“თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მოდა ძალიან სწრაფ ტემპს მოითხოვს, რამაც გამოიწვია ბევრი დიზაინერის წასვლა ბრენდებიდან. მაგრამ, ჩემთვის მოდა ყოველთვის იყო სარკე იმისა, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო; პოლიტიკაში, კულტურაში, ეკონომიკაში. ჩვენ ავსახავთ ამ ყველაფერს და რეალობა ასეთია: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დრო ყველაზე მეტად ფასობს და ყველაფერი სწრაფად ვითარდება. ნელ ტემპზე აწყობილი მოდა ჩემთვის ალოგიკური იქნებოდა, იმიტომ, რომ ის არ უპასუხებდა თანამედროვე სამყაროში განვითარებულ მოვლენებს.

სხვა ადამიანების მაგივრად არ ვისაუბრებ, მაგრამ მე ყოველთვის ისეთი ტიპის ადამიანი ვიყავი და ვარ, რომელიც რამდენიმე სამუშაოს ერთად კიდებს ხელს. მიყვარს ის, რომ ყოველთვის დაკავებული და საქმიანი ვარ და ასევე ისიც, რომ საკუთარ თავს ვიწვევ დიზაინერული თვალსაზრისით ჰუგო ბოსისთვის და საკუთარი ბრენდისთვის სამოსის შექმნისას. ჯეისონ ვუ არის სრულად ჩემი ხედვა, ჩემი პირადული, ჩემი ესთეტიკა. ჰუგო ბოსი კი არის უკვე 90 წლის ბრენდის დე-ენ-ემისა და ჩემი ხედვების სინთეზი. ჩემთვის ეს არ არის იმდენად სტრესული. ყოფილა თუ არა სტრესული მომენტები? დიახ, მაგრამ, ეს არის ის, რასაც წლების წინ დავთანხმდი. 

ქაოტურ ტემპში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავი არ დაკარგო. ამაში ძალიან კარგი ადამიანების გუნდში მუშაობა მეხმარება. ასევე ისიც, რომ თითქმის ასი პროცენტით საკუთარ ინსტინქტებზე დაყრდნობით ვმუშაობ. ეს ყოველთვის ამართლებს. 

არ ვარ ტრენდული ადამიანი. ასევე ვერ ვიტან სიტყვა “cool”-ის გამოყენებას. ალბათ ეს ჩემი აღზრდის დამსახურებაა. მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, ყველა ჩემს მეგობარს თანამედროვე, მბზინავი სახლები და ავეჯი ჰქონდა, დედაჩემმა კი ანტიკური სტილის ავეჯი და 70 წლის წინ აშენებული სახლი იყიდა. თავიდან მეც ის მსურდა, რაც სხვებს ჰქონდათ, მაგრამ თანდათან ჩამომიყალიბდა გემოვნება და მივხვდი, რომ ის ნივთები უფრო მომწონდა, რომლებსაც დიდი ისტორია ჰქონდათ. Yves Saint Laurent, Charles James, Geoffrey Beene – სწორედ ამ დიზაინერებმა განაპირობეს ჩემი დღევანდელი დიზაინერული ხედვა. ვფიქრობ, რასაც მე ვქმნი არ არის ერთი სეზონისთვის, ეს უფრო დიდ დროზეა გათვლილი. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. 

Cara Delevingne for Jason Wu (2012)

ხშირად ვამბობთ “კარგი გემოვნება და ცუდი გემოვნება”, მაგრამ ვინ არის რეალურად იმის გადამწყვეტი, თუ ვის აქვს კარგი და ვის – ცუდი გემოვნება? გემოვნება თითოეულ ადამიანშია. კარგი გემოვნება კი ის არის, რაშიც დარწმუნებული ხარ რომ “შენია” და “გიხდება”. ამის აღმოჩენა საკუთარ თავში დროს მოითხოვს. რომ ვუყურებ არქივებს, ახლა ბევრად უფრო ნათელი ხედვა მაქვს იმისა, თუ რას წარმოადგენს ჩემი ბრენდი. 

20 წელს რომ გადავცილდი, კომფორტის ძალიან დიდ მოთხოვნილებას განვიცდიდი. კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში. მოდის სახლში არასდრს მქონდა ნამუშევარი და უცებ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე, სფეროში, რომელსაც კარგად არც ვიცნობდი. თავდაჯერებულობამ და საკუთარ თავში რწმენის დაბრუნებამ გადამალახინა ეს დაბრკოლება. 

ჩემი აზრით ნამდვილი წარმატებაა იყო მრავალფეროვანი. რედაქტორები, ისევე, როგორც კრიტიკოსები, საკუთარ აზრს გამოთქვამენ და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი შენს კოლექციაზე მაინც შენი უნდა იყოს, რადგან შენ წარადგენ შენს ნამუშევარს და თუ არ ხარ იმაში დარწმუნებული, რასაც ქმნი, მაშინ არაფერს აქვს აზრი. საბოლოო ჯამში, მთავარია ეს ყველაფერი ვიწრო მოდურ წრეებს გასცდეს და მხოლოდ პოდიუმსა და ჟურნალების ყდებზე არ დარჩეს. მე მიყვარს ჩემი სამოსი უბრალო ადამიანებზე.

არასდროს მიფიქრია, რომ კომერცია ცუდი რამ იყო. მომწონს ოცნებების, წარმოსახვის, კრეატიულობის და ხელოვნების ბალანსირება რამე პრაქტიკულთან. ეს ყოველთვის ედო საფუძვლად ჩემს ესთეტიკას. მე არ ვარ სუპერ ავან-გარდული დიზაინერი; ჩემს შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა რეალობა და რეალისტურობა, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში მე ვხედავ ჩემს სამოსს რეალურ ქალებზე.”