რა შეიძლება იყოს საკულტო, რა განსაზღვრავს იდეალს? არის არსებული სტანდარტები ის, რასაც საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისას უნდა დავეყრდნოთ თუ ეს დამოუკიდებლად, სხვების შეხედულებებისგან თავის დაცვით უნდა შევძლოთ? ხშირად გარკვეულ შეკითხვებზე რაღაც მოვლენის დამსახურებით მოულოდნელად ჩნდება პასუხები, ზოგჯერ მანამდე არარსებული შეკითხვებიც იბადება. ნებისმიერ დროს გააჩნია თავისი მახასიათებლები და მათ გამომხატველ სიმბოლოდ შეიძლება ადამიანიც მოგვევლინოს. როგორც წესი, კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებული პიროვნება კულტურული ფენომენი სწორედ მაშინ ხდება, როცა სიახლეს წარმოადგენს. სიახლე, რომელთანაც ერთდროულად კავშირს ვგრძნობთ და მასში ვამჩნევთ იმასაც, რაც მას უკვე არსებულისგან განასხვავებს. გიჩნდება განცდა, რომ სწორედ ის შეიძლება იყოს საკულტო, მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნი რატომ. მაგრამ ამას ზუსტი ახსნა არც აქვს, რადგან სინამდვილეში ზუსტი კრიტერიუმები არ არსებობს, რომ მას მოარგო. თუმცა ხედავ განსხვავებას, ბევრ ისეთ თვისებას, რომლებზეც მანამდე არც კი ფიქრობდი რომ დაგაინტერესებდა და ეს აღგაფთოვანებს. როდესაც არასტანდარტული იპყრობს შენს ყურადღებას რწმუნდები, რომ არ არის აუცილებელი სტანდარტებად შენიღბულ მასის მოდუნებულ შეხედულებებს მოერგო თუ ისინი ბუნებრივად არ შეგესაბამება და ხელახლა იწყებ შენი თავის შეცნობას. სამყაროში, რომელიც ასეთი მრავალფეროვანია, ერთი აზრი ვერ იარსებებს. იმას, რასაც არავითარი საზომი არ აქვს ყოველთვის არაერთგვაროვნად შეაფასებენ. ნორმად იმას ვიღებთ, რაზეც უმეტესობა თანხმდება. ეს ნორმები კი მაშინ იცვლება, როდესაც რაღაც მხრივ შეუსაბამო სიახლე ჩნდება, რომელიც გაფიქრებს, კითხვის ნიშნებს აჩენს, ვიღაცისთვის მისაღები ხდება და კამათი იწყება. ნამდვილი ძალა სწორედ მსგავს მოვლენას აქვს, რადგან მისი გავლენა არამხოლოდ სამოღვაწეო სფეროზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება და უშუალოდ ინდივიდებზეც ზემოქმედებს.
1990 წელია. მსოფლიო ომებით, პოლიტიკური დაძაბულობით, სოციალური ცვლილებებით, კულტურული ძვრებით, ტექნოლოგიური წინსვლით დატვირთული მეოცე საუკუნის ბოლო დეკადის ათვლა დაიწყო და მსოფლიოში განწყობა იცვლება.
The Face-ს 1990 წლის ივლისის ნომრის გარეკანზე ქორინ დეის გადაღებული ახალგზრდა უცნობი 16 წლის მოდელი ქეით მოსი იყო გამოსახული. ნომერი The Stone Roses-ის Spike Island-ზე გამართულ უზარმაზარ წარმოდგენას და ბენდების ახალ ტალღას ეძღვნებოდა. ეს გარეკანი ახალ განწყობას გამოხატავდა და დღემდე მის სიმბოლოდ რჩება. ქეით მოსის კარიერა ეტაპობრივად ისე განვითარდა, რომ თავად იქცა დეკადის სიმბოლოდ, თაობის ხატად და შეუცვლელ მუზად.

„ის ჩვენი თავების გამოხატულებაა, ჩვენი დროის ვენერა, სარკე, საიდუმლო, სფინქსი.“ – მარკ ქუინი
სამოდელო სფეროდან მსგავსი გავლენა სამოციან წლებში ტვიგიმ იქონია. ტვიგი ისევე, როგორც ქეითი მეტი იყო, ვიდრე მოდელი. ორივე სიმბოლური გამოხატულებაა გარკვეული დროის, ვითარების, დამოკიდებულების, ცვლილებების და ხალხის აზრის.

Brigitte Lacombe, 1999.
ქეით მოსის ამბავი შთამაგონებელია. წარმოუდგენელი წარმატება, სირთულეები და დაუსრულებელი მსჯელობა მასზე ამ ისტორიას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ის დაუოკებელი ბრიტანელია, რომელიც ბოლომდე აუხსნელ ხატად იქცა.
ქეითი 1974 წლის 16 იანვარს ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარე კროიდონში საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა.
საკუთარ თავს გამორჩეული გარეგნობის პატრონად არ თვლიდა, თავისი სახეც კი არ მოსწონდა.
„დაბალი ვიყავი, გაღუნული ფეხები მქონდა და არასწორი კბილები. კლასში ყველაზე ლამაზ გოგოდ არავინ მთვლიდა.“ – ქეითი
სკოლაში სწავლით დაინტერესებული არასდროს ყოფილა. იცოდა, რომ კროიდონის დატოვება და მოგზაურობა უნდოდა, თუმცა რა პროფესიას აირჩევდა არ იცოდა. მოდელობაზე არც კი უფიქრია, სანამ 14 წლის ასაკში არ აღმოაჩინეს.
1988 წელს ახლად დაარსებული სააგენტო სტორმ მოდელსის აგენტი სარა დოუკასი და თავისი უმცროსი ძმა საიმონი ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში თავიანთ რეისს ელოდებოდნენ, როდესაც მათი ყურადღება ახალგაზრდა გოგონამ მიიპყრო, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა. სარა განსაკუთრებით ქეითის „ფენომენალურმა ძვლის სტრუქტურამ“ აღაფრთოვანა.
“ვეწეოდი. 14 წლის ვიყავი და ქალიშვილობა ახალი დაკარგული მქონდა. ამიტომ თავი დიდი ვინმე მეგონა. აეროპორტში დავდიოდი. როცა თვითმფრინავზე ავედი სარა დოუკასის ძმა მოვიდა ჩემთან და მკითხა ოდესმე მოდელობაზე თუ მიფიქრია,” – ქეითი
ლონდონში დაბრუნებისას ორივე მშობლის თანხმობით სკოლის მოსწავლე ქეით მოსსა და სააგენტო სტორმ მოდელსს შორის სამოდელო კონტრაქტი გაფორმდა.
პირველი გადაღება, როგორც მოდელს 1988 წელს ოუენ სკარბიენასთან ჰქონდა, რომელსაც სააგენტომ მოსის პროფესიონალური ფოტოები დაუჯავშნა. გადაღებაზე ფოტოგრაფისთვის ნათელი გახდა, რომ 14 წლის ქეითს არავითარი წინასწარ შექმნილი იდეები არ ჰქონდა თუ როგორ უნდა მდგარიყვნენ ან ეპოზიორათ კამერის წინ მოდელებს. ის თავის სინორჩეს და ბუნებრივობას ავლენდა.
„მას გასაოცარი, ნიმფის მსგავსი სილამაზე ჰქონდა.“ – ოუენ სკარბიენა
შემდეგი გადაღება ასევე სააგენტოს დაკვეთით დევიდ როსთან შედგა, რისთვისაც 1988 წლის ოქტომბერში სარა დოუკასმა ქეითი ერლს კორტზე გაგზავნა. დევიდი იხსენებს:
„კარი გავაღე და პატარა გამხდარი გოგო დავინახე. ვიფიქრე, რომ თითი არასწორ ღილაკს დააჭირა, დედამისი შენობაში იყო, ის კი მას ეძებდა. მეგონა მეტყოდა: „შეგიძლიათ მითხრათ ესა და ეს ბინა სად არის?“ ამის მაგივრად კი მითხრა: „მე ქეითი ვარ.““
ფოტოგრაფმა ასეთი პატარა გოგო რომ დაინახა, უკან გაგზავნა და მომდევნო დღეს გადასაღებად ისევ დაიბარა, თუმცა ამჯერად მშობლის ან მეგობრის თანხლებით. მომდევნო დღეს მეგობართან ერთად ქეითი ადგილზე კვლავ მიბრუნდა.
„ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ქეით მოსიც ისეთივე მისტიურ ძალას ფლობს, როგორსაც მერილინ მონრო, რომელსაც ორმოცდაათიან წლებში იგივე ელემენტები გააჩნდა.“ – დევიდ როსი
მოსის დებიუტი პოდიუმზე მომდევნო წელს შედგა. 15 წლის ასაკში ბრიტანელი დიზაინერის ჯონ გალიანოს ჩვენებაზე გამოვიდა. ეს ჯონის პირველი ჩვენებაც იყო პარიზში. გალიანო შოუსთვის ახალ სახეებს ეძებდა და ქეითიც როგორც „ველური ბავშვი“ ისე აიყვანა. (წლების შემდეგ მედიამ მოსს სწორედ ასეთი იმიჯი შეუქმნა).
„ჩემი პატარა დაუმუშავებული ბრილიანტი ვიპოვე. ის უბრალოდ გასაოცარი იყო-მოირგო კაბა, მაშინვე მიხვდა რაც ეცვა, ხაზი, სიარული. ეს მისი ანაფორა იყო. მაგია, გამოცანა იყო ჩვენ წინაშე. თმა! მას დიდებული გრძელი თმა ჰქონდა. ნამდვილ სილამაზეს წარმოადგენდა. მაგრამ უფრო მეტსაც გვთავაზობდა.“ – ჯონ გალიანო

ქეითი პოდიუმზე მიღებულ თავის პირველ გამოცდილებას ასე იხსენებს:
„იმდენად ვნერვიულობდი, რომ მთელი დღის განმავლობაში ჭამა ვერ შევძელი. პოდიუმს ბოლო არ უჩანდა. შემდეგ ოფისში გადავინაცვლეთ ვიდეოს საყურებლად, სადაც შამპანური მოპარული დაგვხვდა. მხოლოდ ვისკი იყო და იმდენი დავლიე, რომ სადილზე გავითიშე. ორშაბათს სკოლაში უნდა დავბრუნებულიყავი, მე კი ოთხშაბათს ისევ პარიზში ვიყავი!“
1989 წელს ბეთინა რეიმსის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც დეკემბერში თავისი პროექტისთვის გადაიღო, სახელად „თანამედროვე შეყვარებულები.“ 26 წლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ბეთინა ამბობს:
„პროექტში ერთ-ერთი მოდელი 13 წლის (1989 წელს მოსი სინამდვილეში 15 წლის იყო) გოგონა, სახელად ქეითი იყო – მის გვარს მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა. იმ დღეს სააგენტოში თავისი ზურგჩანთით შემოვიდა, რადგან მოდელობა უნდოდა. როდესაც დავინახე მათ ვუთხარი, რომ სწორედ ეს გოგო მინდოდა; მითხრეს, რომ სკოლაში დადიოდა და დედამისისთვის უნდა დამერეკა. დავურეკე დედამისს და შევეკითხე: „უფლებას მომცემთ თქვენი ქალიშვილი გადავიღო? მას შეიძლება მაისურის გახდაც მოუწიოს.“ შემდეგ ქეითს ვკითხე თუ უნდოდა ჩემს პროექტში მონაწილეობა, მან კი მიპასუხა: „რატომაც არა? ახლა სკოლაში მივდივარ, შეიძლება ხუთ საათზე დავბრუნდე?“
სკოლა მისი კარიერის განვითარებას აბრკოლებდა. სააგენტოს მასთან მუშაობა ფაქტობრივად მხოლოდ არდადეგებზე შეეძლო და რადგანაც ქეითი სკოლით დიდად დაინტერესებული არც ყოფილა, მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მთელი თავისი დრო მოდელობას დაუთმო. აგენტის აქტიური ჩართულობით მისი კარიერა ეტაპობრივად ვითარდებოდა.
„ყოველდღე ვეუბნებოდი, რომ ვარსკვლავი გახდებოდა, არ მეგონა სუპერვარსკვლავად თუ ვაქცევდი.“ – სარა დოუკასი
ქეითი ჟურნალის გარეკანზე პირველად 16 წლის ასაკში, 1990 წელს მოხვდა. მან The Face-ს მსოფლიო თასისადმი მიძღვნილი მაისის ნომერი დაამშვენა, რომლისთვისაც მარკ ლებონმა გადაიღო. ფილ ბაიკერი, რომელიც მაშინ ჟურნალის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ამბობს, რომ ქეითში რაღაც ისეთი დაინახა, რამაც თავისი ახალგზარდობა გაახსენა. ის არ წარმოადგენდა გლამურულ მოდას, რომელიც იმ დროს ჟურნალებზე დომინირებდა, The Face კი უფრო მეტად ქუჩის კულტურის გაშუქებას ცდილობდა, ამიტომ მოსში ის დაინახა, რაზეც ეს გამოცემა საუბრობდა.

ორი თვის შემდეგ ქორინ დეის გადაღებული ქეითი კვლავ მოხვდა გამოცემის გარეკანსა და ედითორიალში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემთხვევა არ იყო, როცა წელსზევით გახდილს მოუწია პოზიორობა, ამ გადაღებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გაშიშვლება არ სურდა, თუმცა უარი თავის კარიერას საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ ტუალეტში ჩაიკეტა, იტირა და შემდეგ უბრალოდ ფოტოგრაფის მოთხოვნა შეასრულა. უხერხულობის გამო გადაღებაზე მომუშავე მამაკაც თმის სტილისტსაც კი სთხოვა მასთან ზურგით დამდგარიყო. ეს გადაღება იყო დეის მცდელობა ოთხმოციან წლებში მოდის ფოტოგრაფიაში ფოტოგრაფსა და მოდელს შორის არსებული დამოკიდებულება შეეცვალა. მან ქეითს საშუალება მისცა თავისი ხასიათით ემოქმედა, შედეგად მისი პიროვნულობა ფოტოებზეც აისახა. „The 3rd Summer of Love“ როგორც ზემოთ უკვე აღნიშნულია, ახალი განწყობის სიმბოლოდ იქცა.
