ალფრედ ჰიჩკოკის ფილმები, გარდა კინემატოგრაფიული ღირებულებებისა, ყოველთვის გამოირჩეოდა კოსტიუმების დიზაინით. ეს ალბათ მისი რჩეული მსახიობების დამსახურებაც არის – დიდი რეჟისორი როლებს აძლევდა ვარსკვლვებს, რომლებიც არამხოლოდ კინოს, არამედ მოდის რჩეულებიც იყვნენ. მათგან აღსანიშნავია გრეის კელი – მსახიობი, რომელიც დღემდე სილამაზის და გამორჩეული გემოვნების სიმბოლოდ მიიჩნევა. თუკი გრეის კელის საუკეთესო ფილმებს გავიხსენებთ, ერთ-ერთი პირველი 1955 წლის კინო კლასიკა – To Catch a Thief უნდა დავასახელოთ.

To Catch a Thief, 1955

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდი ფილმის რიმეიქს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლს მოდელი და მსახიობი გალ გადოტი შეასრულებს. კინორპოექტის იდეა აქამდე გასაიდუმლოებული იყო, თუმცა, ახლა ის დამტკიცებულია და შემოქმედებითი გუნდი გადაღებების დაწყებისათვის ემზადება.

როგორც ცნობილია, კინოსურათი Paramount-ის პროდუქციაა – იმავე კომპანიის, რომელთანაც ალფრედ ჰიჩკოკმა ფილმის თავდაპირველი ვერსიის გადაღებისას ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ გარდა მთავარი როლის შესრულებისა, გალ გადოტი პროდიუსერიც იქნება.