რამდენიმე დღის წინ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Miu Miu-ს ჩვენებაზე მოდელები დაბალწელიანი მინი ქვედაბოლოებით წარსდგნენ. ტრენდი, რომელსაც 2000-იან წლებში პოპულარიზაციას პერის ჰილტონი, ქრისტინა აგილერა, ბიონსე და სხვა არაერთი ცნობილი სახე უწევდა, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე კვლავ ბრუნდება. თუმცა სანამ მიუჩია პრადა ნოსტალგიის გამომწვევ სამოსს თავის აუდიტორიას წარუდგენდა, მანამდე მილანში Blumarine-ს ჩვენებაზე გაერთიანდა ყველაფერი ის, რაც 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში მოდას ახასიათებდა: ფერადოვნება, ბრწყინვალება, ვულგარულობა, სექსუალურობა, სითამამე… ყველაფერი, რაც Y2K-ს უკავშირდება უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ეს ქართულ მოდაშიც თვალსაჩინოა.
2022 წლის Cruise სეზონისთვის გიორგი ქებურიამ სათვალეები სწორედ 2000-იანი წლების ფორმებისა და ტენდენციების შთაგონებით შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ პერიოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიღებული სტილისტური გადაწყვეტილებების გახსენება ერთდროულად გარკვეულ უხერხულობას ქმნის და, ამავდროულად, ღიმილის მომგვრელია, ინსპირაციად ქართველი დიზაინერებისთვისაც იქცა.
Keburia Cruise 2022 © JAMPROJECT
ყველამ, ვინც მის კარიერას თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ გიორგის წარმატებაში მთავარი როლი სწორედ სათვალეებმა ითამაშა. მაშინ, როდესაც მსოფლიოში განსაკუთრებული მოთხოვნა წვრილ სათვალეებზე იყო, მისი შექმნილი დიზაინი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყოველი სეზონი დიზაინერებს ახალ მოთხოვნებს უყენებს. ხშირად საჭირო სიახლეს წარსულისკენ გახედვა და ნანახის ხელახალი ინტერპრეტაცია წარმოადგენს.
ეტაპობრივად “Cat Eye” ქებურიას კოლექციებში განსხვავებული დიზაინის სათვალეებმა ჩაანაცვლა და ისინი ამჯერადაც შეესაბამება მოცემულ მომენტს. ქებურიამ ახალი დიდი ზომის სათვალეები თავის აუდიტორიას ინსტაგრამის საშუალებით პირველად ორი თვის წინ წაუდგინა. Keburia Cruise 2022 სათვალეების სარეკლამო კამპანიის შექმნაზე JAMPROJECT-მა იმუშავა.



Keburia Cruise 2022 © JAMPROJECT
კამპანია 80-იანი წლების “საპნის ოპერებით” არის შთაგონებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ერთი სერიალის რამდენიმე პერსონაჟის ამბავს გვიყვება, რომლებიც შესაძლოა მთავარს როლს არ ასრულებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი პირადი ისტორიები მაყურებლისთვის მაინც საინტერესო და დამაინტრიგებელია. ექვსი დიზაინის სათვალე სხვადასხვა ვიზუალური ესთეტიკის მქონე ეპიზოდებში ერთმანეთისგან განსხვავებულმა, სახასიათო გმირებმა მოირგეს, შედეგად კი მივიღეთ კადრები, რომლებიც გამორჩეული და დასამახსოვრებელია.
Keburia-მ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც გაავრცელა, რომელიც ისევე გვამოგზაურებს დროში, როგორ მისი სხვა კოლექციები. აქსესუარები კი ამჯერადაც გამორჩეულია. პლატფორმები, გრძელი წინდები და მაღალი ქუდები? ისინი სახალისოა და მათი ტარება სითამამეს მოითხოვს. უნდა ველოდეთ, რომ მომავალ წელს მათზე არჩევანს ბევრი გააკეთებს.



Keburia SS 2022 © Instagram / georgekeburia