1991 წელს ლონდონში ერთ-ერთ გადაღებაზე მოსი მარიო სორენტის შეხვდა, რომელიც მასთან ერთად მოდელობდა რეკლამისთვის.
„მაშინვე შემიპყრო. იმდენად მხიარული, ტკბილი და ლამაზი იყო. სამუშაოს დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდით აღარ მინახავს. არ ვიცი მან რა იფიქრა იმ დღეს ჩემზე. უნდა ვკითხო!“ – მარიო სორენტი
რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი ერთმანეთს წვეულებაზე გადაეყარნენ, მთელი ღამე ერთად გაადატერეს, დილით სანამ პარკში ბალახზე არ ჩაეძინათ იქამდე ისეირნეს. 19 წლის მარიოს, რომელიც 10 წლის ასაკიდან ნიუ-იორკში იზრდებოდა, ლონდონში გადასვლა სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად მოუწია. ამ ქალაქში ის თავის აგენტთან რჩებოდა. 17 წლის ქეითთან შეხვედრა, რომელიც ისევ კროიდონში ცხოვრობდა დედასთან ერთად, ფაქტობრივად ორივეს მომავლის განმსაზღვრელი გახდა.
„მასში ყველაფერი მიყვარდა. როგორ გამოიყურებოდა, იღიმოდა, დადიოდა. როგორი ტკბილი, მხიარული, უდარდელი იყო. როგორ განცდას მიტოვებდა.“ – მარიო სორენტი
წყვილისთვის, რომელიც მთელ თავის დროს ერთად ატარებდა, მარიოს დედამ პატარა ადგილი იპოვა British Virgin Islands-ზე მდებარე Virgin Gorda-ზე, სადაც ისინი დასვენებას შეძლებდნენ. მარიოსთვის სანაპიროს გარემო შესანიშნავი აღმოჩნდა ფოტოების გადასაღებად. როგორც ის აღნიშნავს, ქეითთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ მას გამუდმებით ფოტოებს უღებდა, ასე იქცეოდა ამ მოგზაურობის დროსაც, ფოტოებს კი შემდეგ თავის დღიურში ანთავსებდა. დასვენების შემდეგ ამერიკაში გადაინაცვლეს. იმ დროს სორენტი ჰარპერს ბაზარისთვის ფაბიენ ბარონთან მუშაობდა, რომელსაც თავისი გადაღებული ფოტოები აჩვენა. ფაბიენმა იფიქრა, რომ ეს სურათები კელვინ კლაინის სუნამო Obsession-სთვის საუკეთესო ინსპირაცია იქნებოდა, რადგან იცოდა, რომ კელვინი ფრანგი მოდელის და მომღერლის ვანესა პარადის მსგავს ვიღაცას ეძებდა და ფოტოების ჩვენება მარიოს თავად კელვინისთვის სთხოვა. კელვინს იმდენად მოეწონა ფოტოები და მათზე გამოსახული გოგონა, რომ მარიოს ახალი ფოტოების და ასევე ვიდეო კადრების გადაღება სთხოვა.
„მარიო ჩემს სტუდიაში თავისი წიგნის თანხლებით მოვიდა. შევეკითხე: „ეს რა არის?“ მან კი მიპასუხა: „აქ ქეითისთვის გადაღებული ჩემი პირადი ფოტოებია.“ ვუთხარი: „მართლა? შეიძლება ვნახო?“ შევხედე ფოტოებს და ჩემთვის ეს იყო Obsession—ის მისით შეპყრობილი იყო. ასე რომ ვუთხარი: „არ გინდათ კუნძულზე მარტოები წახვიდეთ, შენ მას გადაიღებ და ვნახოთ რა მოხდება.“ – კელვინ კლაინი
დიზაინერმა წყვილი კარიბის კუნძულებზე გაგზავნა. მარიომ სანაპიროზე თითქმის დანგრეული სახლი იპოვა და იქ მთელი კვირის განმავლობაში უღებდა ქეითს ფოტოებს. გადაღება სხვა კუნძულზეც გაგრძელდა, სადაც მის დასამთავრებლად უკვე დიდი შავი სეტი იყო მოწყობილი. ორ კვირიანი მოგზაურობიდან კელვინთან მარიო და ქეითი შთამბეჭდავი კადრებით დაბრუნდნენ. მათი გამოყენებით დაიწყო სუნამო Obsession-ის ახალი სარეკლამო კამპანია და ეს იყო ერთგვარი რევოლუცია მოდაში.
იმ პერიოდში პოდიუმზე, ჟურნალებსა თუ სარეკლამო კამპანიებში „გლამაზონები“ დომინირებდნენ. ყველასთვის ლამაზად აღსაქმელ სახესთან ერთად სიმაღლე, მრგვალი ფორმები, ჯანსაღი შესახედაობა იყო ის, რასაც მაშინ მოდელებისგან მოითხოვდნენ. ნაომი ქემბელი, სინდი კროუფორდი, ტატიანა პატიტცი, ლინდა ევანჯელისტა, კრისტი ტარლინგტონი, სტეფანი სეიმური, კარენ მულდერი, კლაუდია შიფერი, იასმინ გაური… სუპერმოდელის განმარტებას ისინი წარმოადგენდნენ.
მოდას შეუძლია საზოგადოების შეხედულებების ჩამოყალიბებაზე გამუდმებით, უწყვეტად მოახდინოს გავლენა და პირიქით. ამ შემთხვევაში განსხვავებული მიმზიდველი გახდა და ცვლილებებიც დაიწყო.
„ჩემთვის ქეითის სხეული ოთხმოციანი წლების სიჭარბეებისთვის მიხურულ კარს წარმოადგენდა. ძალიან ბევრი ქალი მოდელი მოდიოდა ჩემთან, რომლებიც თავიანთ სხეულებს იმახინჯებდნენ მკერდში იმპლანტებით, თეძოების, მუხლების ცვლილებით… ვერ წარმოიდგენთ რას უკეთებდნენ მოდელები თავიანთ გარეგნობას, რას უშავებდნენ ქალები საკუთარ თავებს. ვფიქრობ, რომ ოთხმოცდაათიანებში რაღაც მკვეთრად შეიცვალა და მე ვეძებდი ისეთ ვინმეს, ვისაც შეეძლო უფრო ბუნებრივი რაღაცის წარმოდგენა.“ – კელვინ კლაინი

ქეით მოსი იმ მომენტის დროული და მოსალოდნელი სიახლე იყო, რომლის გამოჩენითაც სტანდარტების დანგრევა, ბარიერების ჩამოშლა, სხვებისთვის საზღვრების გახსნა დაიწყო. პარალელურად ასპარეზზე გამოდიან განსხვავებული ხედვის მქონე ფოტოგრაფები და დიზაინერები.
„ეს იყო ახალი ტალღა, რომელმაც მოდა სამუდამოდ შეცვალა.“ – სემ მაკნაითი
Obsession-ის კამპანია ქეითის სუპერმოდელობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი, მარიოსთვის ფოტოგრაფის კარიერის მნიშვნელოვანი სტარტი, მოდაში კი ახალი ერის დასაწყისი იყო. კელვინ კლაინის მომდევნო კამპანიამ, რომლისთვისაც ლეგენდარულმა ჰერბ რიტზმა მოსი მარკ უოლბერგთან ერთად გადაიღო, საზოგადოებას საშუალება არ მისცა ახალ სახეზე საუბარი შეეწყვიტა. (ქეითი იმდენად ნერვიულობდა ამ გადაღებაზე, რომ ნერვული აშლილობა დაემართა, ამბობს, რომ ორი კვირა საწოლიდან ვერ დგებოდა. ბოლოს ექიმთან ვიზიტიც მოუწია. კელვინ კლაინმა წლების შემდეგ ისიც გაიხსენა, რომ მარკს და ქეითს ერთმანეთი არ მოსწონდათ და გადაღებაზე ერთად ყოფნა უჭირდათ.)
მოსის კარიერა დაუჯერებლად სწრაფად განვითარდა. მაშინ სუპერმოდელი თანამედროვე გაგებით არ აღიქმებოდა. ისინი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდნენ. მათზე ყველაფერი აინტერესებდათ, გაუთავებლად იწერებოდა, ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ. შესაბამისადაც ეპყრობოდნენ და უეცრად ქეით მოსიც, რომლის გარეგნობაც ‘Waif-თან’ გააიგივეს, ამ სამყაროს ნაწილი გახდა.
მისთვის უჩვეულო იყო გადაღებაზე წასაყვანად ლიმუზინს რომ უგზავნიდნენ, რომელშიც თავიდან თავს კომფორტულად საერთოდ არ გრძნობდა.
„მთელი ეს ნიუ-იორკული რამ: „ზღაპრული ხარ! მეიზელთან გადაღებაზე ლიმუზინით მიდიხარ და წარმოუდგენელი ხარ!“ ტრეინერებს და მარჯიელას დახეულ მაისურს ვატარებდი, სრულიად გრანჟს. შესაბამისობას საერთოდ ვერ ვგრძნობდი.“ – ქეითი
ნაომის და კრისტის გაცნობით, რომლებიც მას როგორც პატარა დას ისე ეპყრობოდნენ და ყველაფერს ასწავლიდნენ, ქეითმა უკეთ გაითავისა და მიიღო ყველაფერი, რაც სამოდელო სფეროსთან იყო კავშირში. თუმცა მასთან მიმართებაში ხალხი არც ისე ლმობიერი აღმოჩნდა. იმ ბრალდებებს და კრიტიკას, რომელიც მისდამი გაისმოდა, შეეძლო ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა მისი კარიერისთვის. ამ საშიშროების წინაშე მოსი თავიდანვე, Obsession-ის კამპანიის დაწყებიდან დადგა, რადგან მისი ნორმალური სიგამხდრე ხალხს არანორმალურად ეჩვენებოდა.
პირველად ვოგის გარეკანზე 1993 წელს მოხვდა. მან მშობლიური, ბრიტანული გამოცემის მარტის ნომერი დაამშვენა, რომლისთვისაც ქორინ დეიმ გადაიღო.

ბრიტანული ვოგის ივნისის ნომრისთვის ის კვლავ მოექცა დეის ობიექტივში და კრიტიკის ახალი ტალღა მოსის მიმართ სწორედ მაშინ წამოვიდა. ფოტოსესიის მიზანი რეალობის ჩვენება იყო თუ როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები საცვლის და მაისურის ამარა თავიანთ საძინებელ ოთახებში. თუმცა კრიტიკას არა იდეა, არამედ ფოტოებზე გამოსახული გოგონა იწვევდა. უკვირდათ და კითხულობდნენ თუ ვინ იყო ეს გამხდარი გოგონა ქალური ფორმების გარეშე, რომელიც შესაძლოა ანორექსიით ყოფილიყო დაავადებული. თუმცა კრიტიკოსები მხოლოდ ანორექსიის ძახილით არ შემოიფარგლნენ.
ბრიტანული ვოგის მაშინდელი რედაქტორი ალექსანდრა შულმანი იხსენებს:
„ყველაფერი ითქვა ამ გადაღებაზე და ქეითზე: ანორექსია, პორნო, პედოფილია, ნარკოტიკები—ეშმაკის კვარტეტი. სულ რამდენიმე ამბობს, რომ ისინი ყველაზე საინტერესო ფოტოებია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოგვიქვეყნებია. ვიცოდი, რომ ისინი არასტანდარტული იყო, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთი ხმაურს თუ გამოიწვევდა.“
უჩვეულო „Heroin Chic” ერა იწყებოდა და მას მღელვარებაც თან ერთვოდა. კრიტიკა ცხოვრების წესზე, ჩვევებსა თუ ფიზიკურ მონაცემებზე არ მთავრდებოდა. მოსი იყო ახალგაზრდა მშრომელი მოდელი, რომელსაც ყოველთვის ნახავდით წვეულებებზე სიგარეტით თუ სასმლით სავსე ჭიქით ხელში. იმის გამო, რომ სხვებივით ფორმები არ ჰქონდა ანორექსიას აბრალებდნენ. რადგან ეწეოდა, ფილტვის კიბოს პროპაგანდისთვისაც კი ადანაშაულებდნენ. ცუდი მაგალითის მქონედ თვლიდნენ და ამ თემაზე დიდ შოუებს აკეთებდნენ.
„ხალხს მოსწონს სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცნეგერი, ფილმებში ისინი ასობით ადამიანს კლავენ, შემდეგ მე მიბრუნდებიან და მეძახიან ცუდი როლის მქონე მოდელს მხოლოდ იმიტომ რომ ვეწევი? მე მხოლოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ და მედიას იმაზე გადააქვს ხალხის ყურადღება რომ ვეწევი. იმის თქმა მინდა, რომ ამერიკული ჟურნალები არ განახებენ შენ სიგარეტით ხელში, ასე რომ ამერიკელი თინეიჯერები ვერ გაიგებენ რომ შენ ეწევი, სანამ ისინი ამას პაპარაცის გადაღებულ ფოტოზე არ ნახავენ.“ – ქეითი
მაგრამ არაერთი ფაქტორის, მათ შორის თავისი საუცხოო ვიზუალის, იშვიათი პიროვნულობის და საქმისადმი გამოჩენილი პროფესიონალიზმის დამსახურებით მას ვერაფერი დააკლეს.
Backstage: Martin Margiela 1992 Backstage: Vivienne Westwood 1993 Backstage: John Galliano 1994
პრინტზე ქეით მოსი შეუდარებელია. ფოტოგრაფისთვის ის მხოლოდ ლამაზ სახეს არ წარმოადგენს, არც უმოქმედო მანეკენია და გადაღებაზე ყოველთვის ცდილობს თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს. რაც არ უნდა გენიალური იყოს ფოტოგრაფი, მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული თუ რამდენად კარგი იქნება შედეგი. მოდელი ყველა გადაღებაზე თავიდან უნდა ცდილობდეს თავისი გონების შეცნობას, რათა ფოტოგრაფის და სტილისტის მითითებები ზუსტად შესრულდეს და ფოტოზე ახალი როლის მორგებით გამოწვეული უხერხულობა არ ჩანდეს. ქეითის ფოტოებში ემოცია იგრძნობა. ჩანს ის პერსონაჟი, რომელიც შექმნა, მისი ხასიათი, განცდები. გარდასახვის უნარი შესაძლებლობას აძლევს ბუნებრივად მოირგოს სხვადასხვა იმიჯი, შექმნას ერთმანეთისგან განსხვავებული გასაოცარი სახეები. ფოტოგრაფებისთვის ყოველთვის სასურველია მასთან მუშაობა, რადგან მისი გადაღებით თავიანთი ყოველგვარი ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლიათ. მოსის ფოტოები მარადიულია და ისინი თავიანთ ფასს არასდროს დაკარგავს.
by Kate Garner 1990 by Albert Watson 1993 by Patrick Demarchelier 1993 by Marc Hispard 1993 by Peter Lindbergh 1994 by Paolo Roversi 1996
„ჩემი აზრით, ქეით მოსი არ არის იმდენად მოდელი ან სუპერმოდელი, რამდენადაც ხელოვანი მოდელი. ამ თვისებით შთააგონებს ფოტოგრაფებს გააკეთონ თავიანთი მაქსიმუმი და შექმნან ისეთი რამ, რაც გამოხატავს თავიანთ სტილს და ასევე მათ წაიყვანს შორს, სადაც ხელოვნება ხვდება მოდას და მოდა ხვდება ხელოვნებას.” – ჯეიმს დენზიგერი
by Corinne Day 1993 by Patrick Demarchelier 1994 by Peter Lindbergh 1994 by Sante D’Orazio 1995 by Juergen Teller 1996 by Richard Avedon 1996
იმიტომ რომ ქეითი იყო ყველგან და არ აკმაყოფილებდა მოდელისთვის სასურველ ყველა კრიტერიუმს მას მოდის ახირებადაც მიიჩნევდნენ. აკვიატება გარკვეული პერიოდით არცერთი სფეროსთვის არ არის უცხო. მაგრამ რასაც მოსმა მიაღწია იმას უბრალოდ ახირება ვერ შეძლებდა. მისი წარმატება მხოლოდ ერთ მომენტში არ მომხდარა. უკვე სამი ათწლეულია გრძელდება. არცერთ მოდელი არ მისულა იქამდე, სადამდეც ის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში პირველია, მაგრამ სამოდელო ინდუსტრიიდან სხვას არავის ჰქონია ისეთი ეფექტი, როგორიც ქეით მოსს.
„ის არასოდეს გახდება მოდის მსხვერპლი, მაგრამ მუდამ დარჩება მოდის სრულყოფილ გოგონად.“ – კარლ ლაგერფელდი
Prada SS 1993 YSL SS 1993 Couture Versace FW 1995 Couture
თითქმის ყველა ტიპის დიზაინერს სურდა თავის ჩვენებასა თუ კამპანიაში. რამდენიმე მათგანთან ახლო მეგობრული ურთიერთობაც ჩამოიყალიბა, მათ შორის: მარკ ჯეიკობსთან, ჯონ გალიანოსთან და ალექსანდრ მაკქუინთან.
with John Galliano with Marc Jacobs with Alexander Mcqueen
„ქეითი ქეითია – ამის გარდა მას სხვა ახსნა არ სჭირდება. ის განსაკუთრებულია. ქეითი ქამელეონი, დამატყვევებელი, საკულტო და ბუნებრივია. მისი დამოკიდებულება, იდუმალება, ამბავი არის მისი სილამაზე და ხიბლი. ამ გოგონას ლონდონის სამხერეთიდან შეიძლება ბევრი სახე შეუქმნია, მაგრამ მხოლოდ ერთი ქეითი არსებობს და ძალიან მეამაყება მისი ყოლა ჩემს ახლობლად. ქეითი უნიკალური, ლოიალური და ყველანაირად დაუვიწყარია.“ – ჯონ გალიანო
მოსი იმ დიზაინერების ჩვენებებზეც კი გამოდიოდა, სადაც სხვა სუპერმოდელებს ვერ ნახავდით. მარჯიელას პოდიუმზე გამოდიოდა „ნამდვილ ხალხთან“ ერთად, შემდეგ კი ვერსაჩეს შოუზე ჩნდებოდა „გლამაზონებს“ შორის.
Backstage: Chanel 1992 Backstage: 1994 Backstage: Miu Miu 1995 Backstage: Chloe 1995
რედაქტორები არ წყვეტდნენ მისი ჟურნალების ყდებზე ბეჭდვას. ქეითის წინა პლანზე წამოწევით ახალ რეალობას, განწყობას, დამოკიდებულებას უსვამდნენ ხაზს, ბიძგს აძლევდნენ ცვლილებებს და მკითხველებს იმას სთავაზობდნენ, რასაც ითხოვდნენ. ხშირად მისი გამოყენებით საუბრობდნენ ისეთ საკითხებზე, რასაც თვლიდნენ, რომ მოსი გამოხატავდა.
„ზოგ გარეკანზე ის წარმოდგენილი იყო უფრო როგორც სიმბოლო, ვიდრე პიროვნება. მოდის, ბრიტანელობის, ვოგის სიმბოლო. ბევრს არ აქვს ასეთი სიმბოლური ძალა.“ – ალექსანდრა შულმანი

მოსის პირადი ცხოვრება მის კარიერაზე არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესო იყო უცხო თვალისთვის. მარიო სორენტის გარდა სხვა მამაკაცებან ურთიერთობამაც განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში და როცა ქეითზე ვსაუბრობთ, მათ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.
1994 წელს, როცა ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონი დეპთან დაიწყო ურთიერთობა, მის მიმართ ინტერესი ბუნებრივია გაიზარდა, მაგრამ იმ პერიოდში მოსი უკვე კარიერის მწვერვალზე იყო და ისევე არ ჰქონდა დეპის ფაქტორს მის სამოღვაწეო სფეროზე ზემოქმედება, როგორც მოსისას ჯონის სამსახიობო კარიერაზე. ოთხი წლის განმავლობაში ჯონიმ და ქეითმა როკ’ნ’როლ წყვილის სახე შექმნეს. მის ცხოვრებაში უმეტესად ამ ტიპის კაცები იყვნენ. ენტონი ლენგდონს თავიანთი რომანის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ სურდა მისი ცოლად მოყვანა, თუმცა ქეითი მაშინ მზად არ იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად. 2002 წელს შვილი გააჩინა ჯეფერსონ ჰეკისგან, რომელიც Dazed Media-ს თანადამფუძნებელია. 2005 წელს თავის 31-ე დაბადების დღეზე პიტ დოერტი გაიცნო, რომელთან ურთიერთობაც კინაღამ თავისი კარიერის და მეგობრების დაკარგვად დაუჯდა. 2007 წელს გუგლში ნაპოვნი The Kills-ის წევრით, ჯეიმი ჰინსით აღფრთოვანდა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მეგობარმა შეახვედრა. ოთხი წლის შემდეგ მას ცოლად გაჰყვა, მაგრამ ქორწინება მხოლოდ ხუთი წელი გაგრძელდა. მის ცხოვრებაში სხვა არაერთი ხანმოკლე რომანიც იყო, ახლა კი თავისზე 13 წლით უმცროს გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკს ხვდება, რომელიც პროფესიით ფოტოგრაფია. მათი ურთიერთობა ჯეიმისთან მიმდინარე განქორწინების პროცესში დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქეითი კვლავ ინარჩუნებს ზოგიერთ მათგანთან მეგობრულ ურთიერთობას, მათ შორის მარიო სორენტისთან, შვილის მამასთან და ყოფილ ქმართან.
