WWD – მ გურამ გვასალიას ახალი ინტერვიუ გამოაქვეყნა. გამოცემის მთავარი რედაქტორი, მაილს სოჩა Vetements – ის გენერალურ დირექტორს 30 ოქტომბერს ნიუ-იორკში შეხვდა. გურამს და მაილსს შორის ვრცელი დიალოგი შედგა, საიდანაც რამდენიმე ნაწყვეტს გთავაზობთ.

მაღაზიებთან თანამშრომლობაზე:

„ბიზნესი 5 წლის წინ დავიწყეთ და ძალიან სწრაფად გავიზარდეთ. 200 მაღაზიაში ვართ და ამ ციფრს სტაბილურად ვინარჩუნებთ. მნიშვნელოვანი მაღაზიებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებაა, რაც ძალიან იშვიათია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიებში გაიზარდო. როდესაც აქ ჩამოდიხარ და საქსში, ბარნსში, გუდმანში შედიხარ, ერთიდაიგივე სელექციას ხედავ, შემდეგ მედისონ ავენიუზე გაივლი, სადაც დიდი ბრენდები მდებარეობს და იქაც იგივე გხვდება. სამშაბათს ჩამოვფრინდი. რამდენიმე ბრენდის სავაჭრო ვითარება მაინტერესებდა. ერთ მაღაზიაში მივედი ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, ერთი ადამიანიც არ იყო ერთ კუთხეში. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ბრენდს ყველა კუთხეში დებ, ხალხს შენი არსებობის შესახებ ახსენებ, მაგრამ მღელვარებას კარგავ.“

„სახლში ასეთი წესი გვაქვს, თუ ახალ ნივთს ვყიდულობთ, რაღაც ძველი უნდა მოვიშოროთ. იგივე დამოკიდებულება გვაქვს მაღაზიებთან. ჩვენ მაღაზიებთან ვმუშაობთ ხანგრძლივი ურთიერთობის შესაქმნელად, ამიტომ მოგვწონს, რომ 200 მაღაზიას ვინარჩუნებთ. შეკვეთებს იმგვარად ვანაწილებთ, რომ დარწმუნებულები ვიყოთ მაღაზიაში გაყიდიან. თუ 100.000 დოლარის იყიდე და მხოლოდ 80% გაყიდე, მომავალ სეზონზე მხოლოდ 80.000 ყიდვა შეგეძლება. ჩემი მიზანია, რომ მაღაზიებისთვის საუკეთესო ბრენდი ვიყო. კლიენტი,რომელიც გასულ სეზონზე 200.000 დოლარს გვიკვეთავდა,20 ახალ სივრცეს ხნის და შეკვეთა 3 მილიონ დოლარამდე იზრდება. სწრაფი ზრდა 1 კლიენტთანაც შესაძლებელია, თუ სწორ კლიენტებთან იმუშავებ.“

„ყველა შეკვეთაზე წინასწარ 30%-ს ვიღებთ და „შიფინგს“ არ ვიწყებთ, სანამ 70%-ს არ მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ თანხა წინასწარ მოითხოვო, თუ არადა მოლაპარაკებაზე სურთ საუბარი. როდესაც ჩენთან მოდიან, მე ვეუბნები, რომ ძალიან მოხარულები ვართ მოლაპარაკებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 30%-ის მაგივრად შეუძლიათ წინასწარ 70%, ან 100% გადაიხადონ. თუ 100% წინასწარ იხდი, უპირატესობას განიჭებთ. როგორც ფრენისას, რაც უფრო ძვირს გადაიხდი ბილეთში, უკეთეს ადგილზე ჯდები და უკეთესი მომსახურებაც გხვდება.“

Credit: Photo by Jeff Fried/WWD/Shutterstock

ფაბრიკებთან თანამშრომლობაზე:

