ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. თუკი აქამდე ცხოვრება იყო პრიორიტეტული, ახლა მის წარმოჩენაზე უფრო მეტად ვზრუნავთ. ინსტაგრამისთვის დავიწყეთ ცხოვრება, ვქმნით წარმოსახვით სამყაროს, რომელსაც სოციალურ ქსელში ჩვენს სინამდვილედ ვასაღებთ და ნებას ვაძლევთ სხვებს მოგვყიდონ რაღაც, რისთვისაც მათ ფულს უხდიან. შეიძლება, ზოგისთვის ეს ნათქვამი გაზვიადებული აღმოჩნდეს, მაგრამ ბევრისთვის რეალობა სწორედ ეს არის. 2010-იანების დასაწყისში ინსტაგრამი შეიქმნა და დადგა “ინსტა-ერა.” ბლოგერები უკვე ინფლუენსერები გახდნენ. „ნამდვილი“ ადამიანების აზრი იმდენად სარწმუნო გახდა, რომ მათ მოიპოვეს გავლენა და სხვებზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა მიეცათ. მოკლე დროში ინფლუენსერების აგებული იმპერია იმდენად გაფართოვდა, რომ მათი ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენეს და ახლა ისე, როგორც არასდროს ეს თემა წინ წამოიწია. დეკადის მიწურულს მათთან დაკავშირებით უსიამოვნო სკანდალი ატყდა. მუსიკალური ფესტივალის პოპულარიზაციისთვის, რომელიც საუდის არაბეთში ტარდება, არაერთი ინფლუენსერი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო მაგალითი აღმოჩნდა იმის, რომ მათ ფულზე მორალური ღირებულებების გაყიდვაც შეუძლიათ. და გარდა იმისა, რომ ბოლოდროინდელი სტატისტიკები ცხადყოფს, რომ ისინი უფრო და უფრო ნაკლებად რელევანტურები ხდებიან, ინსტაგრამზე მოწონებების რაოდენობის დამალვაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მათ მომავალს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ეცადნენ მოდის ტრადიციული კალენდარი შეეცვალათ და სისტემას წინ აღდგომოდნენ. არაერთმა ბრენდმა გადაწყვიტა, რომ კოლექციებს არა მოდის მოძველებული კალენდრის მიხედვით, არამედ “see now buy now” მოდელით წარადგენდა, რაც კლიენტის მიერ კოლექციიდან სასურველი ნივთის მისი წარდგენიდან მომენტალურად შეძენას გულისხმობს და არა თვეების შემდეგ, როგორც არის დადგენილი. ამ ახალი სისტემის დასამკვიდრებლად ბრენდებს სეზონების შეცვლა, კოლექციების განსხვავებულ დროს წარდგენა, მათი სხვადასხვა ფორმით გაყიდვა და განსხვავებული გზების ძიება მოუწიათ. ამ მოდელზე გადავიდნენ: მეთიუ უილიამსონი, ბარბერი, ტომ ფორდი, ტომი ჰილფიგერი, მაიკლ კორსი, რალფ ლორენი და სხვები.  გავრცელებული ინფორმაციით, ბარბერის შემოსავალმა 462 მილიონი ფუნტით იკლო, მას შემდეგ, რაც ბრენდმა ახალი მოდელით დაიწყო მუშაობა. ასობით მილიონი იზარალა ტომ ფორდმაც, თუმცა ზიანი მხოლოდ ამ ორ ბრენდს არ მიადგა. ძალიან მალე ამ სისტემის ხარვეზები ნათლად გამოიკვეთა და ბრენდების უმეტესობა ისევ ძველ მოდელს დაუბრუნდა.

Tom Ford Fall 2016, First ‘See Now Buy Now’ show

2010-იანებში ყველაფერი კულტურული მისაკუთრება გახდა. 2016 წელს მარკ ჯეიკობსის ინსტაგრამზე კამათი არ წყდებოდა, როდესაც დიზაინერის კრიტიკა დაიწყეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლებოდა აფრიკული ნაწნავები, დრედები თეთრკანიან მოდელებს ჰქონოდათ. როდესაც ჰარპერ ბაზარის ჩინურმა გამოცემამ რიანას გამოსახულებით ახალი ნომერი გაავრცელა, რომელზეც ბარბადოსელი მომღერალი ჩინური ეროვნული კაბის მოდერნიზებლი ვერსიით პოზირებს, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება წარმოიშვა. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა კარლი კლოსიც, რომლის გეიშათი შთაგონებულ ვოგის გადაღებას კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა და მოდელმა საჯაროდ ბოდიშიც კი მოიხადა. კრიტიკა გამოიწვია კიმ კარდაშანის ხაზმაც, რომელსაც სელებრითმა კიმონო უწოდა. თორი ბარჩმა კამპანიის ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადა, რადგან 2017 წლის გაზაფხულის/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კლიპის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა. მიზეზი მუსიკა და მოდელების კანის ფერი იყო. უმრავლესობითვის მიუღებელი აღმოჩნდა Zay Hilfigerrr & Zayion McCall-ის “Juju On That Beat-ზე” მხოლოდ თეთრკანიანების ცეკვის ყურება. მრავალ ასეთ მაგალითს შორის ყველაზე გახმაურებული, ალბათ, დოლჩე & გაბანას შემთხვევა იყო, თუმცა ამ თემის ასეთი გავრცელება სტეფანო გაბანას კრიტიკაზე „ჯანსაღ“ რეაგირებას უნდა დავაბრალოთ. ბრენდი ჩინეთის უზარმაზარი შოუსთვის ემზადებოდა, რომელზეც მილიონობით დოლარი დახარჯეს, ტრენდავდნენ ჰეშთეგს  #DGlovesChina, გავრცელდა სარეკლამო რგოლი, სადაც ჩინელი გოგონა ჩინური ჩხირებით იტალურ სპაგეტს ჭამს და ეს კადრი რასიზმად და კულტურულ მისაკუთრებად ჩაითვალა.  