with Johnny Depp with Antony Langdon with Jefferson Hack with Pete Doherty with Jamie Hince with Nikolai Von Bismarck
ქეითს ეპატაჟური ცხოვრების სტილი ჰქონდა. წვეულებები მისი ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენდა. ალკოჰოლისკენ მოსის მიდრეკილება ყველასთვის შესამჩნევი იყო.
„ცუდი გოგოსთვის ის ყოველთვის ძალიან კარგად იქცეოდა.“ – კით რიჩარდსი
მეოცე საუკუნის ბოლოს ქეითისთვის ყველაფერი დაუბალანსებელი გახდა. ძალიან სწრაფად ცხოვრობდა, მუშაობდა, მოგზაურობდა, ცდილობდა ყველგან ყოფილიყო, არ ჩერდებოდა. ბედნიერებას ვეღარ განიცდიდა. სიამოვნებას უკვე აღარაფერი ანიჭებდა. იმას აკეთებდა, რაც მისთვის კარგი არ იყო. სხვა რამეებზეც ცდილობდა კონცენტრირებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. იმდენად გამოიფიტა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში The Priory-ში მისვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ეს 1998 წლის ნოემბერში მოხდა, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ჯონი დეპს დაშორდა. მაშინ ვანესა პარადი, რომლის მახასიათებლებიც წლების წინ კელვინ კლაინმა მოსში შეამჩნია, დეპისგან უკვე შვილს ელოდებოდა.
სარეაბილიტაციო ცენტრში ქეითი ორი კვირის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ იქ ხუთი კვირა დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში ალკოჰოლი საერთოდ არ მიუღია. ეს ძალიან დიდი დროა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ წლებში მას გახსენებაც კი არ შეეძლო როდის გავიდა ბოლოს პოდიუმზე ფხიზელი.
„რა ვისწავლე რეაბილიტაციის კურსის გავლისას? ბევრი რამ ალკოჰოლის შესახებ.“ – ქეითი
გავრცელებული ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ალკოჰოლიკთა ანონიმურ შეკრებებს ესწრებოდა და კვირაში ერთხელ ფსიქიატრსაც ნახულობდა.
ჯეფერსონ ჰეკთან სტაბილური ურთიერთობის დაწყებაც, რომელსაც Dazed-ისთვის ინტერვიუს ჩაწერაზე შეხვდა, მის სურვილზე მეტყველებდა, რომ ცოტა უკან დაეხია. რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ ჯეფერსონისგან ლაილა გრეისი ეყოლა, მაგრამ ერთმანეთს მალე დაშორდნენ.
წლები გავიდა და ქეით მოსი სარეაბილიტაციო ცენტრში ისევ მოხვდა.
2005 წელს მოსი მიკ ჯონსის მიწვევით Babyshambles-ის რეპეტიციას ადევნებდა თვალს, რომლის ერთ-ერთი წევრიც პიტ დოერტი იყო. პიტს მაშინ ქეითისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სანამ სუპერმოდელმა რამდენიმე დღეში თავის 31-ე დაბადების დღეზე სამღერად არ მიიწვია. ერთი დღე მათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დასაახლოვებლად.
ხუთი წლით მოსზე უმცროსი დოერტი ნასამართლევი, ჰეორინსა და სხვა ნარკოტიკებზე დამოკიდებული, არაპროგნოზირებადი, უმართავი მუსიკოსი იყო. მას ასევე ქეითის მსგავსად პატარა შვილი ჰყავდა ლაიზა მურიშისგან. მისი რეზიუმე რეაბილიტაციის გავლის სამ წარუმატებელ მცდელობასაც მოიცავდა. ყველაფრის მიუხედავად მოსს ის შეუყვარდა.
სუპერმოდელის ახლო მეგობრები ხედავდნენ დოერტის აშკარა ცუდ ზეგავლენას მოსზე, წინააღმდეგები იყვნენ მათი ერთად ყოფნის და ულტიმატუმსაც კი უყენებდნენ, რომ თუ მასთან შეხვედრას არ შეწყვეტდა მაშინ ვეღარ იმეგობრებდნენ. ულტიმატუმი თავად ქეითმაც წაუყენა პიტს, რომ თუ მასთან ყოფნა უნდოდა, ჰეროინის მიღება უნდა შეეწყვიტა.
„მინდა ურთიერთობა გამოვიდეს. ან ნარკოტიკების მიღება უნდა შევწყვიტო ან მას დავკარგავ.“ – პიტ დოერტი
ქეითი ცდილობდა პიტის კონტროლს, მაგრამ ამას ბოლომდე მაინც ვერ ახერხებდა.
2005 წლის 6 სექტემბერს ქეითი ლონდონში Metropolis Studios-ში პიტთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ეს თარიღი და შეკრება აღსანიშნავი არ გახდებოდა რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ვიღაცამ ქეითი ფარულად გადაიღო თუ როგორ ყნოსავდა კოკაინს და შემდეგ კადრები Daily Mirror-ს მიჰყიდა, გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 300,000 დოლარად. გამოცემამ კადრები გაავრცელა. ქეითის ჟურნალის ყდების მზარდ სიასაც კიდევ ერთი შეემატა, მაგრამ ამჯერად ეს კარგი არ ყოფილა.

ქეითის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სკანდალი აგორდა, რომელიც ამჯერად საფუძველს სულაც არ იყო მოკლებული. კადრების გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში სუპერმოდელმა არიზონაში მდებარე მიდოუს კლინიკას რეაბილიტაციის კურსის მეორედ გასავლელად მიაკითხა.
„კოკაინის სკანდალმა“ მოსს მომენტალურად დააკარგვინა დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები. ბარბერიმ, შანელმა და ეიჩ&ემმა სუპერმოდელთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. (კომპანიის მხრიდან ინფორმაცია არ დადასტურებულა, თუმცა ითქვა, რომ სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა ეიჩ&ემი ქეითთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რათა სუპერმოდელს ბრენდისთვის ტანსაცმლის კოლექცია შეექმნა). ყველაფერი ქეით მოსის კარიერის დასრულებაზე მიანიშნებდა.
