უკვე დიდი ხანია, მომღერალმა Madonna-მ თავისი ცხოვრებისა და მუსიკალური კაერიერის შესახებ, ბიოგრაფიული ფილმის გადაღება დააანონსა. პროექტი განსაკუთრებულია, რამდენადაც მას თავად მადონა იღებს. უპირველესი კითხვა, რაც ამ დრომდე ისმოდა, მთავარი როლის შემსრულებელის ვინაობა იყო. როგორც ჩანს, მადონამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ის მსახიობიც გამოიკვეთა, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან პერსონას განასახიერებს – გამოცემა Variety-ის ცნობით, მადონას როლი 28 წლის ჯულია გარნერს შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ ჯულია გარნერი ამ მომენტში საკმაოდ აქტუალური სახეა და ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავადაც განიხილება. მიუხედავად ამისა, გარნერის მნიშვნელოვანი როლები, ამ დრომდე არა კინოსთან, არამედ სერიალების ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული. მაყურებელის დიდმა აუდიტორიამ ის თავდაპირველად Netflix-ის Ozark-იდან გაიცნო. 2022 წელს კი, ასევე ნეტფლიქსზე გამოვიდა მინი სერიალი Inventing Anna, რომელშიც გარნერმა რეალური პერსონა – წარმოშობით რუსი თაღლითი ანა სოროკინი, იგივე ანა დელვი განასახიერა. ანა დელვის როლმა გარნერისადმი კიდევ მიაპყრო მაყურებლისა და მედიის ყურადღება.
რაც შეეხება მადონას როლს, ამ დრომდე ეს ინფორმაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში მხოლოდ დაუდასტურებელი ცნობების სახით ვრცელდებოდა. თუმცა, ამჯერად Variety-ზე გამოქვეყნებული სტატია უკვე იმის მანიშნებელია, რომ ჯულია გარნერთან მოლაპარაკებები ოფიციალურად მიმდინარეობს.