ჯერ კიდევ რთულია იმის ბოლომდე გაცნობიერება, რომ მოდაში ყველაზე ხანგრძლივ ეპოქას კარლ ლაგერფელდის გარდაცვალებით წერტილი დაესვა. გენიალური დიზაინერი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა და ის მხოლოდ სიკვდილმა გააჩერა. შრომობდა ყველაზე მეტს, ვიდრე სხვა დანარჩენები, მაგრამ მსოფლიოს არამხოლოდ მისი შეუდარებელი შემოქმედება, არამედ პიროვნება, კარლ ლაგერფელდი დააკლდება.
საქმისადმი მისმა ენთუზიაზმა, დამოკიდებულებამ, უდიდესმა ტალანტმა და ნოვატორობისკენ სწრაფვამ კარლის მოდის ეპიცენტრში ყოფნა ექვს დეკადაზე დიდხანს განაპირობა. და ის არ ყოფილა მხოლოდ დიზაინერი. თავის ძირითად პროფესიას ფოტოგრაფიას და რეჟისორობასაც უთავსებდა. თითქმის მთელ თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვას უთმობდა.
„ჩემთვის მუშაობა ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა.“ – კ.ლ.
კარლი წარმოშობით გერმანელი იყო. ის 1933 წელს ჰამბურგში, გავლენიანი ბიზნესმენის ოჯახში დაიბადა.

კრისტიან დიორის კოლექციით შთაგონებულმა ილუსტრატორობა გადაწყვიტა და შესაბამისი განათლებაც მიიღო. პარიზში 1952 წელს გადავიდა საცხოვრებლად და მისი ცხოვრებაც მალევე დაუკავშირდა მოდის ინდუსტრიას, რომელშიც სამუდამოდ დარჩა.
1954 წელს თვითნასწავლმა დიზაინერმა მონაწილეობა მიიღო Wool Secretariat-ის კონკურსში და საუკეთესო ქურთუკის დიზაინის კატეგორიაში გაიმარჯვა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა უცნობი დიზაინერი მეთიუ სან ლორანი, შემდგომში ივ სან ლორანი, რომელიც საუკეთესო კაბის დიზაინის კატეგორიაში დაჯილდოვდა.

კარლმა პიერ ბალმანის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას თავისი პირველი სამუშაო შესთავაზა. სამი წლის განმავლობაში ლაგერფელდი ბალმანის ასისტენტი იყო, სანამ 1959 წელს ჟან პატუს მოდის სახლის არტისტული ხელმძღვანელი გახდებოდა.

1962 წელს ჟან პატუს მოდის სახლის და ოტ კუტიურის დატოვება, არჩევანის გაკეთება თავისუფალ და რედი-თუ-ვეარ სამოსის დიზაინერობაზე კარლის მხრიდან თამამი ნაბიჯი იყო. მაგრამ ის ხვდებოდა, რომ დრო იცვლებოდა, მასთან ერთად მოდაც, კუტიური კი თავის მნიშვნელობას კარგავდა.
1964 წელს ქლოესთვის დაიწყო rtw ხაზსა და აქსესუარებზე მუშაობა და ბრენდის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაზარდა. მომდევნო წელი კი მაღალი მოდის ბრენდის და შემოქმედებითი ხელმძღვანელის ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობის დასაწყისია – ლაგერფელდმა ფენდიში დაიწყო მოღვაწეობა.

