2011 წლის აპრილში, 25 წლის ოლივერ რუსტენი მოდის გამოკვეთილად ელიტური ბრენდის, Balmain -ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი იყო ამ თანამდებობაზე, გარდა ამისა – ერთადერთი შავკანიანი, რომელიც ფრანგულ მოდის ბრენდში ქალისა და მამაკაცის ხაზების კრეატიულ დირექტორად დასახელდა. ოლივერის პირველი წლები, Balmain -ის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში, არ ყოფილა მარტივი. მის შესაძლებლობებში ღიად და ხშირად საკმაოდ უხეშად შეჰქონდათ ეჭვი. მიუხედავად სირთულეებისა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ 10 წელში, ოლივერ რუსტენმა Balmain -ის მდიდარ ისტორიაში მნიშვნელოვანი თავი დაწერა.

Balmain -ში ოლივერის 10 წლის საიუბილეო ჩვენება 29 სექტემბერს, პარიზის მოდის კვირეულის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დიზაინერმა მნიშვნელოვანი თარიღისთვის სანახაობრივი შოუ შემოგვთავაზა, რომელიც აერთიანებდა სუპერმოდელებს, ბიონსეს და ათასობით მაყურებელს „წინა რიგში“.

პირველ სეგმენტში, რუსტენმა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარმოგვიდგინა- თამამი ჭრებით, სექსუალური და სპორტული სილუეტებით, ხოლო დასკვნითი ნაწილი Balmain -ში თავის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიუძღვნა.

ოლივერის ხელწერისათვის დამახასიათებელი კაბები, 2013-2014 წლების კოლექციებიდან, ნაომი ქემბელმა, ნატალია ვოდიანოვამ, ნატაშა პოლიმ, კარენ ელსონმა, მილა იოვოვიჩმა და კარლა ბრუნიმ წარადგინეს. სუპერმოდელების „ქეთვოქის“ ფონზე, მაყურებელმა ბიონსეს ემოციური ჩანაწერი მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ გრემის მფლობელი არტისტი ჩვენებაზე ფიზიკურად არ გამოჩენილა, ბიონსემ დიზაინერს ბრენდში გატარებული 10 წლის იუბილე საჯაროდ და ყველასგან გამორჩეულად მიულოცა.

შოუ პარიზში, La Seine musicale-ის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. როგორც მოდის პრესის გავლენიანი გამოცემები წერენ, ჩვენებას 5000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს.