რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Comme Des Garcons-ის დიზაინერს, რეი კავაკუბოს 2 მაისს, ნიუ-იორკში, Noguchi-ის მუზეუმში, განსაკუთრებული დამსახურებისთვის იაპონელი არტისტისა და არქიტექტორის, Isamu Noguchi-ის სახელობის ჯილდოს გადასცემენ. ჯილდოს იმ ადამიანებს გადასცემენ, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ სიახლეების დანერგვაში, მსოფლიო კულტურის თვითშეგნების ამაღლებასა და დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურების დაკავშირებაში, რეი იქნება პირველი დიზაინერი, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებს.
რეი კავაკუბო ჯილდოზე:
‘’არქიტექტორი, არტისტი ან პროდუქტის შემქმნელი არ ვარ. ყოველთვის ვცდილობ რაიმე ახალი შევქმნა, რაც მანამდე არ არსებობდა, ამით კი ბიზნესს ვქმნი. ახლის შექმნა, კომპრომისის გარეშე მიღებული არ არის. ყოველთვის ვებრძვი კონსერვატიულ იდეებსა და ავტორიტეტებს. მახსოვს 1970 წელს Noguchi-მ ოსაკას მსოფლიო ვაჭრობაზე რაღაც წარადგინა, რომელიც ხალხმა უარყო – ‘’ძალიან ახლად’’ მიიჩნიეს. ეს შეგრძნება ვიცი… ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევ ვაგრძელებ ბრძოლას, კიდევ უფრო მეტად’’.
კავაკუბო ლეგენდარული დიზაინერია, ის Anti-fashion-ის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რეის მიზანს სიახლის შექმნა წარმოადგენს, ისეთი რამის, რაც მანამდე არავის უნახავს. ის არ ემორჩილება წესებს, კომპრომისზეც არასდროს მიდის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პანკი ერთ-ერთი საგანია, რომელსაც მის კოლექციებში ვხვდებით. ყველა დიზაინერის შემოქმედებაში არის კარიერის მწვერვალი, როდესაც ძალიან განსაკუთრებულს ქმნიან და ამის შემდეგ უმეტესობა შემოქმედებითად ჩერდება, ერთსა და იგივეს ქმნიან. ეს მხოლოდ ორ დიზაინერზე არ შეიძლება ითქვას – ივ სან ლორანსა და რეი კავაკუბოზე, ალბათ სწორედ ამით აიხსნება ფაქტი, რომ სან ლორანის შემდეგ, რეი ერთადერთი დიზაინერია, რომელსაც ნიუ-იორკში მდებარე მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმში სიცოცხლეშივე მოუწყვეს გამოფენა.
რეი კავაკუბომ თავისი ბრენდი Comme Des Garcons (კომ დე გაღსონ) 1969 წელს დაარსა, წელს ბრენდს 50 წელი შეუსრულდა. სახელწოდება ქომ დეს გაღსონს ფრანგულიდან ‘’ბიჭების მსგავსად’’ ითარგმნება. ბრენდის სახელი ფრანსუა ჰარდის სიმღერას “All the boys and girls’’ უკავშირდება, კავაკუბოს თქმით მას უბრალოდ მოსწონდა, როგორ ჟღერდა ეს სახელი.
რეი კავაკუბო 1942 წლის 11 ოქტომბერს ტოკიოში დაიბადა. სამი შვილიდან ყველაზე უფროსი და ერთადერთი გოგო იყო. მამამისი Keio University-ის ადმინისტრატორი გახლდათ. სწორედ ამ უნივერსიტეტში დაამთავრა რეიმ ‘’ესთეტიკის ისტორია’. ’მას, როგორც დიზაინერს, განათლება არასდროს მიუღია. 1964 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ქსოვილების ქარხანაში მუშაობდა, ძალიან მალე მეგობარმა ურჩია სტილისტად ემუშავა. დიზაინერობაზე არ უფიქრია, როგოც თვითონ ამბობს, ამ სფეროში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ისეთ ტანსაცმელს ვერ პოულობდა, რომელიც მოსწონდა, ამიტომ გადაწყვიტა თვითონ შეექმნა.