შემდეგ დაიწყო პერიოდი, რომელიც კარლის ცხოვრებაში ერთადერთია მის პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ რომ გამოდგება.
1970 1973
სამოცდაათიან წლებში კარლ ლაგერფელდი და ივ სან ლორანი უკვე აღიარებული დიზაინერები არიან. მეგობრები ერთ სცენაზე გამოდიან, არღვევენ ნიადაგს სამოღვაწეო სფეროში და ერთ წრეში ტრიალებენ. მაგრამ როდესაც მათ ცხოვრებაში ჟაქ დე ბაშე შემოდის, დიზაინერებს ახლო მეგობრულ კავშირში დიდი ბზარი ჩნდება და ერთმანეთს ემტერებიან. ივისგან განსხვავებით კარლი თავს არიდებდა სექსუალურ აღვირახსნილობას, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს. ჟაქსაც ისეთი ცხოვრების სტილი ჰქონდა არჩეული, რომელსაც ასე გაურბოდა, მიუხედავად ამისა ის მაინც უზომოდ უყვარდა. ჟაქ დე ბაშე კარლის ერთადერთი სიყვარული იყო. ჟაქის ივთან წამოწყებული რომანი გახდა ორ უმნიშნელოვანეს დიზაინერს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის მიზეზი. აღსანიშნავია ისიც, რომ კარლი და ჟაქი ერთმანეთს თვრამეტი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონიათ.
Karl with Jacques Karl with Yves
„მას შემდეგ, რაც ადრეულ პერიოდში სკოლის მასწავლებელი შეაცდინა, მიხვდა, თავისი შარმი გაუღებდა ყველა კარს, რომელიც სხვა შემთხვევაში მისთვის დახურული იქნებოდა. დაინახა შესაძლებლობა და გაიაზრა, რომ სამყაროში, რომელიც სრულყოფილებას ზეიმობს, პიროვნულობის და გარეგნობის წყალობით ყველაფერი გამოუვიდოდა. კარგი მანერებით, მოხდენილი, კარგად ჩაცმული, გონიერი ჟაქ დე ბაშე 70-იანების პარიზის ელიტაში გამოჩნდა. დადიოდა განსხვავებული კლასის ადამიანების თავშეყრის ადგილებში: ღარიბების, მდიდრების, ჰეტეროსექსუალების, გეების კლუბებში. დაუმეგობრდა ენდი უორჰოლს, რომელიც ლაგერფელდის და ივ სან ლორანის შემოქმედებისკენ ისწრაფვოდა. სექსი ძალიან დიდ როლს თამაშობდა ჟაქის ცხოვრებაში. მოსწონდა, როგორც ქალებთან, ისე კაცებთან დაწოლა, უკან არ იხევდა. მაშინ სექსუალური განთავისუფლების ერა იყო. თავად აქტივისტი არ ყოფილა, თუმცა არ მალავდა სექსუალურ ცხოვრებას. ღიად ეფლირტავებოდა უცხოებს ქუჩებში, აწყობდა ორგიებს. 1977 წლის 24 ოქტომბერს 1500 ადამიანი იყო მიწვეული მის საღამოზე. ბევრი საყვარელი ჰყავდა. მიზანი დამორჩილება იყო. რაც უფრო მიუწვდომელი იყო, უფრო აღელვებდა. მოდის სამყარო, რომელიც ერთ დროს ერთად ცეკვავდა, ერთობოდა, ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ბაშეს შემდეგ ორად გაიხლიჩა. 80-იანებში შიდსით სიკვდილიანობის პერიოდი აქტიურად დაიწყო, რომელსაც ჟაქ დე ბაშეც ემსხვერპლა, 1989 წელს, 48 წლის ასაკში.“ – მარი ოტავი (ბაშეზე დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორი)
1983 წელს, მაშინ როდესაც კარლმა ქლოე დატოვა, ის შანელის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა და ეს ყველაზე უფრო მშვენიერი, სახელგანთქმული და მნიშვნელოვანი მაგალითია სხვისი დაარსებული ბრენდის და დიზაინერის თანამშრომლობის. შანელის მოდის სახლი მაშინ იმდენად არარელევანტური იყო, რამდენად დიდიც თავის დროზე თავად კოკო შანელის სახელი. კარლმა თავიდან გააცოცხლა მიძინებული ბრენდი და ეს კოკოს დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მისი განვითარებით მოახერხა. ტვიდი, მარგალიტები, ორტონიანი ფეხსაცმელები და ერთმანეთის საპირისპიროდ გაერთიანებული C შანელთან ასოცირებული ნაწილებია, რომლებიც კარლის დამსახურებით ახალი თაობისთვის საკულტოდ იქცა. დღეს რომ შანელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ბრენდია, რა თქმა უნდა, ესეც ლაგერფელდის გამოა.

