ფილმის მხატვრულ ღირებულებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კოსტიუმების დიზაინი. ზოგჯერ, ეს კინოსურათის ის უპირატესობა აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც მას ოსკარსს მიაღებინებს. ფილმების კოსტიუმების დიზაინზე არაერთი ცნობილი პროფესიონალი მუშაობს. თუმცა, სრულიად სხვა შემთხვევა გვაქვს, როცა ამ საქმეს ხელს სახელგანთქმული მოდის სახლის ხელმძღვანელი ჰკიდებს.

თვალი გადავავლოთ 15 ცნობილ ფილმს, რომელში გამოყენებული კოსტიუმები მოდის წამყვანმა დიზაინერებმა შექმნეს.

Stage Fright (1950) — კრისტიან დიორი

ფილმის წამყვანმა მსახიობმა, მარლენ დიტრიხმა რეჟისორ ჰიჩკოკს მოსთხოვა, რომ კოსტიუმების დიზაინზე სამუშაოდ კრისტიან დიორი დაექირავებინა. ამავდროულად, დიორი დიტრიხის ახლო მეგობარიც იყო. ასე ჩაერთო დიორი ფილმის შექმნის პროცესში და კოსტიუმების დიზაინერის ამპლუაში წარსდგა.

And God Created Women (1956) – პიერ ბალმანი

როჯერ ვადიმის ამ ფილმის მთავარი როლში, მაყურებელმა ყველა დროის აღიარებული ვარსკვლავი და სტილის სიმბოლო – ბრიჯიტ ბარდო იხილა. კინოსურათი მზიან სან ტროპეშია გადაღებული. შესაბამისი ხასიათის შექმნისათვის, საჭირო იყო მსუბუქი, სანაპიროსათვის შესაფერისი, თუმცა, დახვეწილი კოსტიუმების შექმნა. ამ დავალებას კი, თავი მარტივად გაართვა დიზაინერმა პიერ ბალმანმა.

Breakfast at Tiffany’s (1961) – იუბერ დე ჟივანში

თუ კინომოყვარული ხართ, აუცილებლად კარგად გემახსოვრებათ გამხსნელი სცენა ცნობილი ფილმიდან “საუზმე ტიფანისთან”. კაბა, რომელიც ოდრი ჰეპბერნს აცვია, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კოსტიუმად მიიჩნევა კინემატოგრაფიის ისტორიაში და ის ლეგენდარული იუბერ დე ჟივანშის შექმნილია.

Last Year in Marienbad (1961) – კოკო შანელი

რეჟისორ ალან რენეს ფილმისათვის კოსტიუმების დიზაინზე კოკო შანელი მიიწვიეს. მან სამოსი ქალის მთავარი როლის შემსრულებლისათვის, დელფინ სეირიგისათვის შექმნა. კოკო შანელი თავისი მოდის სახლის ხელწერით ხელმძღვანელობდა, ამიტომ ფილმში გამოყენებული კოსტიუმები და აქსესუარები განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

 Belle Du Jour (1967) – ივ სენ ლორანი

ივ სენ ლორანმა ფილმზე მუშაობისას, კატრინ დენევისათვის შთამბეჭდავი კოსტიუმები შექმნა. დენევისა და სახელგანთქმული დიზაინერის კოლაბორაციამ კინოსურათს საინტერესო ესთეტიკა და სახასიათო შტრიხები შესძინა.

 Barbarella (1968) — პაკო რაბანი

პაკო რაბანი ცნობილია კოსმოური ესთეტიკით და ის იდეალურად მოერგო Barbarella-ში ჯეინ ფონდას პერსონაჟს. 1960-იანი წლების კინოსურათისათვის , ფუტურისტული დიზაინის ხედვით შექმნილი სამოსი შთამბეჭდავი ვიზუალით გამოირჩევა.

Mistress (1975) – კარლ ლაგერფელდი

ეროტიკულ ფილმზე მუშაობის დროს, კარლ ლაგერფელდს მოუწია კარგად შეესწავლა ფეტიშისტური ბუნება და ის კოსტიუმების დიზაინში გაეცოცხლებინა. მიუხედავად იმისა, რომ ლაგერფელდის ხელწერისაგან ეს შორს იყო, ლეგენდარული დიზაინერის ფენომენალური ნიჭის დამსახურებით, სამოსმა კინოსურათს ზუსტი ხასიათი შესძინა.

American Gigolo (1980) – ჯორჯო არმანი

1980-იანი წლების ამ ფილმში, რიჩარდ გირი მოდურ და მომხიბლავ ჟიგოლოდ გარდაისახა. რამდენადაც სტილს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, კოსტიუმების დიზაინი გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ამ გამოწვევას კი ჯორჯო არმანიმ თავისი ხელწერით ოსტატურად უპასუხა.

