ანა ვინტური მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია – 1988 წლიდან ის ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას იკავებს. ხშირად გაგვიფიქრია, რომ წარმოუდგენელიც კი არის, რომ ანა ვინტური კიდევ უფრო გავლენიანი გახდეს, თუმცა როგორც გუშინ გაირკვა, ვინტურის გავლენა მოდის პრესაზე ისევ იზრდება და უფრო მასშტაბური ხდება – ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია გიგანტის, Condé Nast-ის მენეჯმენტში მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს. კონგლომერატში ეს თანამდებობა პირველად შეიქმნა – ვინტური პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო სარედაქციო პოლიტიკასა და მასალაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანა ვინტური Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსი ხდება. Condé Nast-ის დაქვემდებარებაში დღეს არაერთი ცნობილი გამოცემაა, მათ შორის არის: Vogue, The New Yorker, GQ, Glamour, Architectural Digest, Vanity Fair, Pitchfork და Wired.

ანა ვინტურის ეს დაწინაურება, მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდს მოჰყვა – პანდემიის გამო, სხვა მედიაკომპანიების მსგავსად, Condé Nast დიდ ფინანსურ პრობლემებს შეეჯახა. ასევე არსებობდა სხვადასხვა ეთიკური საკითხი – მაგალითად, 2020 წლის ივნისში, ვინტურმა საჯაროდ აღიარა, რომ Vogue-ის შიდა პოლიტიკა ბევრჯერ “არატოლერანტული და მტკივნეული” იყო აფროამერიკული წარმოშობის კრეატორების მიმართ. ვინტურმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა.
წლის ბოლოს, Condé Nast ახალი და ერთიანი სტრატეგიის შექმნის საჭიროების წინაშე დადგა. კონგლომერატის მიზანია, რომ მისი ამერიკული და საერთაშორისო გამოცემები ერთიანი პოლიტიკის და სარედაქციო ღირებულებების სქემაში მოაქციოს, ამ გეზის განმსაზღვრელად კი, ანა ვინტური კომპანიის ხელმძღვანელებისათვის საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა. ვინტურის ხედვაში, ერთიანი სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრა აგრეთვე გულისხმობს, Vogue -ში, რეგიონალური დირექტორების დანიშვნას. უკვე ცნობილია, რომ მოდის ბიბლიის ევროპული გამოცემების ზოგადი სარედაქციო კურსის დირექტორი, ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფული იქნება.

საინტერესოა, როგორ შედეგს გამოიღებს ასეთი რადიკალური ცვლილება, თუმცა ერთი რამ ცხადია – ყოველთვის, როდესაც კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ანა ვინტურის გავლენის შესუსტებაზე იწყებს საუბარს, ყველაფერი პირიქით ხდება.