„მოდაში მთავარია დღეს რა ხდება. შეგიძლია წარსულიდან აიღო იდეა, მაგრამ თუ ისე წარმოაჩენ, როგორც იყო, მაშინ ის არავის ენდომება.“ – კ.ლ.
1985 წელს თავისი სახელობის ბრენდიც დააფუძნა, თუმცა უფრო დიდ ყურადღებას ყოველთვის შანელს უთმობდა, 2005 წელს კი ის ტომი ჰილფიგერს მიჰყიდა, მაგრამ კოლექციების შექმნაში თავისი წვლილი მაინც შეჰქონდა.
1992 წელს კვლავ დაბრუნდა ქლოეში, სადაც ხუთი წელი ისევ განაგრძო მოღვაწეობა.
ჟაქის გარდაცვალების შემდეგ მან საგრძნობლად დაიწყო წონაში მატება, რადგან მოტივაცია დაკარგა, აღარ ადარდებდა როგორ გამოიყურებოდა, აღარ ცდილობდა ეზრუნა საკუთარ ფიგურაზე, თუმცა ორიათასიანი წლების დასაწყისში, როდესაც ედი სლიმანი თავისი გამხდარი სილუეტით გამოჩნდა, იმდენად მოიხიბლა მისით, რომ ცამეტ თვეში ორმოცი კილო დაიკლო.
at the end of the Chanel autumn/winter 1993 show
at the end of the Chanel autumn/winter 2002 couture show
2004 წელს კარლი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც ეიჩ ენდ ემთან კოლექციის შესაქმნელად ითანამშრომლა და საფუძველი დაუდო დაბალფასიან კომერციულ კომპანიასა და მაღალი მოდის დიზაინერებს შორის ყოველწლიურად თანამშრომლობის ტენდენციას.
21-ე საუკუნეში ლაგერფელდი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი დიზაინერი იყო, რომლის საუცხოო გარემოში მოწყობილი თითოეული კოლექციის ჩვენება ყოველთვის განსაკუთრებით ხიბლავდა მაყურებელს.
იმიჯი, რომელიც საკუთარ თავს შეუქმნა ცალკე კულტად იქცა. ამ იმიჯის ვიზუალური გამოსახულება შეკრული თეთრი თმა და შავი სათვალე, პიჯაკი და ტყავის ხელთათმანებია, მის მიღმა არსებული პერსონა კი უკომპრომისო, უკიდურესად თავდაჯერებული და საკუთარი წესებით მოთამშეა.
მას თავისი იუმორი, მახვილი კომენტარები და პირდაპირობა სხვებისგან გამოარჩევდა. მისი იმიჯის მნიშვნელობის უკეთ გასაგებად ერთი ფაქტის აღნიშვნაც კმარა. 2010 წელს კარლის სილუეტი კოკა-კოლას ბოთლზე გამოჩნდა და ეს იყო არსებული პოპ კულტურის გამოვლინება მისი ორი მნიშვნელოვანი ნაწილის შერწყმით.
„მე საკუთარი თავის კარიკატურას ვგავარ, რაც მომწონს. ერთგვარი ნიღაბია. ჩემთვის კი ვენეციის კარნავალი მთელი წელი გრძელდება.“ – კ.ლ.

კარლ ლაგერფელდი თავის კატა შუპეტესთან ერთად პარიზში ცხოვრობდა. როდესაც გასულ თვეს „დაღლილობის“ გამო შანელის შოუს ბოლოს არ გამოჩნდა (და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავისი კოლექციის ჩვენების ფინალში არ გამოვიდა), პარალელურად ვოგი აქტიურად აქვეყნებდა კარლის შანელისთვის შექმნილი კოლექციების არქივებს, ბუნებრივია, სპეკულირება დაიწყო, თუმცა პასუხები ძალიან მოკლე დროში მივიღეთ. ლეგენდარული დიზაინერი 2019 წლის 19 თებერვალს პარიზში გარდაიცვალა და მოდაში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი თავიც დამთავრდა.