ჯეინ ფონდა ყოველთვის გამორჩეული იყო. ჰოლივუდში წარმატებული კარიერის გარდა, ჯეინი მუდამ აქტიურად იყო ჩართული კლიმატის ცვლილების, ფემინიზმის, გარემოს დაცვისა და სხვა სახის აქტივიზმში. ის რამდენჯერმე დააკავეს კიდეც, მათ შორის 2019 წელს, როდესაც ვაშინგტონში კლიმატის ცვლილებს აპროტესტებდა.

ბევრმა არ იცის, თუმცა ჯეინის მამა კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი იყო. ჰენრი ფონდა 1950-იანი წლებიდან დაწყებული, ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო – Once Upon a Time in the West, 12 Angry Men, On Golden Pond, The Grapes of Wrath – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ლეგენდარული ფილმებისა, რომლებშიც ჰენრი ფონდა თამაშობდა. თავად ჯეინმა სახელი 1968 წლის ფილმით – “ბარბარელათი” გაითქვა. მას შემდეგ იყო The Electric Horseman და Barefoot In The Park, სადაც ჯეინმა განუმეორებელ რობერტ რედფორდს გაუწია პარტნიორობა.

ჯეინს არასდროს ჰქონია პრივილეგიის უარყოფის მომენტი და ის ყოველთვის ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ოჯახის “ჩრდილის” ქვეშ არ ეცხოვრა. მან ოსკარი ორჯერ მოიგო, ფილმებისთვის Klute (1971) და Coming Home (1978). ამის გარდა, ის კიდევ ხუთჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმებისთვის They Shoot Horses, Don’t They? (1969), Julia (1977), The China Syndrome (1979), On Golden Pond (1981) და The Morning After (1986).

ჯეინი თითქმის ერთადერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო, ვინც ვიეტნამისა და ერაყის ომებს აპროტესტებდა. ვიეტნამის ომის პროტესტის დროს, მას ჰოლივუდმა თითქმის ზურგი აქცია. ის 1972 წელს ჰანოიშიც კი ჩავიდა ვიეტნამის მხარდასაჭერად, სადაც მისი ფოტო ვიეტნამურ სამხედრო თვითმფრინავზე ყველა გაზეთში დაიბეჭდა წარწერით – “ჯეინი ჰანოიში”.

ლილი როუზ დეპის უცნაური და საკამათო კომენტარის შემდეგ, ჰოლივუდში ნეპოტიზმის თემა კვლავ მწვავედ წამოიჭრა, მით უმეტეს ახლა, როდესაც New York Magazine-მ თემატიკას მთელი ნომერი და ყდა მიუძღვნა. უნდა გვახსოვდეს, რომ ნეპოტიზმი ჰოლივუდში, ისევე როგორც სამოდელო ბიზნესში, თუ ზოგადად მოდაში, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. თუმცა ეს ყოველთვის ცუდი არ არის. ვინაიდან რიგ შემთხვევებში, ჯეინ ფონდას მსგავსად, ნიჭი გენეტიკურია.