თანამედროვე სამყაროში, სადაც სოციალურმა ქსელებმა იმაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით, ციფრული მარკეტინგი ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდა. შეიქმნა განსხვავებული აპლიკაციები, განვითარდა სხვადასხვა პლატფორმები, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც კარიერა და მრავალმილიონიანი ბიზნესი სწორედ სოციალურ ქსელებში, ციფრულ პლატფორმებზე შექმნეს. თანამედროვე მსოფლიოს უკვე ჰყავს 16 წლის „ინფლუენსერები“, რომლებიც წელიწადში, მხოლოდ ტიკ-ტოკზე, 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. მაგრამ თუ ვფიქრობდით, რომ ეს მაქსიმუმი იყო, ვცდებოდით, რადგან ორი დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელიკა ჩენგს, ჩინური ვოგის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, 27 წლის „ინფლუენსერი“, ბლოგერი, მრავალ-პროფილური ფიგურა, მარგარეტ ზენგი შეცვლის.
გარდა იმისა, რომ ის მოდის ბიბლიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მთავარი რედაქტორია, მარგარეტი აგრეთვე პირველია, ვისაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვს. მას არ უმუშავია არცერთი ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკაზე. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, მაშინ, როგორ მოხდა, რომ ის ახლა აზიაში ვოგის ყველაზე მსხვილი გამოცემის ხელმძღვანელის ამპლუაში გვევლინება.
სოციალური მედიის აღმავლობამ, რომლის მომსწრეც გასულ ათწლეულში გავხდით, ბეჭდური მედიის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დაიხურა და ციფრულ ფორმატზე გადავიდა საკმაოდ ბევრი ჟურნალი. მსოფლიო პრესის გავლენიანი გამოცემებიც კი, რომლებიც მკითხველების ნაკლებობას არასდროს განიცდიდნენ, გამოწვევების წინაშე დადგნენ. ისინი ცდილობენ იპოვონ ახალი გზები, რომლითაც ერთგულ აუდიტორიას შეინარჩუნებენ და დააინტერესებენ ახალ თაობას, მილენიალებს, თუ ე.წ. „თაობა Z“-ს. პანდეემიით გამოწვეულმა რეალობამ, ციფრულ სამყაროში ხილვადობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.
გარდაუვალი ცვლილებები დაიწყო ვოგშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვოგში ყველაფერი შეიცვალა ანა ვინტურის და მისი განუზომელი ძალაუფლების გარდა, რომელიც 2020 წელს, შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზარდა. ხშირად გვიფიქრია, რომ წარმოუდგენელიც კი არის, რომ ანა ვინტური კიდევ უფრო გავლენიანი გახდეს, თუმცა როგორც შარშან გაირკვა, ვინტურის გავლენა მოდის პრესაზე შეიძლება კიდევ გაიზარდოს – თუ 2020 წლამდე, ანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია-გიგანტის, Condé Nast-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 3 თვის წინ, ვინტური სპეციალურად მისთვის შექმნილ პოზიციაზე დანიშნეს. როგორც ითქვა, კონგლომერატში ეს თანამდებობა პირველად შეიქმნა – ვინტური ახლა პასუხისმგებელია მედიაგამომცემლის საერთაშორისო სარედაქციო პოლიტიკასა და მასალაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანა ვინტური Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსი გახდა. Condé Nast-ის დაქვემდებარებაში დღეს არაერთი ცნობილი გამოცემაა, მათ შორის არის Vogue.
ახალი გადაწყვეტილება მალე აისახა მოდის პრესის ყველაზე დიდ ჟურნალზე. შედეგად მივიღეთ, ვოგის 128 წლიან ისტორიაში, პირველი „უნივერსალური თემა“ და მის გარშემო გაერთიანებული ყველა საერთაშორისო გამოცემა. თუ მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისთვის, ვოგის ყველა რედაქტორი დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა, ირჩევდა თემას და შესაბამისად პიროვნებას, ვინც გარეკანს დაამშვენებდა, 2020 წლის სექტემბერში, ანა ვინტურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა ქვეყნის ვოგი ერთი „უნივერსალური თემის“ გარშემო გაერთიანებოდა. იგივე განმეორდა 2021 წლის მარტშიც. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ვოგი რეგიონალურ დირექტორებსაც ნიშნავს, რომლებიც თავის მხრივ, პასუხისმგებლები არიან ანა ვინტურთან.
გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინტურის გავლენის გაზრდის ფონზე, Vogue-ს სხვა რედაქტორების ძალაუფლება შემცირდა, მათი სარედაქციო პოლიტიკა კომპანიის ერთიან სტრატეგიას უფრო ძლიერ დაექვემდებარა. შედეგად ვნახეთ, ძალიან სწრაფად დატრიალებული კარუსელი. 2020 წელს, თანამდებობა დატოვეს ვოგის ესპანური, გერმანული, რუსული და ჩინური გამოცემების მთავარმა რედაქტორებმა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ განცხადებებში, ზემოთხსენებული ცვლილებებთან პირდაპირი კავშირი არ იყო, ცხადია, რომ 12 თვეში, 4 მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან წასვლა, უბრალოდ დამთხვევა არ არის.
სწორედ ასეთი დრამატულ პერიოდში ვიგებთ, რომ Conde Nast და მისი გლობალური სარედაქციო პოლიტიკის დირექტორი, ანა ვინტური ჩინური ვოგის დამფუძნებელ მთავარ რედაქტორს, მოდის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფიგურას, ანჯელიკა ჩენგს 27 წლის ბლოგერით და „ინფლუენსერით“ ცვლის. ვინტური ახალ განცხადებაში ხაზს უსვამს მარგარეტის ცოდნას და მდგომარეობას ციფრულ სამყაროში. ეს მართლაც ასეა. ზენგი შესაძლოა ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია დიდი ჟურნალის სარედაქციო მმართველობაში, თუმცა ის მოდის ერთ-ერთი ვეტერანი ბლოგერია, რომელსაც ინსტაგრამზე 1.2 მილიონი გამომწერი ჰყავს. მან ბლოგერობა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. ამასთან, მარგარეთის პორტფოლიოში ვნახავთ სხვადასხვა კოლაბორაციებს ცნობილ ბრენდებთან, საკუთარ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც Youtube -თან და Airbnb-ისთან თანამშრომლობდა, მოკლემეტრაჟიან ფილმს.. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე შემდგარი ფიგურაა თანამედროვე ციფრულ სამყაროში და გასულ 10 წელში, მართლაც დიდი გამოცდილება დააგროვა ბიზნესის ონლაინ შექმნაში, განვითარებაში. ის ყოველთვის იქცევს ყურადღებას მოდის კვირეულებზე, ფერადი თმით, მინიმალისტური, თუმცა ეკლექტური სტილით, დიახ, მარგარეთი ქუჩის სტილის ვარსკვლავიცაა, ფოტოგრაფიც, პერსონალური სტილისტიც, რომელსაც ცნობილი ბრენდების ჩვენებების წინა რიგში ყოველთვის შეამჩნევთ.
Margaret Zhang Margaret Zhang
მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზენგს შესწევს უნარი, ჩინური ვოგი უფრო მიმზიდველი გახადოს ციფრულ სამყაროში, დააინტერესოს „თაობა Z” და ამ მხრივ გამოცემას განსხვავებული შესაძლებლობები გაუხსნას. რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკას, 1.2 მილიონი გამომწერი არ ცვლის რეალობას, რომ მას არ აქვს ცოდნა და გამოცდილება მართოს ჟურნალი, რომლის 1.6 მილიონი ნიმუში იბეჭდება მსოფლიოში, თუმცა ეს არსებითად მნიშვნელოვანი არაა, მითუმეტეს ახლა, როცა ანა ვინტური ვოგის გლობალური სარედაქციო პოლიტიკის დირექტორია. მეტიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინტურის გუნდისთვის ბევრად კომფორტულია იმუშაოს დამწყებ სახესთან, რომელსაც დამოუკიდებელი სარედაქციო ხედვა და ბექგრაუნდი არ აქვს.