View this post on Instagram

@kdhwillems Shake it off! ?❤️

A post shared by Marc Jacobs (@themarcjacobs) on

ეს იყო დეკადა, როდესაც მოდაში მრავალფეროვნება ტრენდი გახდა. მოდა ყოველთვის ორიენტირებული იყო წარმოეჩინა და გაეყიდა იდეალიზებული ქალის იმიჯი, რომელიც ყველასთვის საოცნებოა და არა რეალურის. ამგვარად ჩამოყალიბდა მოდელის სტანდარტები (თეთრკანიანი, მაღალი, თხელი, ღია ფერის თმით და თვალებით) და შეიქმნა ევროპული გარეგნობის ქალის კულტი.  უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მოდელების მრავალფეროვნების პრობლემა არათუ შეიჭრა მოდის უმაღლეს წრეში, არამედ მთავარი განსჯის საგანი გახდა. თითოეული დიდი ბრენდის, გამოცემის, კოსმეტიკური კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საზომი სწორედ მათი მხრიდან წარმოდგენილი მოდელების მრავალფეროვნებაა. რამ მოახდინა მსგავსი გარდატეხა და თვალშისაცემი ცვლილება? პასუხი არის ცალსახა: დღევანდელი რეალობა და სოციუმი. ნუ დავივიწყებთ, რომ მოდა არის ბიზნესი. ახლა კი ისე, როგორც არასდროს საზოგადოების ჩართულობა და აქტივობა არის მაქსიმალურ დონეზე აყვანილი. ნებისმიერი სახის ინფორმაცია ვრცელდება საოცარი სისწრაფით, რასაც თან სდევს ხალხის მხრიდან მასობრივი შეფასებები და რეაქციები. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა შედეგად მოიმკო ის, რომ თითოეული ნეგატიური, დისკრიმინაციული ხასიათის ფაქტი საჯაროვდება და არ რჩება ყურადღების მიღმა. მოდელები გვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს, გამოცდილებას და საჯაროდ საუბრობენ არსებულ პრობლემებზე. ოციოდე წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოდელების გულახდილი საუბრის, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის, სარეკლამო კამპანიის ან ორაზროვნად ნათქვამი ფრაზის გამო ზიანი მიადგებოდათ გავლენიან ფოტოგრაფებს, დიზაინერებს, მოდის სახლებს. საზოგადოება, განსაკუთრებით პრესა დღეს სენსიტიური და ძალიან მტკიცეა. სწორედ აქედან გამომდინარე, არავის სურს სკანდალში გახვევა. არავის სურს მათი სახელი ასოცირდებოდეს დისკრიმინაციასთან. არავის სურს წლების განმავლობაში მოხვეჭილი რეპუტაციის შელახვა, გაყიდვების ვარდნა.  მეტწილად, სწორედ პრესის ასეთმა რადიკალურმა დამოკიდებულებამ მრავალფეროვნებას ტრენდული და იძულებითი ხასიათიც მისცა. 

In 2018 Anok Yai became the first black model to open a Prada show since Naomi Campbell in 1997.

მოდაში შემოვიდა მდგრადობაც. პლანეტისთვის ნაკლები ზიანის მიყენების იდეის გარშემო ძალიან ბევრი გავლენიანი ბრენდი გაერთიანდა. ბუნებრივი ბეწვის გამოყენება აკრძალეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა: ჯორჯო არმანი, გუჩი, მაიკლ კორსი, ლაკოსტი, კელვინ კლაინი, ქოაჩი, ვერსაჩე, დონა კარანი, ბარბერი, ჟან პოლ გოტიე, მარკ ჯეიკობსი, ტომ ფორდი და სხვები. გუჩი, ბალენსიაგა, სან ლორანი ნახშირბად-ნეიტრალური ბრენდები გახდნენ. კომპანიებმა მასალის გადამუშავება, მისი ხელახლა გამოყენება დაიწყეს. სტელა მაკარტნიმ თავისი ბრენდის ისტორიაში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კოლექცია შექმნა, ასევე დააანონსა კოლაბორაცია ადიდასთან ვეგანური ფეხსაცმლის შესაქმნელად. ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებულმა პროტესტმა, რომლის სამიზნეც კონკრეტული ბრენდები ხდებოდნენ, შედეგი გამოიღო. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, საზოგადოების შეხედულებების ცვლილებაც თავისთავად მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე. როცა ერთი დიდი მოთამაშე  მნიშვნელოვან და ლოგიკურ ნაბიჯს დგამს, მას როგორც წესი სხვებიც მიჰყვებიან.