ქრისტეს ტაძარში ალექსანდრ მაკქუინმა სიკვდილის ცნობიერება გამოხატა. შოუ მისტიური და დამაინტრიგებელი, ბნელი და თანაც რომანტიკული, მშვენიერი და ამაღელვებელი იყო. ლიმ მას „დანტე“ უწოდა, იმ ავტორის სახელი, რომელმაც თავის ნაშრომში სიკვდილის შემდგომი ცხოვრების ალეგორია წარმოადგინა.
„თავიდან მეთოთხმეტე საუკენეში მოღვაწე ფლორენციელ პოეტთან, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორ დანტე ალიგიერთან კავშირი გაურკვეველი იყო, მაგრამ თანდათანობით ცხოვრების ინფერნოს უცნაური შერწყმა სიკვდილის გარდაუვლობასთან ნათელი გახდა.“ – ჯუდით უოტი
1996 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვებება ორჯერ გაიმართა, ლონდონსა და ნიუ-იორკში. პირველი შოუ ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, სპიტალფილდსში მდებარე ქრისტეს ტაძარში მოეწყო. ცნობილი ფაქტია, რომ ლის დედა გენეალოგიით იყო დაინტერესებული და სწორედ მისგან შეიტყო დიზაინერმა, რომ თავისი ოჯახი ჰუგენოტი ემიგრანტებისგან წარმოსდგებოდა, რომლებიც მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს სწორედ იმ ტერიტორიაზე დასახლდნენ, სადაც ეს ტაძარი დგას. ის მე-18 საუკუნით თარიღდება და ნიკოლას ჰოუკსმურმა ააგო. მიიჩნევა, რომ არქიტექტორი ქრისტიანი არ იყო და მეტიც, სატანას ეთაყვანებოდა. სერიული მკვლელი ჯეკ მფატრავი, რომლის სახელიც მაკქუინის პირველ, დამამთავრებელ კოლექციაშიც ფიგურირებდა, ჰოუკსმურის ტაძრებს თავისი სარიტუალო მაგიისთვის იყენებდა. ნიკოლასის აგებულ ლონდონის ტაძრებში სატანისტური და წარმართული სიმბოლოები მრავლად შეიმჩნევა, ნაგებობების შეერთებით პენტაგრამის ფორმაც კი მიიღება.
„ლის წაკითხული ჰქონდა, რომ ეკლესიის ამგები ნიკოლას ჰოუკსმური ეშმაკს აღმერთებდა. მას ეს ხიბლავდა და ყველანაირად ეცადა მთელი ეს მისტერია გოგოებთან და გუნდთთან ერთად გამოევლინა, გარშემო დადიოდა ამბობდა: „აქ რაღაც უცნაური განცდა მეუფლება,“ ან ოთახებში არსებულ ცივ წერტილებზე მიუთითებდა. ლის შემოქმედებითობის ბნელი მხარე შთააგონებდა და ძალიან აღელვებდა შოუს აქ გამართვის იდეა — ამით ბევრი მისი სურვილი დაკმაყოფილდა.“ – კენტ ბეიკერი
არსებობს კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ შეარჩია დიზაინერმა ამ კოლექციის ჩვენების ადგილად ეკლესია. როგორც მაკქუინმა განაცხადა, ჩვენება „წლების განმავლობაში არსებულ ომს და მშვიდობას“ შეეხებოდა. მაგრამ რა როლი აქვს ამ თემატიკის წარმოჩენაში ქრისტეს ტაძარს? „ვფიქრობ, რომ ყველა ომი რელიგიამ განაპირობა, სწორედ ამიტომ გავმართე ჩვენება ეკლესიაში,“ – განუმარტა წლების წინ დიზაინერმა ჟურნალისტებს.
„ყველგან იყო სიკვდილთან დაკავშირებულ რეფერენსები: ჯვარცმის გამოსახულებიანი ნიღბები; საყურეები, რომლებზეც ფრინველის კლანჭები ეკიდა; ეკლის გვირგვინები, ვიქტორიანული გიშრის მძივები და სამგლოვიარო შავის, ბეჟის, იისფერის და ნაცრისფერის ფერთა პალიტრა.“ – სუზი მენქესი
პოდიუმს ჯვრის ფორმა ჰქონდა, ჰაერში ვარდების სუნი იდგა, ტაძრის სვეტების გარშემო კი სანთლები ენთო. რაც შეეხება აუდიტორიას, სტუმრებს შორის ჩონჩხის ნახვაც შეიძლებოდა. საუნდტრეკი ჰიპ-ჰოპის, კლასიკის, არტილერიის ცეცხლის ხმის, ორგანზე შესრულებული მელოდიის და კლუბური მუსიკის მიქსი იყო.
„თუ ჩვენებას ემოციის გარეშე დატოვებთ, ესეიგი ჩემს სამუშაოს ისე არ ვასრულებ, როგორც საჭიროა. არ მინდა შოუ ისეთი შეგრძნებით დატოვოთ, თითქოს უბრალოდ კვირის ლანჩი გქონდათ. მინდა ან განადგურებულები იყოთ, ან გამოცოცხლებულები — მთავარია ემოცია წარმოიშვას.“ – ალექსანდრ მაკქუინი
შოუსთვის აქსესუარების შექმნაზე საიმონ კოსტინმა, შონ ლინმა და ფილიპ ტრეისიმ იზრუნეს.
