ეს ისტორია 1856 წელს იწყება ბეისინგსტოკში, როდესაც 21 წლის თომას ბარბერიმ დააფუძნა ბრენდი, რომელიც ემყარებოდა პრინციპს, რომ სამოსი უნდა შეიქმნას იმისთვის, რათა ადამიანები ბრიტანული ამინდისგან დაცულები იყვნენ. ინოვაცია ამ ბრიტანული ბრენდის საფუძველს წარმოადგენს. თომას ბარბერის ეკუთვნის წყალგაუმტარი ქსოვილის ტექნოლოგიის შემუშავება, რომელსაც გაბარდინი ეწოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი ბარბერიმ საკულტო თრენჩ ქურთუკი შექმნა.

მას შემდეგ ბრენდი ინარჩუნებდა თავის კონსერვატულ და კლასიკურ სახეს, სანამ 1998 წელს იტალიელი რობერტო მენიჩეტის შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნით ბარბერის საერთაშორისო მაღალი მოდის ბრენდად ქცევისკენ პირველი ნაბიჯი არ გადაიდგა. სამი წლის შემდეგ რობერტო 30 წლის ქროსტოფერ ბეილიმ ჩაანაცვლა, რომელმაც ბრენდი ხელახლა შექმნა. ქრისტოფერის დამსახურებით ბარბერი მოდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა გახდა და უფრო ფართო ასპარეზზე გაითქვა სახელი. ბრიტანელმა დიზაინერმა ბარბერის ამბავი განავითარა და მასზე მსოფლიოს მოუყვა. გარკვეული დროის შემდეგ ის უკვე აღარ ასოცირდებოდა მხოლოდ გაბარდინთან, თრენჩთან თუ ბრიტანულ მემკვიდრეობასთან, არამედ საწყისის შენარჩუნებით დროს მოერგო და აქტიურად ჩაერთო მაღალი მოდის თამაშში. 17 წლის განმავლობაში ბეილი თავისთვის ბუნებრივად გამოხატავდა ბრიტანულ სტილს და ამავდოულად სცდებოდა მის საზღვრებს.
2014 წელს ბეილიმ ბარბერიში მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის როლიც შეითავსა, მაგრამ ამ თანამდებობისთვის მისი შეუფერებლობა მალევე გამოიკვეთა. ქრისტოფერს ჰქონდა შესაძლებლობა პირადად ენახა როგორ ართმევდა თავს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ბრენდის მართვას თავს. ბარბერიმდე ის ხუთი წლის განმავლობაში ტომ ფორდის დაქვემდებარებაში მუშაობდა. ტომი კოლექციების შექმნის გარდა ბრენდების მართვაზეც ზრუნავდა, რადგან გუჩი გრუპში (რომელიც ახლა ქერინგად იწოდება) ჰქონდა პოზიცია დაკავებული. თუმცა ტომისგან განსხვავებით ქრისტოფერითვის ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა ჩვეულად გაეგრძელებინა დიზაინზე მუშაობა, მაშინ როცა მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა. ბეილი არ გამოდგა ფრთხილი გენერალური დირექტორი. ბარბერი იყო ის პირველი დიდი ბრენდი, რომელიც გამოუცდელ, სარისკო See Now Buy Now მოდელზე გადავიდა, რომელიც კოლექციების ყიდვის შესაძლებლობას ჩვენებისთანავე იძლევა და არა საშუალოდ ექვსი თვის შემდეგ, როგორც ამას ტრადიციული სისტემა გულისხმობს. მალევე ამ მოდელით ბარბერიმ ფინანსურად იმდენად იზარალა, რომ კვლავ ძველ მიდგომაზე გადავიდა. ქრისტოფერი ბარბერიში არ გამოდგა ტომ ფორდი გუჩი გრუპში, ამიტომაც 2016 წელს კვლავ ტანსაცმლის დიზაინზე კონცენტრირდა. ორი წლის შემდეგ კი მისი პრიორიტეტი ოჯახი გახდა. ქმართან და შვილებთან მეტი დროის გატარების მიზნით კომპანია, რომელიც გაზარდა, განავითარა, მაღალ საფეხურზე აიყვანა დატოვა.