2001 წელს Sunday Mirror-მა დაწერა ვარაუდი, რომ მოსი ბარსელონაში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოცემას ქეითმა წარმატებით უჩივლა. მაგრამ ამჯერად ტყუილი არ გამოქვეყნებულა. მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში და ისღა დარჩენოდა, საკუთარი თავისთვის მიეხედა, სტრესს გამკლავებოდა და დალოდებოდა ხალხის განაჩენს.
პრესა სასტიკი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მოსი ცუდ მაგალითად გამოჰყავდათ არაერთი დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის წერდნენ, რომ შვილთან ყოფნას აუკრძალავდნენ და ამერიკიდან ინგლისში დაბრუნებისას დააკავებდნენ.
პარალელურად მისი მეგობრები ყველანაირად ცდილობდნენ ქეითის გამხნევებას. გარდა მასთან პირდაპირი კომუნიკაციისა, საჯაროდაც გამოხატავდნენ თავიანთ მხარდაჭერას. სელებრითებმა, მათ შორის რობი უილიამსმა და შერონ სტოუნმაც გააკეთეს მოსისთვის სასიკეთო განცხადებები. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ალექსანდრ მაკქუინს უკავშირდება, როდესაც დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული თავისი ჩვენების ბოლოს გამოვიდა მაისურით, რომელზეც იყო წარწერა: „გვიყვარხარ, ქეით.“

პრესამ უკვე იმაზე დაიწყო საუბარი თუ როგორი დაბრუნდებოდა კლინიკიდან ქეითი. მარკ ქუინმა მოსის გამოსახულების ყინულის ქანდაკება შექმნა, რომელიც სიმბოლურად გამოხატული რეაქციის ზემოქმედებას ასახავდა მასზე. დნობადი სკულპტურა წარმოაჩენდა თუ როგორ ანადგურებდა ქეით მოსს მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა.
საბოლოოდ რა გავლენა იქონია „კოკაინის სკანდალმა“ ქეითზე? ის იმაზე უფრო მოთხოვნადი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. ფორბსის მონაცემებით ამ სკანდალამდე, 2004 წელს 5 მილიონი გამოიმუშავა, 2005 წელს 4 მილიონი უნდა გამოემუშავებინა, სკანდალის შემდეგ, 2006 წელს კი მისმა წლიურმა შემოსავალმა 8 მილიონი შეადგინა. მომდევნო წელს მისი შემოსავალი 1 მილიონით კვლავ გაიზარდა. შესაბამისად ქეითის კარიერა არა თუ დაინგრა, პირიქით კიდევ უფრო განვითარდა. მას არამხოლოდ აპატიეს, არამედ მისით კიდევ უფრო დაინტერესდნენ.
თუ რატომ უყვარს ყველა ტიპის ადამიანს ის, ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია – მისი პიროვნება მრავალ ასპექტს აერთიანებს. მასში ხედავენ ქალსაც და ბავშვსაც. თავშეკავებულობას და თავაშვებულობას. გონიერია და მომხიბვლელი. შეუძლია იყოს როგორც სექსუალური, ისე უმანკო შესახედაობის. ერთდროულად წარმოადგენს ფანტასტიკას და სინამდვილესაც. ბუნებრივია და არ თამაშობს. არის კარგიც და არის ცუდიც. ყველა გრძნობას აერთიანებს. ფლობს მისტიურ ძალას, რომლითაც ყველას აინტრიგებს. უნიკალური და მაგიური პიროვნებაა, რომლის თვისებებსაც ყველა ჩვენგანში აღმოვაჩენთ.
„ის თანამედროვე მუზის განსახიერებაა. როგორ უნდა აღიქვა ქალი – მან ამ საკითხისადმი არსებული დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში შეცვალა. მან წაახალისა ინდივიდუალიზმი და თვითგამოხატულება. ქეითისგან შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. მაგალითად, როგორ უნდა დარჩე შენი თავის ერთგული, გამოიმუშავო საკუთარი სტილი და დაუღალავად უსვამდე ხაზს შენს ინდივიდუალიზმს.“ – გერტ ელფერინგი
მოსის პერსონალური სტილიც ისეთივე კომპლექსური და მიმზიდველია, როგორც მისი პიროვნება. შეუძლია გააერთიანოს პანკი და კლასიკა, გრანჟი და ბოჰემური სტილი ერთმანეთით ჩაანაცვლოს, ვინტაჟი მიმდინარე ტენდენციას შეუსაბამოს… მიუხედავად იმისა, რომ მისი სტილი ვითარდება, ერთი რამ მაინც უცვლელი რჩება. რასაც ჩაიცვამს მომენტალურად ტრენდი ხდება.
2000 2002 2003 2003 2005 2006
„ქეითი შესანიშნავი სტილისტია. არ აქვს მნიშვნელობა რა ფასის ტანსაცმელს ატარებს, იაფასიანს თუ ძვირადღირებულს, მასზე ყველაფერი კარგად გამოიყურება.“ – კარლ ლაგერფელდი
რთულია გაიხსენო ხელოვნების რომელიმე დარგი, რომლის თემაც ქეითი ერთხელ მაინც არ გამხდარა. მარკ ქუინი, გარი ჰიუმი, ჩაკ ქლოზი, ალან ჯონსი, ლუსიან ფროიდი, ნიკ ნაითი, ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ქეითის გამოსახულების სკულპტურები თუ ნახატები შეუქმნიათ.
Lucien Freud 2002 Chuck Close 2002 Marc Quinn ‘Siren’ 18ct gold, 2008 Marc Quinn ‘The Road To Enlightement, 2006 Allen Jones ‘A Model Model’ 2015 Nick Knight ‘Fallen Angel,’ 2016
„ღმერთების და ქალღმერთების გარეშე დატოვებულ სამყაროში სელებრითებმა ჩაანაცვლეს ღვთაებრიობა. ჩვენ ვქმნით იმიჯს თუ იმიჯი გვაყალიბებს ჩვენ? ქეით მოსში ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ მისი იმიჯი სრულიად გამოყოფილია რეალური პიროვნებისგან და ამ იმიჯს საკუთარი ცხოვრება აქვს.“ – მარკ ქუინი
მისი ხილვა შესაძლებელია ჯორჯ მაიკლის, ელტონ ჯონის, უაით სთრაიფსის, პოლ მაკარტნის, ფრაიმალ სქრიმის, ჯონი ქეშის და სხვა შემსრულებლების მუსიკალურ ვიდეოებში. მისი სახელი არაერთი სიმღერის ტექსტშიც გვხვდება. რამდენიმე სიმღერაში მისი ვოკალის მოსმენაც არის შესაძლებელი, მათ შორის ფრაიმალ სქრიმის და პიტ დოერტის ჯგუფის შემოქმედებაში. სატელევიზო პროექტებშიც არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის დევიდ უილიამსის The Boy in The Dress-სა და Absolutely Fabulous-ში. პატარა როლი აქვს შესრულებული Zoolander 2-შიც.