1973 წელს შექმნა კომპანია, ხოლო 1975 წელს ტოკიოში კომ დე გაღსონის პირველი ბუტიკი გახსნა. 1978 წელს ბრენდს მამაკაცის ხაზი დაუმატა. კავაკუბო პარიზში 80-იანების დასაწყისში შეიჭრა თავის თანამემამულე დიზაინერებთან, იოჯი იამამოტოსთან და იზი მიაკისთან ერთად. როგორც ამბობენ, დანარჩენი ისტორიაა.
იაპონელები მოდაში შტურმით შეიჭრნენ. პარიზში პირველად 1981 წელს წარადგინეს კოლექცია, სადაც შავი ფერი, მამაკაცური სილუეტები, ასიმეტრიული ტანსაცმელი დომინირებდა. მათი სამოსი სრულიად განსხვავდებოდა 80-იანების დიზაინერების შემოქმედებისგან. პარიზში ამ დროს ისეთი დიზაინერები მოღვაწეობდნენ როგორებიც არიან კლოდ მონტანა და თიერი მუგლერი. მათთვის დამახასიათებელი იყო ტანსაცმელი ფართო მხრებით, ნათელი ფერებით, წელში გამოყვანილი ქვედაბოლოებით. ასეთ ფონზე იაპონელების გამოჩენისას საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ერთი ნაწილი აღფრთოვანებული იყო იმით, რაც პოდიუმზე ხდებოდა, მეორენი კი უკმაყოფილებისგან უსტვენდნენ, მეტიც ერთ-ერთი სტატია იაპონელების შესახებ მსგავსი ჰედლაინით დაიბეჭდა ‘’ინტელექტუალი მაწანწალა ქალები’’. სტატიაში ამბობდნენ, რომ ლუქების შთაგონება რკინიგზის სადგურის უსახლკარონი იყვნენ.
დებიუტს მოჰყვა მეორე კოლექცია სახელად ‘’Destroy’’, გრძელი ქვედაბოლოები, დახეული ნაქსოვი ჯემპრები, უფორმო ტანსაცმელი. სწორედ ამ კოლექციის შემდეგ ეწოდათ კავაკუბოს ფანებს ‘’ყვავები’’, ხოლო ლუქებს ‘’ჰიროშიმას შურისძიება’’.
შავი ფერი იმდენად დომინირებდა კოლექციებში, რომ მისი ელფერის შემჩნევაც კი შეიძლებოდა. შავი მალევე იქცა კავაკუბოს ესთეტიკის სინონიმად. მართალია შავი ფერი კავაკუბომდე კოკო შანელმა აქცია მოდურად, მისი little black dress-ით, მაგრამ 80-იანებში და ცოტა ადრეც ყველაზე ნაკლებად პოპულარული ფერი იყო, როგორც ინგლისელი დიზაინერი, ჯონ რიჩმონდი იხსენებს, იმ დროს, შავი ფერის ტანსაცმელი თითქმის არ იშოვებოდა. რეიმ შავი ხელახლა ‘’გამოიგონა’’.
თუ 80-იანებში აზადინ ალაიას კოლექციები ქალის სხეულზე იყო ორიენტურებული და მისი ტანზე მომდგარი კაბები განსაკუთრებული სენსუალურობით გამოირჩეოდა , კავაკუბოს სამოსი კაცის შეცდენაზე ორიენტირებული არ იყო, პირიქით თითქოს იცავდა კაცის თვალისგან – ‘’კომ დე გაღსონი სხვებისთვის გამოსაწყობად ან საპირისპირო სქესის მოსაზიდად განკუთვნილი არ არის. ის საჩუქარია, რომელსაც საკუთარ თავს უკეთებ.’’ (რეი კავაკუბო)
იაპონელებმა უარყვეს მოდის სტანდარტული შეხედულებები სილამაზესთან დაკავშირებით. ასიმეტრიული, დეკონსტრუქციული სამოსის საშუალებით მათ დაამკვიდრეს ‘’ვაბი-საბის’’ ესთეტიკა. ვაბი-საბის იაპონურ კულტურაში ისეთივე ადგილი უჭირსავს, როგორიც სილამაზის ბერძნულ იდეალებს დასავლეთ სამყაროში. ვაბი-საბი აღიარებს შემდეგ ჭეშმარიტებებს: არაფერია სამუდამო, არაფერია დასრულებული და არაფერია სრულყოფილი.
‘’იმისთვის რომ რაიმე ლამაზად ჩავთვალოთ, აუცილებელი არ არის, კარგად გამოიყურებოდეს.’’ ამ მიდგომამ უდიდესი გავლენა იქონია დიზაინერების შემდეგ თაობაზე, რომლებიც ცნობილნი არიან ‘’ანტვერპენის ექვსეულის’’ სახელით. (ამ ჯგუფში მარჯიელასაც ხშირად მოიაზრებენ. იაპონელებს მარტინ მარჯიელაზეც დიდი გავლენა ჰქონდათ).
კავაკუბოს შემოქმედების ფანები სხვა ისეთი დიდი დიზაინერებიც არიან, როგორებიც ალექსანდრ მაკქუინი და ვივიენ ვესტვუდია. მათ რეის ჩვენებებშიც მიუღიათ მონაწილეობა. ალექსანდრი რეის მის სტუდიაში 1997 წელს შეხვდა, როდესაც ჟივანშის ჩვენება ტოკიოში მოაწყო. მოგვიანებით მაკქუინმა AnOther Magazine-თან ინტერვიუში რეის შესახებ თქვა: ‘’მასში ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ უკან არასოდეს იხევს – კომპრომისზე არასოდეს მიდის და არც უნდა მიდიოდეს. კომპრომისზე არავინ უნდა წავიდეს, ეს ხალხს მოსაწყენს ხდის’’. სწორედ ამ საერთო დამოკიდებულების გამო დაწერა მოდის ერთმა კრიტიკოსმა, რომ მაკქუინის სამოსი, ისევე, როგორც რეის, განსაკუთრებულ ძალას ფლობს, მათ ხელში, მოდა განსაკუთრებულ სიღრმეს იძენს.
კავაკუბოს ფანია მარკ ჯეიკობსიც. ცნობილია, რომ დიზაინერი რეის ყვავილებს უგზავნის და მადლობას უხდის იმისთვის, რასაც აკეთებს. მარკის S/S 2008 წლის კოლექციაზე ვოგის კრიტიკოსმა დაწერა, რომ კომ დე გაღსონი გაახსენა, რაზეც ჯეიკობსმა შემდეგი პასუხი გასცა:
”ჯილ სანდერი კომ დე გაღსონის გავლენას განიცდის, მიუჩია პრადასაც კომ დე გაღსნოის გავლენა აქვს. კომ დე გაღსონს ყველაზე გავლენა აქვს.”
კავაკუბოსთვის მთავარი გამოწვევა ისეთი რამის შექმნაა, რაც მანამდე არ არსებობდა, ამიტომ რამდენიმე კოლექციის შემდეგ ყოველთვის ცვლის მიდგომას. შავი ფერი მალევე წითელი ფერით ჩაანაცვლა და 1988 წლის ზამთრის კოლექციის შემდეგ განაცხადა-‘’წითელი ახალი შავია’’.
1988 წლიდან კომ დე გაღსონი ახალ ჟურნალს გამოსცემს სახელად ”Six Magazine”, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემოდა და კოლექციების ვიზუალ რეინტერპრეტაციებბს გვთავაზობდა. ჟურნალში ვხვდებით გრაფიკული დიზაინერების ნამუშევრებს, ასევე ისეთი ფოტოგრაფების
გადაღებულ ფოტოებს, როგორიც პიტერ ლინდბერგი და ბრიუს ვებერია. ჟურნალი 1988-91 წლებში გამოიცემოდა და სულ 8 ნომერი გამოიცა:
1989 წელს ჟურნალისთვის ფოტოების გადასაღებად კავაკუბო გადამღებ ჯგუფთან ერთად თბილისსაც ესტუმრა. მიზეზი თბილისის სტუმრობის ის იყო, რომ დიზაინერს ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის შემოქმედება მოსწონდა. ჟურნალისთვის ადგილობრივები გადაიღეს. მიქსის შესაქმნელად მათ კომ დე გაღსონთან ერთად თავიანთი სამოსი ეცვათ. ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი.
