მოდის ფოტოგრაფია იმ სახით, როგორითაც დღეს ვიცნობთ, მე-19 საუკუნის შუა რიცხვებიდან ყალიბდება. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ეს მიმართულება უფრო მეტად გამოიკვეთა და მოდის სფეროსათვის, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად იქცა. თანამედროვე ცხოვრებაში, სადაც ფოტოგადაღების ტექნოლოგია წარმოუდგენლად განვითარდა, მრავალ შთამბეჭდავ კადრს ვხვდებით. თუმცა, მოდის ფოტოგრაფიაში, მხოლოდ ტექნიკური მხარეები არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი – ნამუშევრებს განსაკუთრებულს ყოველთვის ხდიდა ავტორის ხედვა, კრეატიული მიდგომა, გზავნილი, რომლითაც ის დამთვალიერებელს ვიზუალთან აკავშირებდა. ხშირად ეს მიდგომები, საკმაოდ სკანდალურ ფორმებსაც იღებდა.
თუმცა, ფაქტი ერთია – მრავალი კრიტიკის მიუხედავად, ფოტოგრაფებმა, რომლებმაც საყოველთაოდ აღიარებული ჩარჩოები დაანგრიეს, ინდუსტრიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილიც დაიმკვიდრეს. გთავაზობთ, რამდენიმე სკანდალურ მოდის ფოტოგრაფს და მათ ნამუშევრებს.
მერთი და მარკუსი

მერთ ალასის და მარკუს პიგოტის შემოქმედებითი დუეტი, სხვადასხვა დროს, თითქმის ყველა ცნობილ ჟურნალთან თანამშრომლობდა. მათი ექსკლუზიური კლიენტების ჩამონათვალშია ისეთი ცნობილი მოდის სახლები, როგორებიც არის: Dolce & Gabbana, Dior, Louis Vuitton, Missoni, Giorgio Armani, Roberto Cavalli, Fendi, Kenzo, Miu Miu. მათ ედითორიალებში, სარეკლამო ფოტოებში ხშირად გვხვდება რასობრივი საკითხები, სქესობრივი ხასიათის დანაშაულთა თემატიკა, ფეტიშები. ისინი ხშირად, საკმაოდ სკანდალურ ნამუშვრებადაც ფასდება. ალბათ წარმოუდგენელია, როგორ შეუძლია სექსუალური ძალადობის სიმულაციას ბრენდს წარმატება მოუტანოს – Mert and Marcus-ს ეს როგორღაც გამოსდით.
ჰელმუტ ნიუტონი
ჰელმუტ ნიუტონი
გერმანელ-ავსტრალიელი ფოტოგრაფი ჰელმუტ ნიუტონი ბერლინში, ებრაელი მშობლების ოჯახში დაიბადა. 16 წლიდან, ფოტოგრაფიით დაინტერესდა და მალევე დაიმკვიდრა თავისი პროფესიული ადგილი მოდის ინდუსტრიაში. ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ფოტოგრაფად მიიჩნევა, რომელმაც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი შავ-თეთრი ფოტოები, გამოკვეთილი შუქჩრდილებით, ყოველთვის უნიკალური ხელწერით იყო შესრულებული. შიშველი სხეულები, ფეტიშიზმი, ვუაერიზმი – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც ნიუტონის ფოტოგრაფიას აცოცხლებდა. მიუხედავად ასეთი კონცეფციებისა, ნიუტონმა შეძლო და თავის ნამუშევრებში მოდელები არა ობიექტებად, არამედ ძლიერ, საინტერესო პერსონებად წარმოაჩინა. მან შიშველი სხეულების მიღმა, სახასიათო პორტრეტები შექმნა. რასაც ვერასდროს ვერ ვიტყვით ნიუტონზე არის ეპითეტი – ვულგარული. პირიქით, ჰელმუტ ნიუტონმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ფასეულ ხელოვნებას შესაძლოა ყველანაირი ფორმა ჰქონდეს – თუკი, მას სწორად შექმნი.
ტერი რიჩარდსონი

ტერი რიჩარდსონი, უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფოტოგრაფია, თუმცა, კოლეგებისაგან განსხვავებით, მან როგორც პროფესიონალმა უამრავი ეთიკური ნორმაც დაარღვია. მის მიმართ არაერთი ბრალდება გაისმა და საბოლოოდ, ამან ტერის კარიერა დაღმასვლისაკენ წაიყვანა. თუმცა, რიჩარდსონი დიდი ხნის განმავლობაში, არაერთი მოდელის და ცნობილი ადამიანის საყვარელი ფოტოგრაფი იყო. რიჩარდსონმა სახელი ჯერ კიდევ 1995 წლიდან გაითქვა, როცა Katharine Hamnett-ის გადაღებაზე იმუშავა. სამოყვარულო ესთეტიკა, ფოტოზე ასახული მოდელების გამოკვეთილი სექსუალიზება – ეს ტერი რიჩარდსონის ხელწერაა, რომლითაც, საკმაოდ საინტერესო პორტრეტები შექმნა.
დევიდ ლაშაპელი
დევიდ ლაშაპელი
ლაშაპელის კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო. მის წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ენდი უორჰოლმა, როცა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ფოტოების გადაღება მიანდო. მის სკანდალურ ფოტოგრაფიას, ხშირად, Alice in Wonderland ესთეტიკით ახასიათებენ. იმას, თუ რა იგულისხმება ამ ნათქვამში, მაშინვე მიხვდებით, როცა დევიდის ფოტოებს შეხედავთ. დევიდთან მუშაობა უმრავი ჟურნალისათვის პრესტიჟული თანამშრომლობა იყო, დიზაინერებისათვის კი – საინტერესო გამოცდილება. დევიდმა კარიერის ზენიტში აქტიური საქმიანობა მიატოვა, ჰავაიზე გადასახლდა და ბიომეურნეობით დაკავდა. თუმცა, ის ნამდვილად რჩება იმ ფოტოგრაფად, რომელმაც მოდის ფოტოგრაფიის უახლოეს ისტორიაში, უდიდესი კვალი დატოვა.
დევიდ ლაშაპელმა ნამუშევრებში გააერთიანა ერთმანეთისგან კონტრასტულად განსხვავებული თემები – შუასაუკუნეების ესთეტიკა, ზღაპრები, სიურეალიზმი, თანამედროვე არტი, ქუჩის ხელოვნება და ურბანული კულტურა.
იურგენ ტელერი

იურგენ ტელერმა კომერციულ ფოტოგრაფიასა და ხელოვნებას შორის ზღვარი სრულად წაშალა. მისი აქტიური კარიერა 1996 წელს დაიწყო და მალევე მოდის ჟურნალების, მოდელების, დიზაინერებისა და მოდის სახლების ფავორიტ ფოტოგრაფად იქცა. მან ითანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან და დიზაინერებთან, როგორებიც არიან: Marc Jacobs, Celine, Yves Saint Laurent,Vivienne Westwood.