თანამედროვე მოდისა და რითეილის ინდუსტრიაში, აუთლეტ ვილიჯის კონცეფცია ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ და დინამიკურ ტრენდად იქცა. ეს არის სივრცე, სადაც პრემიუმ ბრენდების კოლექციების შეძენა ფასდაკლებით არის შესაძლებელი. აუთლეტ ვილიჯი მხოლოდ შოპინგ-სივრცის იდეით არ შემოიფარგლება და სრულიად ახალ სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის. ამასთანავე, როგორც საცალო ვაჭრობის სტრატეგიული გადაწყვეტა, ის თანამედროვე, ცნობიერი მომხმარებლის საჭიროებებს პასუხობს, რომლისთვისაც ხარისხი და ეკონომია შოპინგისას მთავარ კრიტერიუმებს წარმოადგენს. დღეს მსოფლიოს მრავალ წამყვან ქალაქში აუთლეტ ვილიჯი არა მხოლოდ შოპინგის, არამედ ტურისტული მიმართულებაც არის.

ამიერიდან აუთლეტ ვილიჯის კონცეფცია ქართველი მომხმარებლებისთვისაც შოპინგ კულტურის და ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი გახდება. 26 სექტემბერს, თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, ოფიციალურად გაიხსნება თბილისი აუთლეტ ვილიჯი – რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების აუთლეტ ვილიჯი. ახალი სივრცე ვიზიტორებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად ცვლის შოპინგის კულტურას საქართველოში. ინფრასტრუქტურა, ფუნქციური დატვირთვა და განვითარების სტრატეგია ქმნის მოლოდინს, რომ ის როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ისე საერთაშორისო ტურისტების ერთ-ერთ მთავარ დანიშნულების ადგილად იქცევა.

თბილისი აუთლეტ ვილიჯში შესაძლებელი იქნება წამყვანი ბრენდების კოლექციების შეძენა ფასდაკლებით და ამავდროულად, გასტრონომიულ ზონებსა და სპეციალურად დაგეგმილ საჯარო სივრცეებში, დროის სასიამოვნოდ გატარება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აუთლეტში წარმოდგენილი იქნება პრემიუმ კატეგორიის ისეთი ბრენდებიც, რომლებიც პირველად შემოდიან ქართულ ბაზარზე. გახსნის ღონისძიება 3-დღიანი ფესტივალის ფორმატში გაიმართება და მიზნად ისახავს აუთლეტ ვილიჯის როგორც კომერციული, ისე კულტურული დანიშნულების გამოკვეთას.

აუთლეტ ვილიჯის კონცეფციის განხილვისას მნიშვნელოვანია ვახსენოთ მისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე ცხოვრების წესს. თბილისი აუთლეტ ვილიჯი ამ მხრივაც გამორჩეულია – ის ესპანურმა არქიტექტურულმა ბიურომ L35 დააპროექტა, ხოლო დეველოპმენტზე საქართველოში წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია – დომუსმა იმუშავა. არქიტექტურა აერთიანებს ძველი თბილისის მოტივებსა და თანამედროვე ურბანულ ესთეტიკას. თბილისი აუთლეტ ვილიჯი უკვე მოხვდა საერთაშორისო ყურადღების ფოკუსში – პროექტმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „წლის საუკეთესო მომავლის პროექტის“ სტატუსი მოიპოვა, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონული მასშტაბით.