მოდის სამყარო არ იქნებოდა ისეთი სანახაობრივი, რომ არა ინდუსტრიის საკულტო მოდელები, რომლებმაც სხვადასხვა ეპოქის ისტორია შექმნეს. სამოდელო პროფესიის ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. დეკადებთან ერთად, იცვლებოდა ამ საქმიანობის მასშტაბები, მოდელების გარეგნული სტანდარტები, თუმცა ერთი რამ უცვლელია – ყველა ათწლეულს ჰყავდა თავისი გამორჩეული ვარსკვლავი. სამოდელო ინდუსტრიისათვის აღსანიშნავ ეპოქებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მე-20 საუკუნის 50-იანი წლები. ეს ის პერიოდი იყო, როცა მოდის სამყაროში არაერთი ლეგენდარული მოდელი გამოჩნდა და თაობის ხატად იქცა.

დოვიმა / Dovima

პოლონურ-ამერიკული წარმოშობის დოვიმა იყო პირველი მოდელი, რომელმაც თავისი პროფესიული ფსევდონიმი შექმნა. არისტოკრატული გარეგნობის ახალგაზრდა ქალი, ნიუ იორკში, Vogue-ის რედაქტორმა აღმოაჩინა. მეორე დღეს კი, სახელგანთქმულმა მოდის ფოტოგრაფმა ირვინგ პენმა გადაიღო. დოვიმა რიჩარდ ავედონის საყვარელი მოდელიც გახდა, მათ ისტორიულ თანამშრომლობად იქცა 1955 წლის ფოტო სახელწოდებით – ” დოვიმა სპილოებთან”. დოვიმა აღიარებული იყო, როგორც 1950-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი. მას ჰონორარის სახით საათში 60 დოლარს უხდიდნენ, მაშინ, როცა მოდელების საშუალო ანაზღაურება,, დაახლოებით 25 დოლარი იყო.

ჯინ პატჩეტი / Jean Patchett

ამერიკელი პატჩეტის კარიერა ჯერ კიდევ 1940-იან წლებში დაიწყო. 50-იანებში ის თავისი კარიერის მწვერვალზე აღმოჩნდა. პაჩეტი Vogue-ის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ყდებს ამშვენებდა. როგორც მისი კოლეგები აღნიშნავდნენ, მოდელი საკმაოდ დისტანციური, ცივი და ქედმაღალი იყო, რაც სხვებისგან გამოარჩევდა. თავისი კარიერის განმავლობაში, ჯინ პატჩეტის ფოტო დაახლოებით 40 გარეკანზე დაიბეჭდა.

დორიან ლეი / Dorian Leigh

ამერიკელი დორიან ლეიც ერთ-ერთ პირველ სუპერმოდელად მიიჩნევა, რომელმაც სახელი მთელს მსოფლიოში გაითქვა. მისი კარიერული წარმატება სამოდელო სტანდარტების მიხედვით, არც ისე ადრეულ ასაკში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან ჰქონდა კონტრაქტი, მნიშვნელოვან გადაღებებსა და ჩვენებებში არ მონაწილეობდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ იდეალური სიმაღლის პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებდა. 27 წლის იყო და ორი შვილი ჰყავდა, როცა Harper’s Bazaar-ის რედაქტორი დაიანა ვრილენდი გაიცნო. დაიანა მოიხიბლა დორიანის განსხვავებული გარეგნობით, განსაკუთრებით კი მისი წარბების დამახასიათებელი ფორმით. დორიან ლეის ბავშვური შესახედაობის გამო, ყველას 20 წელზე ნაკლების ეგონა, რაც კარიერის აწყობისათვის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა. ვრილენდთან შეხვედრის შემდეგ მალევე, ლეი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახედ იქცა – ჩნდებოდა Vogue-ის და სხვა ავტორიტეტული მოდური ჟურნალების ყდებზე, იყო არაერთი ცნობილი ფოტოგრაფის მუზა და თანამშრომლობდა იმ პერიოდის წამყვან მოდის სახლებთან.

სუზი პარკერი / Suzy Parker

ამერიკელი მოდელის, სუზი პარკერის კარიერა 1947 წელს დაიწყო და განსაკუთრებულ წარმატებას 50-იან წლებში მიაღწია. მისი ფოტო მოდური ჟურნალების ათობით ყდაზე დაიბეჭდა, მონაწილეობდა ეპოქის წამყვანი ბრენდების რეკლამებში. გარდა სამოდელო კარიერისა, სუზი კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაშიც საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობდა. 1956 წელს, ის იქცა პირველ მოდელად, რომელიც წელიწადში 100,000 დოლარს გამოიმუშავებდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 940,000 დოლარია. აღსანიშნავია, რომ სუზი პარკერს სახელგანთქმულმა მუსიკალურმა ჯგუფმა The Beatles -მა სიმღერაც მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ნამუშევარი ბენდს არ გამოუცია, კომპოზიცია გაჟღერდა მათ შესახებ 1969 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით  Let It Be.

ეველინ ტრიპი / Evelyn Tripp

ამერიკელი ეველინ ტრიპი პატარა ფერმაში დაიბადა. როდესაც ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მუშაობდა, ჟურნალ Harper’s Bazaar-ის ფოტოგრაფის ასისტენტმა შემთხვევით აღმოაჩინა. ეველინმა თავისი დრამატული გარეგნობით მალევე გაითქვა სახელი და იმ პერიოდის ცნობილი დიზაინერები და ფოტოგრაფები მოხიბლა. ეველინ ტრიპი იყო ერთ-ერთი ის მოდელი, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში, მსოფლიო ომის შემდგომი მოდის ინდუსტრიის თვალსაჩინო სახეედ იქცა.

ლიზა ფონსაგრივსი / Lisa Fonssagrives

ლიზა ფონსაგრივსი შვედეთში დაიბადა. ბავშვობიდან მისი გატაცება ცეკვა იყო და პროფესიდაც სწორედ ეს საქმიანობა აირჩია. დაახლოებით 23 წლის იყო, როცა პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ქორეოგრაფიული სკოლა გახსნა. 1936 წელს კი, მოდის ფოტოგრაფმა უილი მეივალდმა შენიშნა და სთხოვა, რამდენიმე ფოტოს გადაღების ნებართვა მიეცა. ამ დღიდან დაახლოებით 2 წელში, ლიზა ფონსაგრივსი ცნობილი მოდელი იყო. 40-იან და 50-იან წლებში კი, კარიერულ ზენიტს მიაღწია. აღსაიშნავია, რომ მასთან მუშაობა ყველას უყვარდა, მიზეზი ლიზას განსაკუთრებული უშუალობა და კარგი იუმორი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელმა საკუთარი თავი “კარგი ტანისამოსის მომრგებად” მოიხსენია და ეს მაშინ, როცა თაობის ხატად და ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად მიიჩნეოდა.