მოდის ინდუსტრია არ უჩივის იმ ბრენდების ნაკლებობას, რომლებსაც დიზაინში საკულტო წარსული აქვთ, თუმცა დღეს პარფიუმერიასთან ასოცირდებიან. 2013 წელს პაკო რაბანი ერთ-ერთი ასეთი ბრენდი იყო. ბრენდის დამფუძნებელი, რომელსაც მეტალისადმი დამოკიდებულებისთვის კუტიურიეს ნაცვლად ლითონის დამმუშავებლად მოიხსენიებდნენ, კოსმოსური ეპოქის დიზაინერადაა აღიარებული.

კოსმოსური ეპოქა მაშინ დაიწყო, როდესაც დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში პირველად გაეშვა, რაც მოგვიანებით ადამიანების მთვარეზე გავლით დაგვირგვინდა. მოდა ყოველთვის პასუხობდა იმას, რაც რეალურ სამყაროში ხდებოდა, შესაბამისად, კოსმოსურ ეპოქას მოდაში შეღწევის გარეშე არ ჩაუვლია. პაკო რაბანი ფუტურისტული ხედვით სწორედ ამ ეპოქის სახე იყო, თუმცა როგორც თიერი მუგლერის, ანდრე კურეჟის და სხვა დიდებული დიზაინერების ტანსაცმლის ხაზები მიეცა დავიწყებას, როდესაც შემოქმედმა ბრენდი დატოვა, იგივე სცენარით განვითარდა მოვლენები პაკო რაბანის მოდის სახლშიც.

@Paco Rabanne

2013 წელს, როდესაც ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი,ჯულიენ დოსენა ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა, მოლოდინი გაცილებით მცირე იყო, ვიდრე ქეისი ქადუალედერის, ან დავით კომახიძის და მუგლერის თანამშრომლობის დასაწყისში.  6 წლის და 12-ზე მეტი სეზონის შემდეგ, შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ პაკო რაბანის კოლექციები პარიზის მოდის კვირეულის და მთლიანად მოდური თვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტია, რომელიც გულშემატკივრებში, რედაქტორებში, კრიტიკოსებში შესამჩნევ მღელვარებას ქმნის.  

ჯულიენ დოსენა 1982 წლის 8 აგვისტოს საფრანგეთში დაიბადა. პარიზისგან მოშორებით პატარა სოფელში იზრდებოდა და დედაქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობდა, მაგრამ თავდაჯერებულობის ნაკლებობა მოსვენებას არ აძლევდა.

„მინდოდა პარიზში გავზრდილიყავი, იმიტომ არა, რომ სოფელში თავს უბედურად ვგრძნობდი, ან არ მომწონდა. უბრალოდ ჩემი ოცნებების ახდენას პარიზში ვხედავდი, მაგრამ არასდროს მჯეროდა, რომ გამომივიდოდა. სოფელში ვერც ვამბობდი, რომ მოდაში მუშაობა მინდოდა. იქ ძალიან ამბიციურ განაცხადად გამოჩნდებოდა“.

@Interview Magazine
ჯულიენ დოსენა

დოსენას მამა ადგილობრივ ღამის კლუბს ფლობდა, რომელიც თინეიჯერებში და საინტერესო ჩაცმის სტილის ადამიანებში პოპულარობით სარგებლობდა. როგორც დიზაინერი იხსენებს, სწორედ მამის ღამის კლუბში აღმოაჩინა, რომ ტანსაცმლის დიზაინისადმი გამორჩეული ლტოლვა გააჩნდა, მაგრამ მოდის გლამურულ სამყაროში საკუთარი თავის წარმოდგენა კვლავ ძალიან უჭირდა.

„ვფიქრობდი, რომ მე არ ვიყავი საკმარისად ერუდირებული და დახვეწილი. როდესაც პარიზში პირველად გადმოვედი, ამის შესახებ არ ვსაუბრობდი. არ ვამბობდი, რომ პატარა სოფლიდან ვარ. შეშინებული ვიყავი, რომ მოდაში ჩემი ადგილი არ იყო“.

@W Magazine
ცენტრში თეთრი მაისურით ჯულიენი
მოდელებთან და თავისი გუნდის წევრებთან ერთად

ამიტომ როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, მან მოდის დიზაინს თავი აარიდა და პარიზში ხელოვნების ისტორიის სწავლა დაიწყო. სწავლის პროცესში განსხვავებული სუბკულტურებით დაინტერესდა და საბოლოოდ, მაინც მოდის დიზაინთან მივიდა. ლეგენდარული ბელგიელი დიზაინერების, დრის ვან ნოტენის და მარტინ მარჯიელას შემოქმედების შეცნობის შემდეგ, ჯულიენი მოდით შეპყრობილი გახდა, ბელგიაში ჩავიდა და სწავლა ბრიუსელის L’École de la Cambre – ში მოდის მიმართულებით დაიწყო. შემდეგ იყო კიდევ ერთი აკვიატება, რომელმაც მოდაში არა მარტო პირველი სამსახური, არამედ ცხოვრების მეგზურიც აპოვნინა.