A View to a Kill (1985) — აზადინ ალაია

აგენტი 007, როჯერ მური, გრეის ჯონსი და აზადინ ალაია – ამ ადამიანების გაერთიანება საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ეს ფილმი სტილის შთამბეჭდავი შეგრძნებით გამოირჩეოდა. ალაია კონკრეტულად გრეის ჯონსის პერსონაჟის კოსტიუმებზე იყო პასუხისმგებელი. სახელგანთქმული დიზაინერის მონაწილეობამ, ჯონსის გმირი – მეი დეი ყველაზე მოდურ უარყოფით პერსონაჟად აქცია.

The Fifth Element (1997) – ჟან პოლ გოტიე

ლუკ ბესონის სახელგანთქმული სამეცნიერო ფანტასტიკა, ალბათ, არ იქნებოდა ისეთი სრულყოფილი, რომ არა ფუტურისტული და ავანგარდული დიზაინის ოსტატის – ჟან პოლ გოტიეს მონაწილეობა. გარდა ესთეტიკური მიგნებებისა, გოტიემ თავისი ნამუშევარი მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვითაც გაამდიდრა. მაგალითად, ფილმის დასაწყისში მილა იოვოვიჩოს ცნობილი კოსტიუმი ფრიდა კალოს ავტოპორტრეტით არის შთაგონებული.

Marie Antoinette (2006) – მანოლო ბლანიკი

სოფია კოპოლას ფილმი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კინოსურათად, კრისტენ დანსტის მიერ განსახიერებული მარია ანტუანეტა კი, ერთ-ერთ ყველაზე მოდურ კინოგმირად მიიჩნევა. მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ფილმი ვერსალის სასახლეშია გადაღებული, მნიშვნელოვანი როლი კოსტიუმების დიზაინმაც ითამაშა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის დიდგვაროვანთა სტილი, ფერადი და ძვირადღირებული სამოსით იდეალურად გააცოცხლა ფეხსაცმელების ლეგენდარულმა დიზაინერმა მანოლო ბლანიკმა.

 I Am Love (2009) – რაფ სიმონსი Jil Sander-სათვის

ლუკა გუადანინოს 2009 წლის ფილმზე რაფ სიმონსმა კოსტიუმების დიზაინერის ამპლუაში მაშინ იმუშავა, როცა Jil Sander-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის სტატუსს ატარებდა. დიზაინერმა სამოსი გუადანინოს მუზის, ტილდა სუინტონისათვის შექმნა. კოსტიუმების დიზაინით, მან მილანის მაღალი საზოგადოების ცხოვრების სტილი გამოხატა.

Black Swan (2010) — როდარტე

“გედების ტბის” ინსპირაციით შექმნილ დარენ არანოვსკის თრილერში შესრულებული როლისათვის, ნატალი პორტმანს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო გადაეცა. მისი დრამატული და მისტიკური ვიზუალი შთამბეჭდავ გრიმთან ერთად, კოსტიუმების დამსახურებაც არის. სამოსი მოდის სახლ როდარტეს დიზაინერებმა, დებმა ლაურა და ქეით მალივიებმა შექმნეს.

The Great Gatsby (2013) – მიუჩია პრადა

The Great Gatsby ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმია – გადასაღები ლოკაციებით, დეკორაციებით და კოსტიუმების დიზაინით ის ნამდვილად გამოირჩევა. სამოსზე სხვადასხვა დიზაინერმა იმუშავა, მათ შორის არის მუჩია პრადა, რომელმაც 40 კოსტიუმი შექმნა. 2013 წელი ის პერიოდი იყო, როცა დიკაპრიოს ოსკარი ჯერ არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ თაყვანისმცემლები ფილმში შესრულებული როლისათვის მის ნომინირებას მოუთმენლად ელოდნენ. თუმცა, როგორც მაშინ აღმოჩნდა, “დიდებული გეთსბი”-ში სხვადასხვა მსახიობის მიერ ნაჩვენებ სამსახიობო ოსტატობაზე მეტად, ამერიკის კინოაკადემიის ყურადღებაც კოსტიუმებმა მიიქცია.

James Bond: Spectre (2015) – ტომ ფორდი

ბონდიანას ხანგრძლივი ისტორიისათვის სტილს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უკვე ვახსენეთ. აგენტი 007 არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნებით, ფიზიკური და გონებრივი მომზადებით, არამედ შარმითაც გამოირჩევა. დახვეწილი ქარიზმა არის ის, რაც ჯეიმს ბონდს სხვა ბლოკბასტერების არანაკლებ მოხერხებული აგენტებისაგან გამოარჩევს. 2015 წლის ფილმის კოსტიუმების დიზაინის შექმნაზე ტომ ფორდმა იმუშავა. ფორდმა ასევე შექმნა სამოსი 2008 წლის ეპიზოდისათვის და ყველაზე ახალი ფილმისათვის No Time To Die, რომლის პრემიერა 2021 წლის 8 ოქტომბერს იგეგმება.