მოდის პრესის ხსენებაზე, ყველას Vogue ახსენდება – ჟურნალი, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შემდეგ, ამ სფეროს ყველაზე რეპუტაციულ გამოცემად ჩამოყალიბდა და მოდის ბიბლიის სტატუსიც დაიმსახურა. Vogue 1892 წელს დაარსდა. თავდაპირველად, ის ნიუ იორკის მაღალი საზოგადოების ცხოვრების სტილის მიმომხილველი ჟურნალი იყო. 1909 წელს, ამერიკელმა გამომცემელმა და მედიამაგნატმა, კონდე მონტროუზ ნასტმა (Condé Montrose Nast) Vogue შეისყიდა და მოდის ჟურნალად აქცია, რომელიც გამოკვეთილად იყო ფოკუსირებული მოდის სახლებზე, ტრენდებზე, დიზაინებსა და სილამაზის ინდუსტრიაზე. ასე გახდა Vogue გიგანტი მედიაკომპანია Condé Nast Publications-ის ნაწილი.

ამ დროიდან, Vogue თანამშრომლობდა ეპოქის წამყვან ილუსტრატორებთან, უფრო მოგვიანებით კი, უკვე ფოტოგრაფებთან, მოდელებთან და დიზაინერებთან. ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისათვის კარიერული მწვერვალი იყო. 1988 წლიდან, ჟურნალის ძირითადი, ამერიკული გამოცემის ხელმძღვანელი ანა ვინტურია და შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელმძღვანელობიდან Vogue-ში ისტორიის ახალი თავი დაიწყო, რომელიც დღემდე იწერება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟურნალის და მისი შემოქმედებითი გუნდის მოღვაწეობის ქრონიკები ხანგრძლივი და მრავალფეროვანია, სწორედ ამიტომ მას თან ახლავს არაერთი საინტერესო ფაქტი, რომელმაც მოდის სამყაროში ისტორია შქმნა.

1/10. დაარსებიდან პირველი 17 წლის განმავლობაში, Vogue-ის ნომერი ყოველკვირეულად გამოდიოდა. Condé Nast-თან შეერთების შემდეგ, გამოცემის სიხშირე თვეში ორ ნომრამდე დავიდა. ყოველთვიურ გამოცემად კი, ჟურნალი 1973 წელს იქცა და დღემდე ასეა.

2/10. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჟურნალ Vogue-ის თვითღირებულება ხარისხიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია, ნომრის საბაზრო ფასიც შესაბამისია. რაც შეეხება პირველ ნომერს, მისი შეძენა მსურველებს 10 ცენტად შეეძლოთ.

3/10. 1932 წლის პირველ ივლისს, Vogue-ის გარეკანზე პირველად დაიბეჭდა ფერადი ფოტო. მაშინ ეს საერთაშორისო პრესის სამყაროში დიდ სიახლეს და ნოვატორულ მიღწევას წარმოადგენდა.

Vogue, 1932 წლის ივლისის ნომერი.

4/10. Vogue-მ არა ერთხელ ითანამშრომლა ისეთ ცნობილ არტისტთან, როგორიც სალვადორ დალია – ჟურნალის არსებობის ისტორიაში, გამოცემის ყდა სამჯერ სწორედ დალიმ შექმნა.

Vogue, 1939 წელი.

5/10. Vogue-მა შეცვალა მამაკაცი მოდელების სტანდარტები – 60-იანი წლებიდან, მასკულინური სხეულის მაგივრად, ჟურნალის სარედაქციო კოლეგია უპირატესობას ანიჭებდა თხელი აღნაგობის, გენდერულად მაქსიმალურად ნეიტრალური გარეგნობის მამაკაც მოდელებს. ეს ცვლილება მალე, ცხადია, მოდის სახლების კამპანიებსა და პოდიუმზეც აისახა.

6/10. 1974 წელს, Vogue-ის აგვისტოს ნომერი იყო პირველი გამოცემა, რომლის ყდაზეც აფრო-ამერიკული წარმოშობის მოდელის ფოტო დაიბეჭდა.

7/10. ჟურნალის ისტორიაში, ყველაზე დიდი გამოცემა 916 გვერდისაგან შედგებოდა. ეს იყო 2012 წლის სექტემბრის ნომერი, რომლის ყდაზე მარკ ჯეიკობსის კაბაში გამოწყობილი Lady Gaga დაიბეჭდა. ნომერი დაახლოებით 2 კილოგრამს იწონიდა.

8/10. Vogue-ის არსებობის ისტორიაში, ყდაზე 91-ჯერ გამოჩნდა ძაღლი. ადამიანის ოთხფეხა მეგობარი ბოლოს 2019 წლის აგვისტოს ნომრის ყდაზე, პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან ერთად დაიბეჭდა.

9/10. Vogue-ის არსებობის ისტორიაში, ყდაზე მხოლოდ ოთხჯერ დაიბეჭდა წყვილის ფოტო – პირველად ეს მოხდა 1992 წელს, როცა გარეკანზე სინდი კროუფორდი და რიჩარდ გირი გამოჩნდნენ, მეორე შემთხვევა 2014 წლის აპრილის გამოცემა იყო, როცა კიმ კარდაშიანის და ქანიე ვესტის საერთო ფოტო დაიბეჭდა. მესამე – ჯიჯი ჰადიდი და ზეინი 2017 წლის აგვისტოს ნომრის ყდაზე, ბოლო მომენტი კი ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბიბერმა შექმნეს, როცა მათი ერთობლივი ფოტო 2019 წლის მარტის ნომრის ყდაზე დაიბეჭდა.

10/10. ამერიკულ Vogue-თან მიმართებით, ბოლო პერიოდში ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა 2020 წლის დეკემბრის ნომერია. მისი არსებობის ისტორიაში მამაკაცს პირველად მიეძღნა სოლო ყდა – ეს ადამიანი კი ჰარი სტაილსი აღმოჩნდა.