2006 წელს კარლ ლაგერფელდმა ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელს, რომელიც ახლა იგივე თანამდებობას ლუი ვიტონში იკავებს, ნიკოლა ჟესქიერს წერილი გაუგზავნა, სადაც ლეგენდარული დიზაინერი ნიკოლას კოლექციებით აღფრთოვანებული წერდა: „60-იანებში პარიზი შანელის და ბალენსიაგასი იყო, მე მზად ვარ ეს დრო დაბრუნდეს“. მიუხედავად იმისა, რომ ჟესქიერი ბალენსიაგაში 1998 წლიდან მუშაობდა, მოდამ მისი გამორჩეული ნიჭი 2004 წლიდან აღიარა. არაერთი ისტორია მოგვითხრობდა, როგორ იცვლიდნენ ადამიანები პროფესიებს, რათა ნიკოლას ბალენსიაგაში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მათ შორის ყველაზე ცნობილია ნატაშა რემსი ლევი, ქლოეს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, რომელმაც ჟესქიერის ბალენსიაგას კოლექციების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ისტორიის ფაკულტეტზე სწავლა შეეწყვიტა და მოდაში მუშაობა დაეწყო.

@Vogue Runway
პაკო რაბანი შემოდგომა/ზამთარი 2019
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ჯულიენ დოსენა

ჯულიენს პროფესიის შეცვლა არ დასჭირვებია, მაგრამ ნიკოლას ბალენსიაგას ხილვის შემდეგ, ზუსტად იცოდა რომელ ბრენდში უნდოდა დასაქმება. 2008 წელს ბალენსიაგაში ოცნების სამსახური მიიღო. La Cambre – ს კურსდამთავრებული ნიკოლას ასისტენტის ასისტენტი გახდა, 1 წელში მთავარ ასისტენტად გადაინაცვლა, ხოლო 2 წელში ჟესქიერის პროტეჟეს სტატუსითაც იწონებდა თავს.

ბელგიაში განათლების მიღება და საკულტო ბრენდში მხოლოდ 4 წლიანი გამოცდილება განხილვად მოდის სახლში შემოქმედებითი ხელმძღვანელის სკამს ვერ მოგიტანს, მაგრამ თუ საკმარისად კარგი რეკომენდაციები გაქვს, შესაძლებელია წარსულში დიდებული ბრენდი, რომელიც „გამოღვიძებას“ საჭიროებს, განდონ. 2013 წელს დოსენას პაკო რაბანიდან დაუკავშირდნენ და შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც ფიქრის გარეშე დათანხდა. ეს იყო მისი შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა.

2014 წლის მოდის კვირეულებზე ჯულიენი არ ყოფილა დიზაინერი, რომლის დებიუტს ყველა ქალაქის ჩვენებების წინა რიგებში განიხილავდნენ, მაგრამ 6 წლის შემდეგ, 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, მისი კოლექცია პარიზში ვოგის 12 ტოპ შოუშია წარმოდგენილი. საინტერესო სანახავია როგორ გამოდის ჯულიენი ჟესქიერის პროტეჟეს ტყავიდან და მოდის ინდუსტრიაში დამოუკიდებელი ძალა ხდება. ამას კი მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ იდეალურად ესმის, პირველ რიგში, რა არის მისი, როგორც ახალგაზრდა დიზაინერის ვალდებულება ისტორიულ ბრენდში, მეორე, როგორია იმ ბრენდის ფილოსოფია, რომლისთვისაც მუშაობს.

@Vogue Magazine
პაკო რაბანი გაზაფხული/ზაფხული 2020
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ჯულიენ დოსენა

წარსული მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ბრენდში, რომელსაც ნახევარი საუკუნის ისტორია აქვს, თუმცა აუცილებელია დიზაინერი იაზრებდეს, რამდენადაც ადამიანებს ნოსტალგიური განწყობა სიამოვნებას გვანიჭებს, იმდენად მოდა მორგებულია მომენტს და მყიდველებს გვჭირდება უფრო მეტი, ვიდრე არქივიდან გადმოტანილი ლუქი. გაიგო რაზე დგას ბრენდი, რომლის სახელით ქმნი კოლექციებს, მოარგო საკუთარ ხედვას და მომენტს, სწორედ ესაა გამოწვევა, რომლის ჩაბარებაც ახალგაზრდა დიზაინერებს უწევთ. როდესაც ჯულიენი ვერცხლისფერ მეტალის კაბებს ქმნის, ეს ცხადად გვანახებს, რომ ის ბრენდის დამფუძნებელთან კავშირის დამყარებას ცდილობს, თუმცა მისი კაბების სილუეტებში, ჭრებში, კლუბურ გლამურში მისი ესთეტიკაც ვლინდება.

@Vogue Runway
პაკო რაბანი შემოდგომა/ზამთარი 2020
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ჯულიენ დოსენა

დღეს, როდესაც ჯულიენის კოლექციებს ვუყურებთ, ვხედავთ არა მარტო ხარისხიან ტანსაცმელს, რომელსაც გარდერობში სიამოვნებით დავკიდებდით, არამედ ახალი დიზაინერის ხედვას ბრენდის ფილოსოფიასთან თანხვედრაში. მეტწილად ამიტომ, ჯულიენ დოსენა და პაკო რაბანი თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შერწყმაა, რომელიც სეზონიდან სეზონზე უფრო შესამჩნევი ხდება.