„ჩვენებაზე იყო იუმორიც, შიშიც, სილამაზეც, რომანტიკაც — იმდენი რამ განვიცადეთ, ადგილის დატოვების შემდეგ შეძრულები ვიყავით. შემდეგ დასალევად წავედით და ყველა გაოგნებულები ვიყავით. შეგრძნება გვქონდა, რომ რაღაც მართლა მნიშვნელოვანის მოწმეები ვიყავით. ხმას ვერ ვიღებდი.“ – შონ ლინი
მაკქუნისთვის ჯოელ-პიტერ უიტკინის შემოქმედება არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო. მაგალითისთვის, 2001 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენების ბოლოს შუშის ყუთში მოთავსებული შიშველი ნიღბიანი მიშელ ოლის მომენტი ზუსტად იმეორებს უიტკინის 1983 წლის „სანიტარიუმს.“
„დანტეზე“ წარმოდგენილი ნიღბებიც, რომლებზეც ჯვარცმული ქრისტეს ფიგურაა გამოსახული, ჯოელ-პიტერ უიტკინის 1984 წლის პორტრეტზე -„ჯოელი, ახალი მექსიკა,“ წარმოდგენილი ნამუშევრის ანალოგია.
ლი მოხიბლული იყო დონ მაკკალინის გადაღებული ვიეტნამის ომის კადრებით, ამიტომ კოლექციაში მათი გამოყენებისთვის ნებართვა ითხოვა.
პასუხად უარი მიიღო.
მაკქუინმა ფოტოები თავის სამოსზე მაინც დაბეჭდა.
მაგრამ ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს.
მაკქუინის და მაკკალინის ურთიერთობა კამათით დაიწყო, შემდეგ ისინი დამეგობრდნენ.
„ლის უყვარდა დონ მაკკალინი და ხშირად ამბობდა, რომ ფოტო-ჟურნალისტობა უნდოდა. დანტე ომსა და რელიგიაზე იყო — ამიტომ დონ მაკკალინის ვიეტნამის ფოტოები აიღო წიგნიდან, საიმონ ანგლესმა კი ისინი პრინტად გარდაქმნა. ყველაფრის მიუხედავად, სამოსზე ომის ამსახველი შემაძრწუნებელი და ძლიერი ფოტოები დაიპრინტა. დონ მაკკალინის აგენტი ამან სრულიად გააცოფა. შედეგად, ერთი მაისურის გარდა, კოლექციის ყველა ეს ნაწილი განადგურდა.“ – სუზანა ფრენკელი
კოლექცია, რომელიც მაკქუინის მთავარ მენტორს, გულშემატკივარს და მეგობარს, იზაბელა ბლოუს, ეძღვნებოდა, ექსტრაორდინალურ ფორმებს და ჭრებს მოიცავდა. ქსოვილების მრავალფეროვნება დაწყებული მაქმანებით და აბრეშუმით, დამთავრებული შიფონით და ქაშმირით სრულყოფდა ჯერ კიდევ ახალბედა დიზაინერის რევოლუციურ ხედვას. მოდელები აგრესიულ სექსუალურობას და მდიდრულ სიუხეშეს ავლენდნენ. კომპლექსურ, ჩახლართულ და შემაძრწუნებლად ლამაზ ჩვენებაზე გათეთრებული ჯინსებით წარმოდგენილი ქუჩის კულტურა ვიქტორიანული ეპოქის მახასიათებლებთან ერთიანდებოდა. 1996 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ლიმ მკერვალობაც სხვა საფეხურზე აიყვანა.
„პირველ რიგში, შესასვლელთან არსებული სიგიჟე მახსენდება, იქ ასობით ადამიანი იყო — არამხოლოდ მოდის ჟურნალისტები და ბაიერები, არამედ ლის მეგობრები, სტუდენტები… ეს მანამდე მართლა არასდროს გამომიცდია. მახსოვს წინა რიგში სუზი მენქსის გვერდით ჩონჩხი მოათავსა, რაც ძალიან სახალისო იყო. ჩემი აზრით, ეს იყო პირველი ჩვენება, როდესაც სივრცის მხატვრულად მოწყობაზე ნამდვილად იფიქრა.
ტანსაცმელი საკმაოდ კარგად მახსოვს, რადგან „გარდიანისთვის“ გადავიღეთ. მათთან დაკავშირებით ორი რამ მახსენდება: ერთი ის არის, რომ გიჟური პრეზენტაციის და დრამატული მხატვრული გაფორმების გარდა, თვითონ ტანსაცმელი იყო წარმოუდგენლად მშვენივრად შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძალიან ცოტა ფული იყო დახარჯული. მახსოვს სხვებთან შედარებით მისი აღმატებული ეფექტიც. მაშინ ლონდონში ბევრი ისედაც არაფერი ხდებოდა — ვივიენი [ვესტვუდი] და ჯონი [გალიანო] პარიზში იყვნენ წასულები. ჰუსეინი [ჩალაიანი], რომელიც შესამჩნევი და გასაოცარი გამონაკლისი იყო, იქ იყო, მაგრამ ლის ქალი იმდენად გამორჩეული იყო, რომ ყველა სხვა დანარჩენს ჩრდილავდა. მახსოვს ირმის რქები და კორსეტები, იასამნისფერი აბრეშუმი… გონებაში მრჩება მათი გავლენა და ის აზრები, რომლებიც მათი ყურებისას მებადებოდა, რომ ისინი ძალიან საშიშია და ვისურვებდი, რომ ასეთი ვყოფილიყავი.“ – სუზანა ფრენკელი
ამ ჩვენებით ალექსანდრ მაკქუინი ყველაზე სენსიტიურ თემებს შეეხო – ომს, სიკვდილს და რელიგიას – მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ჯვარზე გაეკრათ, მასში უმეტესობამ იშვიათი ტალანტი, შეუპოვარი და წინააღმდეგობრივი პიროვნულობა დაინახა, რომლისგანაც მეტის მოლოდინი გაჩნდა. ლი სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა ხალხის გაოცებას, სანამ სიკვდილის იდეამ ისე არ შეიპყრო, რომ მისგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო.