ჰაიდერ, შენი, როგორც დიზაინერის კრეატიულობა ბედნიერებიდან მომდინარეობს თუ სიბნელიდან?
ადრე ჩემი კრეატიულობა ბნელი ადგილიდან მოდიოდა… როცა ახალგაზრდა ხარ, ძალიან წვალდები და სიმტკიცე გაკლია. სიტუაციას არ ვუღრმავდებოდი, ფსიქიატრთან არასდროს წავსულვარ, არ შემეძლო. ეს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არასდროს გამიკეთებია. არ შემიძლია ანალიზი. არ მიყვარს ყველაფერში ჩაძიება. არ გინდა ჩანდე არტისტი, რომელსაც ტკივილის გადატანა უწევდა, რათა ეწარმოებინა, მაგრამ მერწმუნეთ, საკმაოდ ბნელი ვიყავი.
ახლაც ასეა?
ვცდილობ უფრო ოპტიმისტი ვიყო და წინ წავიდე. თანაც ახლა ცოტა უფრო მეტი რწმენა მაქვს. ახლა, ჩემი კრეატიულობა ბედნიერებიდან მომდინარეობს. სასიამოვნოა ოცნებობდე და ქმნიდე საკუთარ ისტორიას. მომწონს რაღაცების ძიება და გარკვეული კაპრიზების ქონა. მაშინაც კი, როცა მუზეუმში ხართ ან სხვა ქვეყანას სტუმრობთ, გიდები გყავთ, რომლებიც გესაუბრებიან, ყველაფერს გიხსნიან… მე ეს არ მჭირდება. მიყვარს ნახატის ყურება და მისთვის ჩემი ისტორიის დამატება, არის ამაში რაღაც უფრო მშვენიერი.

თითქოს არცერთ შემოქმედს არ სურს მხოლოდ საკუთარ რეალობაში ცხოვრება.
არა, ანუ ამის გამო ვასრულებთ ამ სამუშაოს? კარგი, სინამდვილეში ეს სამუშაო გაქცევაც არის. რაღაცების შექმნა, სამოსზე ოცნება, თავის დაღწევაცაა. გონების ის სიმშვიდეც მიყვარს, საზღვარგარეთ ყოფნისას რომ გეუფლება, მაშინ შემიძლია დრო გამოვნახო კითხვისთვის, განტვირთვისთვის… პარიზში არ შემიძლია კითხვისთვის დროის გამონახვა! მოგზაურობაში არის გარკვეული სიმარტივე და სიმშვიდე, რაც საშუალებას გაძლევს აკვირდებოდე და აკეთო რაღაცები, შენგან ძალიან შორს რომ არის, განსაკუთრებით ისეთ ცივილიზაციებში, როგორებიცაა ინდოეთი და კორეა.

სტივ მაკერიმ ერთხელ თქვა, რომ არის ერთგვარი პოეზია კაცობრიობაში, რომ ჩვენ მოწმეები ვართ, როდესაც სხვა ქვეყნებში ვმოგზაურობთ.
მართალია და ეს ძალიან საინტერესო და მომხიბლავია. მომწონს ასეთი ქვეყნების შესწავლა. მოგზაურობისას, მხოლოდ სამოსზე კი არა, ზოგადად, ხალხზე დაკვირვების ინტერესი მაქვს. შენში ასახავ ამბავს, თან მიგაქვს და შენი ნაწილი ხდება. ინდოეთში ყოფნისას არ მომაქვს სარები და არ ვაკოპირებ, ფოტოებსაც არ ვუღებ არც ტანსაცმელს და არც სხვა რამეებს, უბრალოდ ინფილტრაციას ვცდილობ, რაც რჩება და რჩება. ჩემს გონებაშია. არასოდესაა პირველი ხარისხის ინსპირაცია. უფრო განწყობას უკავშირდება. მაგალითად ყველაზე ბედნიერი ინდოეთში ან ბუტანში ვიქნები. მთელს მსოფლიოში ყველაზე კარგად ბუტანში აცვიათ.
როგორ?
ისინი ზოლებს, ყვავილებს, ხავერდს ერთმანეთს უთავსებენ. მრავალი სახის ქსოვილს ერთად იყენებენ. ფანტასტიკური შესახედავია. როდესაც ვმუშაობ, ვცდილობ ვკონცენტრირდე, ძალისხმევას არ ვიშურებ, მათ კი ეს ბუნებრივად გამოსდით. უბრალოდ შეხედეთ როგორ იხვევენ შარფებს, სამი საათი ვცდილობდი ამის გაგებას, მაგრამ მათ ეს უბრალოდ გამოსდით. მათი მშვენიერება წარმოუდგენელია. ეს არ არის კიდევ ერთი რამ, რისი ანალიზიც ან რაზე ფიქრიც უნდა დაიწყო. ისინი რაღაცებს თავს ერთად უყრიან და მორჩა. ეს გაუგებარია და როცა რაღაცას ვერ იგებ, ეს თითქოს ერთგვარი თავისუფლებაა.

