის დამოკიდებულება განაპირობებდა თავისი შვილების მიმართ, რადგან ყოველთვის ცდილობდა მათ თავი ნორმალურ ბავშვებად ეგრძნოთ.

ოჯახში ერთადერთი ბიჭი აკვირდებოდა, როგორ ემზადებოდნენ, იცვამდნენ გარშემო მყოფი ქალები გარეთ გასასვლელად. სწორედ მათზე დაკვირვებამ გაუჩინა რიკარდოს ტანსაცმლის მიმართ ინტერესი.

17 წლის იყო, როდესაც იტალია დატოვა და ინგლისში, ყველაზე პრესტიჟულ მოდურ სასწავლებელში, Central Saint Martins-ში, სასწავლებლად გადავიდა. სწორედ ამ ქვეყანაში გაუგო თავისუფლებას გემო, შეიგრძნო ახალგაზრდული სულისკვეთება და დაინახა მის წინაშე არსებული შესაძლებლობები.

Riccardo Tisci

ინგლისში დასაქმებული იყო როგორც შვეიცარი და მაღაზიის გამყიდველიც, მომდენო სამსახური კი ანტონიო ბერარდის სტუდიაში იშოვა. მოგვიანებით იტალიაში დაბრუნდა, სადაც პუმასთვის და კოკაპანისთვის იმუშავა. შემდეგ Ruffo Research-იდან დაუკავშირდნენ. ბრენდის შექმნა ხელახლა იგეგმებოდა და რიკარდოს გაუფორმეს კონტრაქტი. კოლექციაზე მუშაობას ამთავრებდა, როდესაც დაიბარეს და უთხრეს, რომ ფინანსური პრობლემების გამო ჩვენება გაუქმდა.  

„დეპრესია დამეწყო, მილანში განადგურებული დავბრუნდი. იმდენი რამ გამოვიარე, ძალიან დიდი შრომა ჩავდე, რომ კოლექცია შემექმნა და მათ უბრალოდ ჩვენება გამიუქმეს.“ – რიკარდო ტიში

სწორედ ამის შემდეგ წამოიწყო თავის სახლში დედისა და დების ხელშეწყობით საკუთარი ბრენდი. ერთ თვეში ახალი კოლექცია გააკეთა. ოფიციალურ კვირეულში არ ჩასვეს, თუმცა კოლექცია მილანში მაინც წარადგინა. მეგობრების დამხარებით ის შეუმჩნეველი არ დარჩა. მასთან კარინ როიტფელდი მიიყვანეს, რიკარდოზე ვოგშიც დაიწერა, შემდეგ ჟივანშიდანაც დაურეკეს.

დარწმუნებული ვიყავი, რომ არ ამიყვანდნენ, რადგან მე არავინ მიცნობდა. WWD-ში ახალბედა იტალიელ დიზაინერებზე სტატიებიც დაიწერა, მაგრამ ჩემი სახელი არ ახსენეს, ამიტომ მეგონა რომ ჟივანშის სახლისთვის შეუსაბამო კანდიდატი ვიყავი.“ – რიკარდო ტიში

მეორე ჩვენების მერე მოვლენები სწრაფად და დაუჯერებლად განვითარდა. ჟივანშის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, მარკო გობეტის, ძალისხმევით ახალგაზრდა იტალიელი დიზაინერი საკულტო ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა.

„ჩვენების შემდეგ ჟივანშის დირექტორისგან, მარკო გობეტისგან ზარი მივიღე, პარიზში მიბარებდა. ჩამოვედი პარიზში და პირდაპირ მითხრეს, რომ შემოქმედებით ხელმღვანელად მნიშნავდნენ. შოკი იყო. 2 თვე მოჩვენებასავით დავდიოდი, დაჯერება მიჭირდა.“ – რიკარდო ტიში

12 წლის შემდეგ რიკარდოს ჟივანშისთვის უკვე 93 ქალისა და მამაკაცის, rtw, ოტ კუტიურ და რესორტ კოლექციები ჰქონდა შექმნილი. ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენს თაობაში, რომელიც მიხვდა ინფლუენსერების და სოციალური ქსელების მნიშვნელობას. შედეგმაც არ დააყოვნა. მისი ხელმძღვანელობით ჟივანშის მოდის სახლი 500 მილიონი დოლარით გამდიდრდა. ჟივანშის მაღაზიების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. ბრენდის პრესტიჟიც აამაღლა, როდესაც პირველი ევროპელი დიზაინერი გახდა, რომელმაც ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა შემოსა. გარდა ამისა, ერთადერთი დიზაინერიც, რომელიც ბიონსეს მეტ გალაზე ზედიზედ 5 წლის განმავლობაში აცმევდა. დიზაინერი, რომელმაც მადონა ამერიკაში ყველაზე ნახვადი პერფომანსის, Super Bowl-ის დროს შემოსა. დიზაინერი, რომელმაც შეკერა ბოლო დეკადის ყველაზე განხილვადი საქორწინო კაბა კიმ კარდაშიანის და კანიე უესტის ქორწილში. დიზაინერი, რომელიც ოსკარის ისტორიაში ყველაზე ხშირად ნომინირებული ქალი მსახიობის, მერილ სტრიპის, სტილზე ზრუნავდა. დიზაინერი, რომელმაც რიანას მუსიკალურ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსოფლიო ტურის გამხსელი ლუქი შექმნა. ჩვენს თაობაში პირველი დიზაინერიც იყო, რომელმაც ქუჩის კულტურა მაღალი მოდის ბრენდში წარმატებულად შეიტანა. რიკარდო მოხვედრილია თაიმის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავში და მიღებული აქვს მსოფლიოში დიზაინერებისთვის ყველაზე დიდი, CFDA-ს საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო გამორჩეულად დიდი გავლენისთვის, წარმატებისთვის.

Riccardo Tisci at Givenchy Fall 2011 Menswear

როდესაც რიკარდო ფრანგულ მოდის სახლში თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებდა, სადილზე იუბერ დე ჟივანშიმ მიიწვია, რომელმაც ორი რამ ურჩია: „არასდროს დაგავიწყდეს საიდან ხარ“ და „იყავი ვინც ხარ.“ მისი შემოქმედება მოწმობს, რომ მან ეს სიტყვები კარგად გაიგო, გაითავისა, გაითვალისწინა და არ დაივიწყა. რიკარდო ტიშის ჟივანში გოთიკურ სენსუალურობას, ბნელ რომანტიზმს, მოგვიანებით კი ახალგაზრდულ, ურბანულ და ჰიპ ჰოპ კულტურას ეტრფოდა და ნაკლებად ეფუძნებოდა ოდრი ჰეპბერნისეულ სრულყოფილებას, თუმცა ბრენდის კოდებსაც ითვალისწინებდა.

რიკარდოს სახელს უკავშირდება ისეთი ტოპ მოდელების აღმოჩენა და კარიერის განვითარება, როგორებიც არიან: ჯოან სმოლსი, ლარა სტოუნი და ირინა შეიკი.

“პუერტო რიკოში სამოდელო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ვერ გავიმარჯვე, მაგრამ კონკურსს 1 აგენტი ესწრებოდა, რომელმაც ნიუ-იორკში მიმიწვია. ნიუ-იორკში არავინ ამიყვანა, ამიტომ ჩემი ფოტოები პარიზში გადაგზავნეს. რიკარდო ტიშიმ მომცა შანსი, ჟივანშიში ექსკლუზიურად ამიყვანა. მას შემდეგ დაიწყო ყველაფერი.” –  ჯოან სმოლსი

Joan Smalls at Givenchy Spring 2016

თუმცა მოდელებიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ტიშის მარიაკარლა ბოსკონოს მიმართ აქვს. მარიაკარლა მისი უახლოესი მეგობარი და მუზაა.