ვიდეო გადაღებიდან:
კავაკუბოს შემოქმედება სამ ძირითად ერად შეიძლება დაიყოს: პარიზში გამოჩენიდან 2014 წლამდე, შემდეგ ტანსაცმლის კეთებაზე უარი განაცხადა და ‘’Not Making Clothes’’ ერა დაიწყო , სადაც ქსოვილები თითქმის არ გამოიყენებოდა, ფორმები სრულიად უარყოფილი იყო და ძირითადად სკულპტურულ და აბსტრაქტულ ნამუშევრებს ქმნიდა, მესამე ერა კი სულ ახლახანს, S/S 2019 კოლექციით დაიწყო, რომელიც როგორც თვითონ ამბობს , უფრო პირადული და ჩაცმადია.
კავაკუბოს შემოქმედება პარიზში გამოჩენიდან 2014 წლამდე
პირველი კოლექციების ჩვენებების შემდეგ, ალბათ, ყველაზე გამორჩეული შოუები მის შემოქმდებაში Comme Des Garcons S/S 1995, S/S 1997 ჩკოლექციებია.
‘’სულიერად, კაცსა და ქალს შორის არანაირი განსხვაება არ არის, მთავარი ადამიანად ყოფნაა’’- განაცხადა რეი კავაკუბომ მისი S/S 1995 კოლექციის შემდეგ, რომელსაც ‘’გენდერული საზღვრების მიღმა’’ უწოდა და ამ კოლექციით მაშინ სწორედ ის გამოხატა, რაც მოდაში დღეს ხდება- გენდერის სრული უარყოფა.
დიდი ზომის მხრები, მამაკცური სილუეტები ქალზე, რომელიც გაერთიანებული იყო ქვედაბოლოებთან, დეკონსტრუქტული კოსტიუმები და ქალური სილუეტები მამაკაცზე, ეს ის კოლექციაა, რომელსაც შთაგონებისთვის თანამედროვე დიზაინერებიც მიმართავენ.
S/S 1997 წლის კოლექცია, რომელსაც რეიმ ‘’Body meets dress, Dress meets body’’ უწოდა, ხშირად ‘’Lumps and Bumps’’-ად მოიხსენიება. ეს იყო დიზაინერის პირველი შეხვედრა არაპრაქტიკულ სამოსთან. ამ კოლექციამ მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ადამიანის სხეულისა და სამოსის ურთიერთობაზე, ეს ის კოლექცია იყო, რომელიც მოდას მანამდე არასოდეს ენახა (Major fashion moment or it’s better to say Major Anti-Fashion moment).
კოლექციაში სხეული უგულებელყოფილი იყო და თვითონ ტანსაცმელი ქმნიდა სხეულის ფორმას. კუბოკრული სხვადასხვა ფერის ნაჭრები, განსხვავებული ქსოვილები და კიდევ უფრო განხვავებული ფორმები, მნახველებში უცნაურ შეგრძნებას იწვევდა, თითქოს ადამიანის სხეულს უცნაური გამონაზარდები ჰქონდა და ამიტომაც ამ კოლექციას ’Lumps and Bumps’’-ის სახელით იხსენებენ.
‘’სიახლის გამუდმებული ძიებისა და ფიქრისას, გავაცნობიერე, რომ შესაძლებელი იყო ტანსაცმელი სხეული ყოფილიყო და სხეული ტანსაცმელი. ეს იყო იდეა შესაძლო ახალი ტანსაცმელისა. სხეულის შექმნა დავიწყე, არც ველოდი რომ მარტივი ტანსაცმელი იქნებოდა, ყოველდღიური ჩასაცმელი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია აზრები მოქმედებით გადმოვცე, ვიდრე იმაზე ვიფიქრო საბოლოოდ ვინმე თუ ჩაიცვამს. ალბათ, ამიტომაც გამოიწვია ძლიერი ემოციები ადამიანებში’’- რეი კავაკუბო S/S 1997 კოლექციაზე.