„40 ფაბრიკასთან ვმუშაობთ. ჩვენი ყველა წარმოება, ლევაისის და რებოკის კოლაბორაციების გარდა, იტალიაში და პორტუგალიაშია. სეზონურად ყველა ფაბრიკას ვსტუმრობთ და ვამოწმებთ. როდესაც ინვოისს ვიღებთ, ფულს იმ დღესვე ვიხდით. ახლა ბევრ ქარხანასთან ასე ვიქცევით, მათ წინასწარ ვუხდით თანხას და ამ გზით ჩვენს თავს პრიორიტეტად ვაქცევთ. შესაძლოა ჩვენზე დიდი ბრენდები და შეკვეთები აქვთ, მაგრამ საუკეთესო მომსახურებას ვიღებთ მხოლოდ იმიტომ რომ პატივისცემით ვექცევით.“

შემოსავალზე:

„ბრუნვიდან ჩვენი წმინდა მოგება არის 70%, რაც სიგიჟეა. ვიცი. ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიღმა ხრიკი არსებობს – საქმე ფულის შოვნაში არაა. ფულის გამომუშავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არასწორად არ გამიგოთ. მაგრამ მთავარია რამდენ ფულს ხარჯავ. ინდუსტრიაში ბევრი ადამიანი ბრუნვის შესახებ საუბრობს, ისინი არ საუბრობენ, რამდენ ფულს ხარჯავენ, ან ჩემი აზრით, ფლანგავენ ისეთ რაღაცებში, რაშიც ფულის გადახდა არ ღირს.“

რატომ არ არის დემნას ვეტმანიდან წასვლა ვეტმანის დასასრული:

„ბავშვობიდან ერთი დიდი ოცნება მქონდა, შანელის გენერალური დირექტორი გავმხდარიყავი. შანელი დაუჯერებელი ბრენდია დიდებული ისტორიით. ახალგაზრდებმა მოდის ისტორიაზე მეტი უნდა ისწავლონ. როდესაც შანელმა თავისი პოზიცია დატოვა, Chanel არ დასრულებულა. ჩემი აზრით, კარლ ლაგერფელდმა შანელი უფრო შანელად აქცია.“

დასაქმებულები:

„ბევრისგან მესმის: „3000 დასაქმებული გვყავს, ან 5000,“ კითხვა შემდეგში მდგომარეობს: „იცით რას აკეთებენ თქვენი თანამშრომლები და სამუშაო დღის რამდენ დროს ხარჯავენ სოციალურ ქსელებში?“ დავდივარ ამ მაღაზიებში, სადაც ადამიანები მილიონებს ხარჯავენ, რომ უფრო ლამაზები იყვნენ, ასისტენტები ტელეფონის სქროლვის მეტს არაფერს აკეთებენ.“

სამომავლო გეგმა:

„ვქმნით პლატფორმას, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს მხარს დაუჭერს. ჩვენ წარმოების შესაძლებლობებს მივცემთ. თუ იმ ქარხანაში მიხვალ, რომელიც ერმესის „თრენჩს“ აწარმოებს, ისინი არ იმუშავებენ შენთან, როგორც ახალგაზრდა ბრენდთან, მაგრამ თუ მე ვთხოვ, გააკეთებენ, რადგან ჩვენ ფულს ყოველთვის ვიხდით და პატივისცემით ვეპყრობით.“

სოციალურ ქსელზე:

„ახლა სოციალურ ქსელში 3.6 მილიონი გამომწერი გვყავს. ძალიან ამაყი ვარ, რომ არასდროს 1 გამომწერიც არ გვიყიდია. ამის მიზეზი ისაა, რომ სიღრმისეულად ვაკვირდებით  ვინ გვიწერს.სტატისტიკა ზუსტად ვიცით – ვინ არის ჩვენი კლიენტი, ქალია, თუ კაცი, სად იმყოფება, რა ასაკისაა. თუ ახლა მსოფლიოში ჩემს ტოპ 5 ქალაქს გადავხედავ, მომავალ ღონისძიებას ალბათ კორეაში დავგეგმავ.“