“მარიაკარლასთან ჩემი ურთიერთობა განსხვავდება (სხვა მოდელებთან ურთიერთობისგან). მას შევხვდი,როცა ცნობილი არ იყო. ძალიან ახალგაზრდა იყო და ლონდონში ცხოვრობდა. პირველი ადამიანია, რომელმაც ჩემი ირწმუნა. ჩვენ მეგობრები ვიყავით, გულუბრყვილო ბავშვები, მაგრამ ერთმანეთში პოტენციალი დავინახეთ. რაც ასაკში შედის, უფრო ლამაზი ხდება, მაგრამ ახალგაზრდობაში ძალიან განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა, სპეციფიკური. სკოლაში ვიყავი, როცა ჩემს ლუქბუქებზე მუშაობდა, სახლში ვაკეთებდი, რადგან მაშინ ფული არ მქონდა. მეც იქ ვიყავი, როდესაც რეი კავაკუბომ და სტივენ მეისელმა აღმოაჩინეს. ზოგიერთ ადამიანს მუზის იდეა მოძველებულად ეჩვენება, მაგრამ მე პირიქით ვფიქრობ. ჩემთვის, როგორც კაცისთვის,რომელიც ქალის სამოსს ქმნის, დიდებულია ნამდვილი ქალისგან აზრის მოსმენა. მხოლოდ მე არ ვარ ასე. გადახედეთ წარსულს: ჯანი ვერსაჩე და ნაომი ქემბელი, ალექსანდრ მაკქუინი და ქეით მოსი, ჟივანში და ოდრი, სან ლორანი და ბეთი. ვფიქრობ კაც დიზაინერს სჭირდება ქალი, რომელიც შთააგონებს. ქალი, რომელსაც აქვს სტილი და შეუძლია აზრი გამოთქვას.” – რიკარდო ტიში

რიკარდო ტიშიმ ღირსეულად უხელმძღვანელა ჟივანშის და ღირსეულად დატოვა თანამდებობა. მან ბრენდში ახალი ენერგია შეიტანა და მიუხედავად იმისა, რომ ჟივანშის შემოქმედებითი სადავეები ისეთ გენიოსებსაც ებარათ, როგორებიც ჯონ გალიანო და ალექსანდრ მაკქუინი არიან, არცერთის ერას არ მოჰყოლია ისეთი წარმატება, როგორიც რიკარდო ტიშისას. ტიშის ჟივანში შედგა. მან ნაკლებად რელევანტური ბრენდი ჩაიბარა და დატოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი, ჩაცმადი, გაყიდვადი მოდის სახლი, თანაც ისეთი კარგი რეპუტაცია შეინარჩუნა, რომ წელიწადნახევარში ბრიტანეთის ნომერ პირველმა ბრენდმა შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა.

სანამ ჟივანშის დავტოვებდი, ჩემი დის ქმარი გარდაიცვალა. მე პარიზში ვმუშაობდი, ოტ კუტიურის წინა პერიოდი იყო, კომოში ჩავფრინდი და დაკრძალვაზე დამაგვიანდა. დავჯექი და მიმოვიხედე ჩემს გარშემო. დედაჩემი დავინახე დასუსტებული, პატარა ბავშვები გაზრდილიყვნენ, ვუყურებდი მათ და გავიფიქრე, რომ არა, უნდა დავასრულო. პარიზში დავბრუნდი და ვუთხარი გუნდს, რომ მუშაობა აღარ მინდოდა და ოჯახთან დარჩენას ვაპირებდი. მიხარია, რომ ეს გავაკეთე, ასე მგონია დედაჩემს კიდევ 10 წლით გავუხანგრძლივე სიცოცხლე, რადგან 1 წელი მასთან ვიყავი, ძალიან ჩვეულებრივ რაღაცებს ვაკეთებდით. მანამდე ოჯახს ფინანსურად დავეხმარე, იტალიაში მხოლოდ შობას და დაბადების დღეებზე ჩავდიოდი, მაგრამ ნორმალური 20 დღის გატარება ოჯახთან, ეს ის იყო, რაც დიდი ხანია არ გამომიცდია. არაჩვეულებრივი იყო’’ – რიკარდო ტიში

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ბარბერიმ გაავრცელა ინფორმაცია რიკარდოს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, 12 წუთში ბრენდის აქციებზე ფასები გაიზარდა. დღეს თანამედროვე მსოფლიოს დიზაინერებში ალბათ სულ 10 დიზაინერია, რომელსაც ტიშისნაირი გავლენა აქვს. როგორც დონატელა ვერსაჩე ამბობს, რიკარდოს ძარღვებში სადღაც ვერსაჩეს სისხლიც ჩქეფს. 

