მსოფლიო მასშტაბით დაძაბულ ვითარებას არაერთხელ გამოხმაურებიან ცნობილი ადამიანები, თუმცა, ზოგჯერ ეს ყველაფერი საკმაოდ არაადეკვატურ ფორმას იღებს. სუპერმოდელი ნაომი ქემბელის შემთხვევაშიც ასე მოხდა, როცა მან ნიგერიელ ხალხს მხარდაჭერა ნსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოთი გამოუცხადა. ფოტოში ნაომის ვალენტინოს ოტ კუტიურ კაბა აცვია. ფოტოს, ნაომის იმიჯს და მაღალი მოდის მთელ ამ გლამურულ ესთეტიკას არაფერი აქვს საერთო იმ ტრაგედიასთან, რაც ნიგერიაში ხდება.

უკვე ორი კვირაა, ნიგერიაში მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პოლიციური რეჟიმის ძალადობრივ ხასიათის აპროტესტებენ და სისტემის რეფორმას მოითხოვენ. საერთაშორისო მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სამხედოებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცხადია, ნაომის ეს კონტექსტიდან ამოვარდნილი ქმედება სოციალური ქსელის მომხმარებლებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩა და შესაბამისი კრიტიკაც გამოიწვია. გამოქვეყნებულ ფოტოს განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა ამერიკელი ტოპ მოდელის, 28 წლის Adesuwa-ს მხრიდან, რომელმაც ნაომი ინსტაგრამის საჯარო სთორების მეშვეობით, საკმაოდ უხეში სიტყვებით მოიხსენია.

კრიტიკის შემდეგ, ნაომიმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ატირებული საუბრობს ნიგერიელ ხალხზე და პოლიციის ქმედებებს გენოციდად მოიხსენიებს. მიუხედავად ამ უკანასკნელი ნაბიჯისა, ინტერნეტმომხმარებელი მას ისევ ნეგატიური კომენტარებით გამოეხმაურა.

აღსანიშნავია, რომ 50 წლის ნაომი ცნობილია აფრიკელი მოსახლეობისათვის თავისი აქტიური საქველმოქმედო საქმიანობით. ასევე ცნობილია წარსულში მისი მეგობრობა გარდაცვლილ ნელსონ მანდელასთან, რომელიც მთელი ცხოვრება თავისუფლების და მშვიდობის საყოველთაო უფლებებისათვის იბრძოდა.