ანას მამა ცნობილი რედაქტორი იყო
ანა ვინტური 1949 წლის 3 ნოემბერს ბრიტანელი ჟურნალისტის, ჩარლზ ვინტურისა და ამერიკელი ელეანორ ტრეგო ბეიკერის ოჯახში დაიბადა. მამამისი London Evening Standard-ის მთავარ რედაქტორად მუშაობდა. მისი ოთხი და-ძმიდან ერთ-ერთი, პატრიკი, ასევე ჟურნალისტია და The Guardian-ის დიპლომატიური რედაქტორია.
ანა ვუნტური სკოლის დრესკოდს აპროტესტებდა
ვინტური ჩრდილოეთ ლონდონის კოლეგიურ სკოლაში სწავლობდა, სადაც დაწესებულების დრესკოდს ქვედაბოლოების დამოკლებით აპროტესტებდა. 2009 წლის დოკუმენტურ ფილმში – The September Issue – ვინტურმა აღნიშნა, რომ 60-იანი წლების ლონდონში გატარებულმა ბავშვობამ განსაზღვრა მისი ხედვა და მოდა ადრეულ ასაკშივე შეაყვარა.
მოდის ინდუსტრიაში მუშაობა 15 წლის ასაკში დაიწყო
15 წლის ანას მამა ლონდონურ ბუტიკ Biba-ში პირველი სამსახურის შოვნაში დაეხმარა – სწორედ იმ წელს დაიწყო მან თავისი საკულტო ვარცხნილობის, ე.წ. „ბობის“ ტარება. ვინტურმა სკოლა მიატოვა, რათა Harrods-ის თინეიჯერულ სასწავლო პროგრამაში ჩართულიყო, მოგვიანებით კი Harper’s Bazaar UK-სა და Harper’s & Queen-ში სარედაქციო ასისტენტი გახდა. 1975 წელს ის ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც Harper’s Bazaar-ში მოდის მიმართულების უმცროსი რედაქტორის პოზიცია დაიკავა.

ორი წლის განმავლობაში ანა ვინტური ბრიტანული Vogue-ს მთავარი რედაქტორი იყო
ვინტურისთვის გარდამტეხი მომენტი 1983 წელს დადგა, როდესაც ამერიკული Vogue-ის კრეატიული დირექტორი გახდა. 1985 წელს მან ბრიტანულ Vogue-ში ბეატრიქს მილერი მთავარი რედაქტორის პოსტზე ჩაანაცვლა, თუმცა 1988 წელს ისევ ნიუ-იორკში დაბრუნდა, რათა სათავეში ამერიკულ Vogue-ს ჩადგომოდა.
ანა ვინტურმა Vogue-ში თავისი პირველივე გარეკანით მოდის პრესაში რევოლუცია მოახდინა
1988 წელს, მისი რედაქტორობით გამოცემულ პირველივე ნომერში, გარეკანზე მოდელმა მიქაელა ბერკუმ კრისტიან ლაკრუას თვლებით მოჭედილ მოსაცმელთან ერთად, 50-დოლარიანი Guess-ის ჯინსი მოირგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოდის ჟურნალმა მაღალი მოდის და მას მარკეტის ბრენდის მიქსი წარადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, Condé Nast-ისგან მას ტანსაცმლისთვის წლიური ბიუჯეტი – 200,000 დოლარი გამოეყოფოდა
ვრცელდებოდა ხმები, რომ ანა ვინტურს Vogue-ის მშობელი კომპანია Condé Nast-ისგან წლიურად 200,000 დოლარზე მეტი გამოეყოფოდა სამოსისთვის. წლიური ბიუჯეტის გარდა, ის დიზაინერებისგან საჩუქრად უახლესი კოლექციის მოდელებსა და აქსესუარებსაც იღებს.
ანა ვინტურის წლიური ხელფასი 4 მილიონ დოლარს აღწევდა
ვინტურის ქონება 50 მილიონ დოლარადაა შეფასებული. Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე კი მისი წლიური ხელფასი, გავრცელებული ინფორმაციით, 4 მილიონ დოლარს აღწევდა.
ის ყოველდღე დილის 5 საათზე იღვიძებს
ანა ვინტური ცნობილია თავისი მკაცრი რეჟიმით. ის დილის 5 საათზე დგება, თამაშობს ჩოგბურთს, იწესრიგებს თმასა და მაკიაჟს, რის შემდეგაც სამუშაო დღეს იწყებს. მისი სამუშაო მაგიდა ყოველთვის იდეალურ წესრიგშია.
ანა ვინტურს ორი შვილი ჰყავს
1984 წელს ვინტური ბავშვთა ფსიქიატრზე, დევიდ შეფერზე დაქორწინდა. წყვილი 15 წლის განმავლობაში ერთად იყო, სანამ 1999 წელს ოფიციალურად დაშორდებოდნენ. მათ ორი საერთო შვილი – ვაჟი და ქალიშვილი ჰყავთ.
ვინტურის თქმით, მუქ სათვალეს იმისთვის ატარებს, რომ ჩვენებების დროს რეაქცია შენიღბოს
ვინტური თავისი მუქი სათვალეებით არის ცნობილი. გარდა იმიჯის დამახასიათებელი დეტალისა, სინამდვილეში მათ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. 2009 წელს, გადაცემა 60 Minutes-თან ინტერვიუში, Vogue-ის იმჟამინდელმა რედაქტორმა გაამხილა, რომ სათვალეებს ხშირად იმიტომ ირგებს, რომ ჩვენებების დროს საკუთარი რეაქციები დაფაროს.