ქრისტოფერ ბეილის წასვლით ბარბერის მიმართ ინტერესი არ გამქრალა. ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბრიტანული ბრენდის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. კრეატიულ დირექტორად დაინიშნა ისეთი დიზაინერი, რომელსაც ათწლეულზე ცოტათი მეტი დასჭირდა მოდაში საპატიო ადგილის დასაკავებლად. დამაინტრიგებეული იყო იმის წარმოდგენა თუ როგორი იქნებოდა ჟივანშიში გოთიკური სენსუალობით ცნობილი იტალიელი რიკარდო ტიშის ბრიტანული მემკვიდრეობის მატარებელი ბარბერი.
სანამ რიკარდოს სადებიუტო ჩვენება გაიმართებოდა, ბარბერისგან გავრცელდა ეკოლოგიურად სასარგებლო სიახლეები. 38 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმლის განადგურების გამოცდილება ბრენდისთვის გახდა მასწავლებელი იმისა, რომ გასაყიდად დარჩენილი საქონლის განადგურება მრავალ მიზეზთა გამო ცუდი არჩევანია ამიტომაც ასე აღარ მოიქცეოდნენ და ალტერნატიულ გზებს მიმართავდნენ, მათ შორისაა მასალის ხელახლა გამოყენება. ბარბერიმ უარი განაცხადა ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზეც.
2018 წლის სექტემბერში ტიშიმ ბარბერის სახელის ქვეშ 134 ლუქი წარმოადგინა. ახალი ამბის პირველი თავი ვრცელი გამოდგა, თუმცა აზრიანი. კოლექცია მოიცავდა ახალ დასაწყისს, დატოვებული მემკვიდრეობისადმი პატივის მიგებას, წარსულთან დაბრუნებას, აწყმოსთან შეთავსებისკენ მიდრეკილებას. იტალიის სამხრეთ ნაწილში საშუალო კლასის დიდ კათოლიკურ ოჯახში დაბადებული რიკარდო ინგლისში პირველად 17 წლის ასაკში მოხვდა, როცა Central Saint Martins-ში მოდის შესწავლა დაიწყო. გარდა იმისა, რომ დიზაინერი აქ გახდა, მისი თქმით, სწორედ ამ ქვეყანაში შეიცნო საკუთარი თავი, გაიგო თუ ვინ იყო. კოლექციას „სამეფო“ უწოდა და მოიცავდა როგორც კულტურასთან დაკავშირებულ, ასევე არსებულ პრობლემურ საკითხებსაც. მასში კლასიკური დიზაინის გარდა, წარმოდგენილი იყო კლასიკური ლიტერატურაც – შექსპირის ფრაზები. მამაკაცის მაისურზე ვკითხულობდით „ვინ მოკლა ბემბი,“ ჯგუფ Sex Pistols-ის სიმღერის სახელს. დიდი ბრიტანეთის ევროპისგან გამოყოფის პროცესში მოდელებზე ჯაჭვით ჩამოკიდებული პასპორტები კი არსებულ რეალობაზე მეტყველებდა.

ბარბერისთვის სიახლე იყო ახალი ლოგო და მონოგრამა, რომელიც პიტერ სევილმა შექმნა. ისინი ჩვენებამდეც მსოფლიოს არაერთ კუთხეში იქცევდა მნახველის ყურადღებას შენობებსა თუ მანქანებზე, ამიტომ მოულოდნელი არ ყოფილა მათი ქსოვილზეც ხილვა, მითუმეტეს ლოგომანიის ასეთი აქტუალურობის პერიოდში.
ტიშის მიზანი იყო, რომ ბარბერით არა მხოლოდ ერთი, არამედ მრავალი იდენტობა წარმოედგინა. სურს, რომ შემოსოს როგორც მშობლები, ისე შვილები და „ბარბერის ქოლგის ქვეშ“ აჩვენოს ყველაფერი. მან მართლაც ბევრი იდენტობა შექმნა. კოლექციაში იყო კლასიკა და პანკი. კონსერვატორულობა და თანამედროვეობა. ტრადიცია და ახალი მიმართულება. მკაცრი სტილი და სპორტული სამოსი.

რაც ამ კოლექციას აკლდა იყო მისი ხილვით გამოწვეული სასიამოვნო გაოცება და მღელვარება. ეს იყო ჭკვიანური და ფრთხილი დებიუტი, რომელსაც ცუდად ვერ შეაფასებ, თუმცა ცრემლს მხოლოდ დიზაინერის წინა რიგში მჯდარ დედას თუ მოჰგვრის.