რიკარდო ტიში ბარბერის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელია – ეს მოულოდნელი, დამაინტრიგებელი და ყველასთვის სასიხარულო სიახლე აღმოჩნდა. ინიციატორი ამჯერადაც მარკო გობეტი იყო, რომელმაც ბარბერის გენერალური დირექტორის პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი წლით ადრე დაიკავა. როგორც რიკარდო ამბობს, მარკო მისთვის მამასავითაა.

ტიშის ბარბერი არ ჰგავს ტიშის ჟივანშის. ის ყველაზე მნიშვნელოვან ბრიტანულ ბრენდს თავის ყველა ღირსებას უნარჩუნებს, მის მოდერნიზებას და ყველა ასაკობრივ სეგმენტზე მორგებას ცდილობს. პატივისცემას და ინტერესს ავლენს მისი დამაარსებლის, თომას ბარბერის, მიმართ, რაზეც, პირველ რიგში, პიტერ სევილთან თამაშრომლობით შექმნილი ახალი ლოგო მიუთითებს. და თუ რიკარდოს ჟივანშიში წინა პლანზე რიკარდო ტიში იყო წამოწეული და იუბერ დე ჟივანშის დაარსებული ბრენდი რიკარდო ტიშის პერსონალური ისტორია უფრო იყო, ვიდრე მოდის სახლის ძირითადი მახასიათებლების ინტერპრეტაცია, რიკარდოს ბარბერი ჯერ-ჯერობით თომას ბარბერის ამბავია, რომელსაც თომასის გარდაცვალებიდან 93 წლის შემდეგ იტალიელი დიზაინერი გვიყვება.

მოსვლისას აღმოვაჩინე, რომ თომას ბარბერის ისტორია ძალიან მიმზიდველია. ის მხოლოდ თრენჩი და ჩეკი არ არის, მათ მიღმა ადამიანია. დროთა განმავლობაში მინდა, არქივი უფრო მეტად გავხსნა და ისტორია ვაჩვენო, რადგან თომას ბარბერის ამბავი ძალიან საინტერესოა. ის საკმაოდ გაბედული იყო, რისკების არ ეშინოდა. ასეთ რეალობაში, სადაც კომპიუტერიზებული ცხოვრებით ვცხოვრობთ და კომპიუტერებით და ტელეფონებით ვარ შეპყრობილები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოდის სახლის გაადამიანება.“ – რიკარდი ტიში

ეს ისტორიაც იყიდება, რაზეც ბარბერის ახალი ფინანსური რელიზიც მოწმობს. რთული 2 წლის შემდეგ, ბარბერის გაყიდვებმა ზრდა დაიწყო. გასულ 4 თვეში რიკარდო ტიშის კოლექციებიდან შემოსავალი 498 მილიონ ფუნტს შეადგენს, რაც 4% აღემატება 2018 წლის ამ პერიოდის შედეგს. 

Riccardo Tisci

რიკარდო ნიჭიერი აღმოჩნდა, მოტივაცია ამოძრავებდა, გარდა ამისა გაუმართლა და მიღებული ცოდნაც გამოადგა. უნიკალური ხედვა აღმოაჩნდა და მისი შემოქმედება ხალხისთვის სასურველი სიახლე აღმოჩნდა. მის გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ და ბიძგს აძლევდნენ. მან ყველას იმედები გაამართლა, განსაკუთრებით კი დედასი, რომელიც მას თავისი ცხოვრების პრინცს უწოდებს. მრავალ მიზეზთა გამო ღარიბი ბიჭი იტალიის ჩრდილოეთიდან დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული პიროვნებაა, რომელსაც შესაძლოა დანიშნულების ადგილამდე ჯერ კიდევ არ მიუღწევია და მისი პოტენციალის გათვალისწინებით მასზე დაკვირვება უნდა განვაგრძოთ.