ბალენსიაგას 2020 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენების თემა გავლენიანი ადამიანების ჩაცმულობა ანუ როგორც მოდაში უწოდებენ Power Dressing იყო. სივრცე ლურჯად იყო მოწყობილი, როგორც ევროკავშირის სამიტი. ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ კოლექციის პირველი ნაწილი უნიფორმებით, პოლიტიკოსებით იყო შთაგონებული.

საუნდტრეკს საშინელებათა ფილმების მიქსი წარმოადგენდა. მთლიანი გარემო ძალაუფლების სურნელით იყო გაჟღენთილი – ფულის, სისხლის და ნავთობის – რისთვისაც დემნა გვასალიამ ნორვეგიელ მეცნიერ სისელ ტოლასთან ითანამშრომლა.

ყველაფერთან ერთად შოუს დასამახსოვრებელს მოდელების არაბუნებრივი შესახედაობაც ხდიდა. მათ სახეზე არაორდინალური მაკიაჟი ჰქონდათ. ხელოვნური ყვრიმალები, ტუჩები და ასაკის მომატებაც კი. პოდიუმზე სახის ფილტრის პროგრამა ცოცხლად ვიხილეთ.

ეს თემები ბალენსიაგას ახალ კამპანიაშიც მთავარ როლს ასრულებს. პრინტ ვერსია პოლიტიკური პორტრეტებით არის შთაგონებული. ლურჯ ფონზე წარმოდგენილ ფოტოებზე გვხვდება სლოგანები: „Power of dreams,” „Think big,” „We vote for tomorrow,” „Love is for everyone.”

კამპანიაში მონაწილეობას იღებენ: Eliza Douglas, Jannel Samantha Duncan, Neda Brady, Qin Lei, Thalita Farias;

ფოტოგრაფი: Laurent Chaperon;

თმა: Holli Smith;

მაკიაჟი: Inge Grognard.

გუშინ კამპანიის ვიდეოც გავრცელდა. მისი ყურების შემდეგ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება – გვასალიამ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ აჯობა.

ღიმილის მომგვრელი და, ამავდროულად, შეუდარებელი ვიდეო რგოლი საღამოს ახალი ამბების ინტერპრეტაციაა, რომელშიც ჟურნალისტები და მათი რესპოდენტები ციფრულ, არარეალურ ადამიანებს არიან მიმსგავსებულები და ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა: პლანეტების მდებარეობის ცვლილება, წყლის საბოლოო დანიშნულების ადგილი, საცობები და პოლიტიკური კამპანიის დასაწყისი.

სიუჟეტებს ტიტრებად მიუძღვით ზოგადი ფაქტები: „ჰავაიური პიცა კანადაში ბერძენმა გამოიგონა,“ „ეფებიფობია თინეიჯერების შიშია,“ „ალბატროსს შეუძლია ერთდროულად ეძინოს და დაფრინავდეს,“ „ხახვის გაფრცქვნისას საღეჭი რეზინის ღეჭვით ტირილს თავს აარიდებთ,“ „ყველაზე დიდი ძაღლი ორ მეტრს აღემატებოდა,“ „სადღაც ყოველთვის მოდის კვირეულია,“ „სოკოებს ათასობით სქესი აქვს,“ „ზოგი კატა ადამიანის მიმართ ალერგიულია“ და ა.შ.

ბოლოს, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზსაც გაიგებთ.

ბალენსიაგა ზაფხული 2020

ვიდეო: Will Benedict

მუსიკა: Wolf Eyes

Tags :