გუჩის ექსკლუზიური კონტრაქტის შემდეგ, მარიშა ურუშაძემ საკუთარ პორტფოლიოს მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევა შემატა. ქართველი მოდელი მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე გამოვიდა, რომლითაც ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიხურა. წლებია ამერიკული მოდის მთავარი ღონისძიება მარკის ჩვენებებით იხურება, რაც იმით აიხსნება, რომ ის კვირეულის ერთ-ერთი (ბევრი იკამათებდა, რომ ერთადერთი) ყველაზე საინტერესო დიზაინერია. დღესდღეობით ნიუ-იორკში მარკ ჯეიკობსი, ტომ ფორდი, მაიკლ კორსი და რალფ ლორენი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი და აღიარებული დიზაინერები, რომელთა ჩვენებებზე მოხვედრა ყველა იმ მოდელის მიზანია, ვინც ნიუ-იორკში მოდის კვირეულისთვის ჩადის.
მარიშა ურუშაძე Marc Jacobs – ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დახურვა.
ხვალიდან ერთ თვიანი მოდური მარათონი ევროპაში გადმოინაცვლებს და ლონდონში განახლდება. ლონდონში ბედს კიდევ ერთი ქართველი მოდელი ცდის. ლიკა რიგვავა უკვე ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფება.