ბოლო თვეების განმავლობაში, საერთაშორისო მედიაში ყოველდღიურად ვრცელდებოდა სიახლეები, რომელიც რუსეთის ბაზრიდან ცნობილი ბრენდების გასვლის შესახებ იუწყებოდა. ქვეყანა დატოვეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მოდის სახლებმა, ტანსაცმლის მასობრივი წარმოების ბრენდებმა, ავტომწარმოებლებმა და მედია გიგანტებმაც, მათ შორის არის – Hearst Magazines, ამერიკული კომპანია, რომელიც გამოსცემს მოდის ჟურნალების მნიშვნელოვან ნაწილს, მაგალითად: Elle, Harper’s Bazaar, Cosmopolitan.

აპრილის თვიდან, ზემოხსენებული ჟურნალების რუსულ გამოცემებს საქმიანობის უფლება შეუჩერდათ. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ რუსები “ჰარპერს ბაზარს” ოფიციალურად ემშვიდობებიან.

Harper’s Bazaar Russia-ს პლატფორმაზე ახალი გამოცემა – The Symbol შეიქმნა. ახალი ჟურნალის კონტენტი კვლავ მოდას, სილამაზეს და კულტურას გააერთიანებს.

Harper’s Bazaar 1867 წლიდან გამოიცემა. ჰარპერს ბაზარი გაცილებით დიდი ისტორიის მქონე ჟურნალია, ვიდრე მოდის ბიბლიად წოდებული – ვოგი, რომელიც 25 წლის შემდეგ, 1892 წელს დაარსდა. დღეისათვის, Harper’s Bazaar მსოფლიოს მასშტაბით 40-მდე ქვეყანაში ფუნქციონირებს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში ამ საკულტო ჟურნალის პირველი ნომერი 1996 წლის მარტით თარიღდება.