1996 წელს კრიტიკოსმა ინგრიდ სიშიმ საფუძველი ჩაუყარა კონცეპტუალური არტისტის და მოდის დიზაინერის ხანგრძლივ და საკულტო თანამშრომლობას. ფლორენციის ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელად დასახელების შემდეგ საკუთარი თავი არ დაზოგა, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო წარმოდგენა შეეთავაზებინა. მან ჯენი ჰოლზერი და ჰელმუტ ლენგი გააერთიანა, რათა ორი სხვადასხვა სფეროს შემოქმედთა ხედვის არაპროგნოზირებადი ინტეგრირება მომხდარიყო.
შედეგად, მოეწყო ინსტალაცია I Smell You on My Clothes, რომელიც ადამიანთა ურთიერთობის დეტალებს, ერთმანეთისადმი ლტოვას ავლენდა. ჯენის ავტორობით სივრცეში ლედ განათებით წარმოდგენილი იყო ფრაზები: ‘YOU ARE THE ONE; YOU ARE THE ONE WHO DID THIS TO ME; YOU ARE MY OWN,’ ჰელმუტმა კი გარემოსთვის შექმნა სურნელი, რომელიც შეყვარებულების მიერ თეთრეულზე დატოვებული სუნის ასოციაციას იწვევდა.
“ჩვენი გაერთიანება ინგრიდის დამსახურებაა, მან გონივრული არჩევანი გააკეთა. ჰელმუტი მაშინვე და უზომოდ მომეწონა.” – ჯენი ჰოლზერი
ჰელმუტმა თავისი სუნამოების ხაზი ახალი საუკუნის დასაწყისში სწორედ ამ ინსტალაციის შთაგონებით გამოუშვა. თუმცა მანამდე, 1998 წელს ერთმანეთს ისევ დაუკავშირდნენ, როდესაც ნიუ-იორკში გადასვლისას, ჰელმუტის სოჰოს მთავარ მაღაზიაში ჯენის ერთ-ერთი ლედ განათებით შექმნილი ნამუშევარი განთავსდა.
“a little mean, and less-is-more” -ასე ახასიათებს ჯენი ჰელმუტთან კოლაბორაციას
მათი ყველაზე ცნობილი თანამშრომლობა და ჰელმუტის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დაუვიწყარი მომენტი 2000 წელს გამოშვებული პირველი სუნამოს რეკლამირებაა. არავითარი მოდელი ან პროდუქტის გამოსახულება. განსხვავებულმა მიდგომამ და საუცხოო იდეამ განაპირობა, რომ კამპანიას საერთო ხელოვნებასთან უფრო ჰქონდა, ვიდრე უბრალოდ რეკლამასთან, ამავდროულად, კომერციულადაც გაამართლა. მაგრამ ჰელმუტის მხრიდან ეს კამპანია არ ყოფილა მოულოდნელობა, რადგან მისი სტრატეგია ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო. არც ისე დიდი ხნის წინ, 1999 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის ხალხისთვის უკვე შეთავაზებული ჰქონდა კამპანია, რომელიც მიმდინარე დროს გადაღებულ იურგენ თელერის კადრებთან ერთად 1982 წლის რობერტ მეპლტორპის ლუის ბურჟუას ფოტოსაც მოიცავდა.
მარკ ათლანის სამხატვრო ხელმძღვანელობით გამოშვებული სადებიუტო სუნამოს კამპანია წარმოადგენდა ნაკეცებიანი ქაღალდის ფონზე ჯენი ჰოლზერის შავად დაწერილ სიტყვებს, მათ ჰელმუტ ლენგთან პირდაპირ კავშირზე კი ქვედა კუთხეში წარმოდგენილი მხოლოდ დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი ლოგო მიანიშნებდა.
სწორედ ასე განიმარტება მარტივი და გენიალური, ასეთია ჰელმუტის მთელი შემოქმედებაც.