როგორც ჩანს, მოგწონს ნაკლოვანებები შენს ნამუშევრებში, რადგან ეს მათ თავისებურებას ანიჭებს. არის ეს ერთგვარი თავისუფლებაც?
ეს მომწონს! ყველაფრის მიუხედავად, ჩავარდნა ჩემში ყოველთვის იქნება, ამიტომ ხომ ხვდებით, რომ ამას უნდა ვაკეთებდე. კედელზე ბზარი ყოველთვის იქნება, მაგრამ მშვენიერია ეცადო გაალამაზო ეს ბზარი. (იცინის)
გეტყობა შერიგებული ხარ ამ მოსაზრებას.
სინამდვილეში, მგონია ჩემში რწმენის ძალიან დიდი ნაკლებობაა, რაც შეიძლება ხალხს ეგონოს, რომ ნეგატიურია, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან პოზიტიურია. ეს გეხმარება სვლა განაგრძო, ეცადო და ყოველ სეზონზე უკეთესი გახდე, გაიზარდო. როგორც მოგეხსენებათ, ყოველ სეზონზე უნდა წარადგინო რაღაც, ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დაიშურო. ფილმს ვერ გადავიღებ, ვერ ვიქნები მწერალი, რომელსაც დაუსრულებელი დრო აქვს წიგნის საწერად. მომწონს ის ფაქტი, რომ ყოველი კოლექცია ახალი თავია და უნდა გავაგრძელო. არის ეჭვები და არის პრობლემური წყლები, შენ კი ზოგჯერ არ იცი სად გაცურო. ამან შეიძლება შემაშფოთოს, მაგრამ ამავდროულად დრო ამას ბოლოს მოუღებს, რაც მომწონს. ამის რაციონალიზებას ვახდენ! (იცინის) კვლავ მიწევს ჯარისკაცივით ყოფნა.
ვფიქრობ, სწორედ ამ პრობლემურმა წყლებმა გაგზარდეს ყველაზე მეტად.
კი, ზუსტად! შეკითხვები გიჩნდება და ისინი ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ყველა პიროვნება, რომელიც ცნობისმოყვარეა, უფრო მომხიბლავია, გამორკვევა კი ამის დიდი ნაწილია. თუ ყველაფერი წინასწარ იცი, თუ ძალიან თავდაჯერებული ხარ ყველაფერთან დაკავშირებით რაც იცი, მაშინ რაღაც მომენტში გაჩერდები. ვერასდროს შექმნი სრულყოფილ კაბას, სრულყოფილ კოსტუმს. სულ რამდენიმეს შეუძლია ამის გაკეთება. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ ვისურვებდი სრულყოფილი კოსტუმი შემექმნა, როგორსაც ივ სან ლორანი ქმნიდა. ის იყო იმ რამდენიმეს შორის.

მაგრამ მაშინაც კი თუ სრულყოფილების შენს ვერსიას მიაღწევ, ეს გარანტიას არ იძლევა, რომ ქმნილება გაიყიდება.
ეს მართალია. ქალებზე ზედმეტად დიდ გავლენას ახდენს ის ყველაფერი, რაც რეკლამირებულია ჟურნალებში და მსგავსი რამეები. ძალიან ბევრი ხედვაა ქალებისთვის, მაშინ როდესაც კაცებს ამდენ ტანსაცმელს არ უგდებენ. პირადად მე ვფიქრობ, რომ მამაკაცებს ბევრად მეტი თავისუფლება გააჩნიათ, ვიდრე ქალებს, ან გაცილებით მეტ თავისუფლებას იღებენ. უფალი მოწყალეა, იმედი მაქვს ახლა ეს ყველაფერი გავლენას არ მოახდენს ჩემს გაყიდვებზე ქალებთან! (იცინის)
მართალია, რომ შენი ფავორიტი ნამუშევრები კოლექციიდან ისინია, რომლებიც არ იყიდება?
კი, ისევ ასე ვარ. ზოგჯერ ვიცი, რომ გარკვეული რამეები არ გაიყიდება, ვიცი ხალხს არ მოეწონება, მაგრამ მათ მაინც ვქმნი. ძალიან ჯიუტი ვარ საკუთარ თავთან მიმართებაში. უბრალოდ უნდა გავაგრძელო, თორემ რა აზრი აქვს… ის დღეები მაბედნიერებს, როდესაც ჩემი ტანსაცმელი იყიდება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი მას ჩაიცვამს. დღის ბოლოს, ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია; ხალხი მას ჩაიცვამს. მიყვარს ის სიახლოვე, რომელიც ადამიანს შეიძლება სამოსთან ჰქონდეს.

არის რაღაც სასურველიც ამ სიახლოვეში? როგორც წესი, ჩვენ იმის მიხედვით ვაფასებთ ყველაფერს, თუ რამდენი გადავიხადეთ მასში…
დიახ, რა თქმა უნდა, და ეს კარგია! სურვილი, გქონდეს ეს ნამუშევრები, თავის როლს თამაშობს. ისინი ძვირია და მათვის უნდა იშრომო. მომწონს, რომ შეგიძლია იოცნებო რაღაცაზე, სანამ მის დაუფლებას შეძლებ. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ძალიან სწრაფად ვერ მიიღებ. მომწონს იდეა, რომ ოთხი თვე უნდა იცადო, სანამ სასურველ სამოსს მიიღებ, რომელიც ოთხი თვის წინ ნახე.

უფრო პასუხისმგებელს გხდის შენი კლიენტებისადმი, რომ უნდა შექმნა სამოსი, რომელიც გაძლებს?
მიყვარს რაც ძლებს. მაგრამ ახლა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამ სიჩქარის, ტემპის, ამ დროის გამო, ჩვენ რეალურად იმის დროც კი არ გვაქვს ის შევიყვაროთ, რაც გვაქვს… ვფიქრობ, ძალიან ცუდია რაც ამ მომენტში ხდება, არა მხოლოდ ადამიანისთვის, რომელსაც ამის გაცნობიერებისთვის არ აქვს დრო, არამედ პროცესისთვისაც, ყველა დიზაინერისთვის, თითქოს აჩვენებ რამდენად სწრაფად შეგიძლია მოქმედება. ბოლოს, ერთადერთი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ უნდა ვეცადოთ და კარგი ტანსაცმელი შევქმნათ და თუ კი ამას შევძლებთ, ეს ადამიანს გააბედნიერებს, ასე რომ ჩვენ მხოლოდ ეს შეგვიძლია.