„ამ ღია წერილის ადრესატი არის WWD, კონკრეტულად კი მაილს სოშა და მისი კოლეგები: სამანტა კონტი, ალესანდრა ტურრა და ლუისა ზარგანი. წერილის შინაარსი კი ეხება არაჩვეულებრივ სტატიას სახელწოდებით – Will Flood of Collections Yield to Slower Fashion, რომელიც ამ წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. 

გილოცავთ: თქვენ ზუსტად ასახეთ დღევანდელი მდგომაროების აბსურდულობა, რომელიც სამოსის ზედმეტ წარმოებაში გამოიხატება. აბსოლუტური, დანაშაულებრივი შეუსაბამობა სეზონურ ამინდსა და კოლექციებს შორის. ამაზე ხაზგასმა გამბედავი საქციელია და ამასთან ერთად – ძალიან საჭირო. მე ვეთანხმები სტატიის თუთოეულ სიტყვას, ვინარჩუნებ რა სოლიდარობას  ჩემი კოლეგების მიერ გამოთქმულ აზრებთან მიმართებით. 

მოდის სისტემამ, როგორადაც მას ჩვენ ვიცნობდით, მოშლა დაიწყო მაშინ, როცა ძვირადღირებული (ფუფუნების) სეგმენტი სწრაფი მოდის ოპერირების სქემაზე გადავიდა, მიბაძა ამ უკანასკნელის გაუთავებელი მიწოდების ციკლს, რათა უფრო მეტი პროდუქცია გაეყიდა. მოდის სფერომ დაივიწყა, რომ ძვირფასი ნივთების წარმოება გარკვეულ დროს მოითხოვს იმისათვის, რომ მიღწეული იქნას საბოლოო შედეგი, რათა ის სათანადოდ შეფასდეს და დაფასდეს. ძვირფასი ნივთები ვერ იქნება და არც უნდა იყოს სწრაფი. შემოქმედებას აზრი ეკარგება, თუკი მაგალითად, ჩემი მოსაცმელი, ან პიჯაკი სამი კვირის განმავლობაში ეკიდება მაღაზიაში, სანამ ის დაძველდება და შეიცვლება ახალი პროდუქციით, რომელიც უწინდელისგან დიდად არ განსხვავდება. მე ასე არ ვმუშაობ, ამგვარი მიდგომა საქმისადმი ამორალურად მიმაჩნია.

ყოველთვის მჯეროდა ელეგანტურობის იდეის –  ელეგანტურობის, რომელიც არასდროს სრულდება და დროს უძლებს. ის არამხოლოდ ესთეტიკის კოდექსია, არამედ დიზაინის მიმართ დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია აბსურდულ მდგომარეობად, როცა ზამთარში მაღაზიებში მხოლოდ თხელი კაბების აღმოჩენა შეგვიძლია, ზაფხულში კი – თბილი ქურთუკების იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესყიდვის სურვილი დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს. 

ქეით მოსი არმანის კაბაში Harper’s Bazaar – ის ედითორიალისთვის

შექმნილი კრიზისი არის შესაძლებლობა რომ სვლა შევანელოთ და ყველაფერი გადავაფასოთ; რომ განვსაზღვროთ და შევქმნათ  ლანდშაფტი, რომელიც აზრის მატარებელია. ჩემს გუნდთან ერთად უკვე სამი კვირაა ვმუშაობ. კარანტინის შემდეგ, არსებული კოლექციები ბუტიკებში სექტემბრის დასაწყისამდე დარჩება, როგორც ეს ზოგადად არის მიღებული. ჩვენ მომავალშიც ამ პრინციპით გავაგრძელებთ მუშაობას.

ეს კრიზისი ასევე შესაძლებლობაა, რომ აღვადგინოთ ავთენტურობის მნიშვნელობა: საკმარისია მოდა, როგორც მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, საკმარისია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამართული კრუიზ შოუები და მათზე მსუბუქი იდეების დემონსტრირება, საკმარისია ამ გრანდიოზული შოუებით ხალხის გართობა. ეს დღეს ცოტა შეუსაბამოდ და ვულგარულადაც  კი გამოიყურება. ეს არის აურაცხელი ფულის უაზროდ ხარჯვა – სპეციალური ღონისძიებები სპეციალური შემთხვევებისთვის უნდა გაიმართოს და არა რუტინულად. მომენტი, რომელსაც ამჟამად ვლახავთ მშფოთვარეა, თუმცა, ამავდროულად, ის არის საშუალება, რომ გამოვასწოროთ ის, რაც არასწორია. ეს არის მომენტი, რომ კვლავ დავუბრუნდეთ ადამიანურ განზომილებას. სასიამოვნოა აღნიშნულის იმ შეგრძნებით დანახვა, რომ ამ მოცემულობაში ყველა ერთსულოვანი ვართ“.

ჯორჯო არმანი.