1.წელიწადის 4 სეზონი მოდის სამყაროში ორადაა გაყოფილი: გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი. ქალის სამოსის გაზაფხული/ზაფხული პოდიუმზე გამოდის ყოველი წლის სექტემბერში და ოქტომბერში, ხოლო შემოდგომა/ზამთარი – თებერვალში და მარტში. კაცის სამოსის გაზაფხული/ზაფხული პოდიუმზე გამოდის ივნისში, შემოდგომა/ზამთარი -იანვარში და თებერვალში.

2.მაღალი მოდის ბრენდების უმრავლესობა კოლექციებს პოდიუმზე 1 სეზონით (6 თვით) ადრე წარადგენს , გაყიდვაში კი წარდგენიდან 6 თვის შემდეგ უშვებს. მაგალითად, ქალის სამოსის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები პოდიუმზე გამოვა 2019 წლის სექტემბერში, გაყიდვაში ჩაეშვება პოდიუმზე გამოტანიდან (2019 წლის სექტემბრიდან) 6 თვის თავზე, 2020 წლის გაზაფხულზე.

3.ორ სეზონს შორის არსებული დიდი შუალედის შესავსებად შექმნილია კიდევ ერთი სეგმენტი,  რომელსაც მოდაში Pre-fall და Resort/Cruise/Holiday კოლექციებს ვუწოდებთ. Pre-fall გაყიდვაში, ტრადიციულად, მაისში ეშვება, ხოლო Resort/Cruise – ნოემბერში. Resort და Cruise-ს შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამასთან, ეს იგივეა რაც Holiday კოლექცია. დიზაინერები თავად ირჩევენ სახელს, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ რეზორტი და კრუიზი გათვლილია იმ ხალხისთვის, ვინც ზამთრის არდადეგებს თბილ ქვეყნებში ატარებს.

4.Pre-fall და Resort/Cruise/Holiday კოლექციებიც პოდიუმზე 1 სეზონით ადრე გამოდის. მაგალითად, გუჩის 2020 წლის რესორტი პოდიუმზე გამოდის 2019 წლის მაისში.

5.კოლექციის პოდიუმზე 1 სეზონით ადრე გამოტანის და გაყიდვაში გვიან ჩაშვების მიზეზი მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში დროის არსებითი მნიშვნელობაა. სწრაფი მოდისგან განსხვავებით, ლაგჟერი პროდუქტის შექმნას და დიდი რაოდენობით წარმოებას დრო სჭირდება.