როგორც რეის ქმარი და ბრენდის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ადრიან ჯოფი ამბობს, კოლექცის შთაგონება რეის ბრაზი იყო, რომელიც მაღაზიის ვიტრინებიდან ბანალური ტანსაცმლის დანახვამ გამოიწვია.
მოდა და ბიზნესი
კავაკუბოს შემოქმედებაში ბიზნესსაც დიდი ადგილი უჭირავს. რეიმ არამარტო ბრენდი დაარსა, არამედ ერთი დიდი კორპორაცია შექმნა. კომ დე გაღსონს განსაკუთრებული ბიზნეს სტრატეგია აქვს და ბრენდის წარმატებაში რეის ქმარს, ადრიან ჯოფის უდიდესი წვლილი მიუძღვის. გარდა ორი მთავარი მამაკაცისა და ქალის ხაზისა, ბრენდს 18 ხაზი აქვს. კომპანია ყოველწლიურად 260 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ბრენდs 2004-2011 წლებში Guerrilla-ს მაღაზიები ჰქონდა, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ერთი წლით იხსნებოდა და მინიმალური თანხა იხარჯებოდა მაღაზიის ინტერიერზე. Guerrilla იხსენობდა მოდური ქუჩებისგან შორს.
2004 წელს გაიხსნა პირველი დავერ სთრით მარკეტიც, კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც კომეს ყველა ხაზთან ერთად სხვადასხვა დიზაინერების სამოსსაც ყიდის. მაღაზია კრეატივის აღსანიშნავად შეიქმნა, სადაც ახალგაზრდა დიზაინერები ცნობილი სახელების გვერდით წარადგენდნენ თავიანთ შემოქმედებას, დიზაინერები კი მათთვის დათმობილ სივრცეს თვითონ შექმნიდნენ. დავერ სთრით მარკეტში ისეთი ბრენდები იყიდება, როგორიცაა ბალენსიაგა, სელინი, რაფ სიმონსი, ტომ ბრაუნი, ვეტმანი, რიკ ოუენსი, ჟაკქომუსი და სხვა. დავერ სთრით მარკეტში მხოლოდ იმ დიზაინერების სამოსს შეხვდებით, რომლებისაც კავაკუბოს სჯერა.
კომ დე გაღსონი ცნობილია კოლაბორაციებით სხვა ბრენდებთან. ის იყო ერთ-ერთი დიდი ბრენდი, რომელმაც H&M-თან ითანამშრომლა. კომეს უთანამშრომლია ბრენდებთან: Hermes, Louis Vuitton, J.Crew, Levi’s, Lacoste, Fred Perry, The North Face, Supreme, Nike, Inc., Monocle, Undercover და სხვა.
კავაკუბო ყოვველთვის უწყობს ხელს მისი გუნდის ნიჭიერ წევრებს. ამის მაგალითი კი ჯუნია ვატანაბეა, რომელიც კომ დე გაღსონის გუნდში მუშაობდა. რეიმ იგი ჯერ კომეს ერთ-ერთი ხაზის ხელმძღვანელად დანიშნა, შემდეგ კი თავისი ბრენდი დაუფინანსა. კომ დე გაღსონის ‘’გამოზრდილი’’ დიზაინერები არიან ასევე ქეი ნინომია, ტაო კურიჰარა, ჩიტოში აბე. კავაკუბო იყო პირველი, რომელმაც ანდერქოვერის ჯუნ ტაკაში შეამჩნია და მხარი დაუჭირა.
‘’Not Making Clothes’’ ერა და გამოფენა Met Museum-ში
რეი ის იშვიათი დიზაინერია, რომელიც მიდგომას ყოველთვის ცვლის, ყოველთვის იბრძვის და მსგავს კოლექციებს არ ქმნის (თუმცა ერთი და იგივე თემებზე შეუქმნია კოლექციები. მაგ: A/W 2005 და S/S 2012 , რომელიც ქორწინებას ეხება). 2014 წელს გადაწყვიტა ტანსაცმელი აღარ შეექმნა და შემდეგი 10 კოლექცია სკულპტურულ და აბსტრაქტულ ჩვენებებს აწყობდა.
