2020 წელს, ჰარი სტაილსი მოდის პრესის ყურადღების ცენტრში იყო. სტაილსი იმდენად ასოცირდება მოდის ინდუსტრიასთან, რომ ხშირად გვავიწყდება მისი მუსიკალური კარიერა. 2021 წლის დადგომასთან ერთად, არტისტმა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი – “ფლიბეგის” შემქმნელი ფიბი უოლერ-ბრიჯი მონაწილეობს.

თუ მოდაში სტაილსის კარიერას თვალს გადავავლებთ, გასაკვირი არ არის, რომ ვიდეოში მას და უოლერ-ბრიჯს იტალიური ბრენდის, Gucci-ის სამოსი აცვიათ. 2019 წელს, ბრიტანელი მომღერალი, Met Gala-ს ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორი გახდა. საღამოს სპონსორი კი,სწორედ Gucci გახლდათ. გარდა ამისა, 2020 წლის მიწურულს, ჰარი კიდევ ერთხელ ჩაეწერა მოდის ისტორიაში, როგორც ამერიკული Vogue -ის სოლო ყდის პირველი მამაკაცი ქავერ-ვარსკვლავი.