‘’ვგრძნობდი, რომ ახალს ვერაფერს შევქმნიდი რადიკალური ცვლილების გარეშე. ვიგრძენი, რომ ერთადერთი გზა ახლის შესაქმნელად ის იქნებოდა, რომ ტანსაცმელი აღარ შემექმნა’’- რეი კავაკუბო
2017 წლის 1 მაისს, რეი კავაკუბო გახდა მეორე დიზაინერი, რომელსაც სიცოცხლეშივე მოუწყვეს გამოფენა Metropolitan Museum of Art-ში. გამოფენაზე წარდგენილი იქნა 120 ლუქი რეის შემოქმედებიდან 1981 წლიდან 2017 წლამდე. რეის არ სურდა ძველი კოლექციების წარდგენა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დასთანხმდა იმ პირობით, რომ სივრცეს, სადაც ტანსაცმელი განთავსებოდა თვითონ შექმნიდა. მეტ გალაზე, სადაც მთავარი თემა რეი კავაკუბო და კომ დე გაღსონი იყო, მხოლოდ რამდენიმე სელებრითი გამოჩნდა კომეს ტანსაცმლით.
მეტ გალას ბოლო წუთამდე არავინ იცოდა დაესწრებოდა თუ არა დიზაინერი ღონისძიებას, რადგან მისმა ქმარმა განაცხადა, რომ რეის გამოჩენა არ სურდა, თუმცა ღონისძიებასაც დაესწრო და რამდენიმე ფოტოსთვისაც იპოზიორა
მესამე ერა, რომელიც S/S 2019-ის კოლექციით დაიწყო
ბოლო ერა 2019 წლის გაზაფული/ზაფხულის კოლექციით დაიწყო, რომელიც ქალების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ასაკში შესვლას ეხებოდაა. მოდელები თეთრი პარიკებითა და ჯაჭვებით გამოვიდნენ ჩვენებაზე. კოლექციაში, წინა 10 ჩვენებისგან განსხვავებით, უფრო პრაქტიკული სამოსი იყო წარდგენილი.
‘’ვიფიქრე, ‘’no clothes’’ მიდგომა ახალი აღარ იყო, სიახლეს ვეღარ ვპოულობდი, ამიტომ გადაწყვიტე უფრო ღრმა და პირადული მიდგომა შემერჩია.’’– რეი კავაკუბო
ბოლო კოლექცია ახლახანს წარადგინა პარიზში და ‘’ჩრდილების შეკრება’’ უწოდა. კოლექცია სამყაროს ბნელ მხარეს იკვლევდა, მსგავს თემატიკაზე წარადგინა მამაკაცის კოლექციაც, რომლითაც დაგვარწმუნა, რომ სილამაზის პოვნა სიბნელეშიც შეიძლება.
ამ კოლექციით რეი კავაკუბოს მოდაში 50 წელი შეუსრულდა, მაგრამ შოუს შემდეგ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილია, რეის რეტროსპექტივები არ უყვარს და წარსულს არასოდეს უბრუნდება.
რა შეიძლება ვისწავლოთ რეი კავაკუბოსგან?
მაშინ, როცა დიზაინერები დღეს შეეგუვნენ იმ აზრს, რომ ახალს ვერაფერს შექმნიან და უკვე შექმნილის რეიტენპრეტაციებს გვთავაზობენ, კავაკუბო შეუპოვრად იბრძვის და ეძებს სიახლეს, არასოდეს მიდის კომპრომისზე და 76 წლის ასაკშიც ისეთივე შემართებითაა, როგორც კარიერის დასაწყისში. რეი დიზაინერების დიზაინერია და როგორც, კრიტიკოსმა, ქეით ჰორინმა 2012 წელს დაწერა, ცოცხალი დიზინერებიდან ალაიას გარდა, არავინ ისე მაღლა არ დგას დიზაინერებისთვის, როგორც რეი კავაკუბო. სწორედ ასეთი გავლენიანი და მრავალფეროვანი შემოქმედებისთვის 2 მაისს რეი კავაკუბოს Noguchi-ის ჯილდოს გადასცემენ. როგორც ცნობილია, ჯილდოს ასაღებად დიზაინერი თვითონ არ გამოჩნდება. მას რეის წარმომადგენელი ან დიზაინერის ქმარი, ადრიან ჯოფი მიიღებს.