1997 წელს გამოაქვეყნა საკუთარი დასურათებული წიგნი. 2012 წელს კვლავ იმუშავა თავისი ფოტოების კრებულის გამოშვებაზე. წიგნი რვა სხვადასხვა გარეკანით გამოიცა. გამოშვებული აქვს სუნამოს საკუთარი ხაზი. შექმნილი აქვს ტანსაცმლის კოლექციები Topshop-ის და Equipment-ისთვის და მაკიაჟის ხაზი Rimmel-სთვის. თავის მეგობარ იუველირ არა ვართანიანთან თანამშომლობით გამოშვებული აქვს სამკაულების კოლექციაც. 2015 წელს The Lakes By Yoo-სთან თანამშრომლობით მდიდრულ სახლ The Barnhouse-სთვის ინტერიერის დიზაინის შექმნაზეც იმუშავა.
2016 წელს საკუთარი სააგენტო Kate Moss Agency დააარსა.
„ეს ახდენილი ოცნებაა! და ძალიან უცნაურიც. ხომ იცით ფილმი ჯია? ფეი დანევეი აგენტის როლს ასრულებს. მეც შემეძლო ამის გაკეთება! მაგრამ კონცენტირება უფრო მეტად ხალხის კარიერაზე მინდა, ვიდრე უბრალოდ სამოდელო სააგენტოს მართვა. ნამდვილად არ მსურს ლამაზი ადამიანები, ისეთები მინდა სიმღერა, ცეკვა და თამაში რომ შეეძლებათ — მინდა ვარსკვლავები შევქმნა.“ – ქეითი
2017 წელს ედვარდ ენინფულის ბრიტანული ვოგის რედაქტორად დანიშვნის შემდეგ, ქეითი ნაომი ქემბელთან, გრეის კოდინგტონთან და სტივ მაკქუინთან ერთად გამოცემის დამხმარე რედაქტორი გახდა. გარდა ამისა, ჟურნალთან სტილისტის რანგშიც თანამშრომლობს.
და ამ ყველაფერს ფონად მისი ფენომენალური სამოდელო კარიერა აქვს. მანგოდან და ზარადან დაწყებული, ლუი ვიტონით და შანელით დამთავრებული თითქმის ყველა კატეგორიის ბრენდის სახე გამხდარა. პოდიუმზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო და ოცდაათი წლის შემდეგაც ასრულებს მეგობრების თხოვნას, რომ მათ ჩვენებაზე გამოვიდეს.
Louis Vuitton Fall 2011 Fashion for Relief 2017 Louis Vuitton FW 2018 Menswear
40 წლის ასაკში ფლეიბოის საიუბილეო მე-60 წლისთავისთვის მიძღვნილი ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა და ეს უახლოესი წარსულიდან მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ნომერშიც ის არამარტო როგორც ლამაზი სახე და სხეული, არამედ როგორც სიმბოლო ისე იყო წარმოჩენილი. ფლეიბოი „გლობალურ აიქონს“ ეძებდა, თანამედროვე რეალობაში კი ასეთი ქეითი იყო.

„ყველაფერი 60 წლის წინ მერილინ მონროთი დაიწყო, ხოლო ახლა ჩვენ ქეითი გვყავს!“ – ჰიუ ჰეფნერი
მონროს და მოსს შორის მსგავსებას მხოლოდ ჰიუ და დევიდ როსი არ ამჩნდევდნენ. მათ ერთმანეთს ხშირად ადარებენ.
„ქეით მოსი ოცდამეერთე საუკუნის მერილინ მონროა.“ – ფილიპ თრეისი
ორივე გარკვეული თაობის ხატია, ბოლომდე აუხსნელი და იდუმალი შესაძლებლობების მქონე ქალები. მაგრამ მათ შორის ერთი არსებითი განსხვავებაა. მერილინ მონრო რეალურ ცხოვრებაში გამოგონილი პერსონაჟია. მან თავისი თავი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხელახლა შექმნა. ქეითს ეს არ დასჭირვებია. ის ზუსტად ისეთი მიიღეს, როგორიც იყო. თუმცა თავიანთ დროში ორივემ შეძლო ნიადაგის გარღვევა.

„მან უამრავი ადამიანის თაობა, განწყობა, მისწრაფება შეაჯამა. ისინი ნათესავურ კავშირს გრძნობენ მასთან და უყვართ ის, რასაც აკეთებს, რისთვისაც დგას. ასე შეაჯამა მერილინ მონრომ ორმოცდაათიანები. ქეით მოსი მკაფიოდ განსაზღვრავს ჩვენს დროს.“ – ნიკ ნაითი .
Artwork by Banksy 2005
ქეითს ვოგის 118 გარეკანი აქვს დამშვენებული და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ჟიზელ ბუნდჩენს ჩამოუვარდება. ამ ორი ქალის გარდა ჯერ ვერავინ შეძლო მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის ყდაზე ასჯერ მეტჯერ მოხვედრა. ათასზე მეტი გამოცემის ყდაზე სულ რამდენიმე ადამიანია მოხვედრილი და მოსიც ერთ-ერთი მათგანია.
Vogue Paris May 2011 Vogue Spain December 2012
მისი არათუ ახალი, არამედ ახალგაზრდობის ფოტოები კვლავ ხვდება კომპანიების პროდუქციის სარეკლამო კამპანიის ნაწილი. 2016 წელს ადიდასმა თავისი Gazelle “Remember the Future” კამპანია სუპერმოდელის 1993 წელს გადაღებული ფოტოებით დაიწყო.

2017 წელს რაფ სიმონსის ხელმძღვანელობით კელვინ კლაინის სუნამო Obsession-ის ახალი ვარიანტის Obsessed-ს სარეკლამოდ ოთხმოცდაათიან წლებში მარიო სორენტის გადაღებული ფოტოები გამოიყენეს.
„ერთ-ერთი პირველი, რაც კელვინ კლაინში მისვლისას გავაკეთეთ, Obsession-ის არქივის გადახედვა იყო. მაშინ აღმოვაჩინეთ უამრავი გამოუქვეყნებელი ფოტო და ნამდვილად დავიწყეთ ქეითის და მარიოს კამპანიის მიღმა არსებული სიყვარულის ამბის გაგება. ეს საკულტო და შთამაგონებელი მომენტია მოდის ფოტოგრაფიაში, რომელიც ასევე ღრმად პერსონალურია და ადამიანური სიყვარულის ისტორიას ასახავს.“ – რაფ სიმონსი
მოსის მოღვაწეობა არაერთი ჯილდოთი არის დაფასებული. მათ შორის უმნიშვნელოვანესია 2005 წლის ივნისში CFDA Award-ზე მოდაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული Fashion Inspiration Award და 2013 წლის დეკემბერში British Fashion Award-ზე გადაცემული Special Recognition Award.
„ქეითი ძალიან ქარიზმატულია. როგორც პიროვნება და როგორც მეგობარი ის იმდენად გიახლოვდება, შენს კანში ძვრება მაშინაც კი, როცა მნიშვნელოვანზე არაფერზე საუბრობთ. მის მსგავს არასდროს არავის შევხვედრივარ.“ – ვივიენ ვესტვუდი
ამდენი წლის განმავლობაში ის არასდროს გამხდარა მოძველებული. დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. ინსტა ერაში ისევ მოთხოვნად მოდელად რჩება, მაშინ როცა პირადი ინსტაგრამიც კი არ აქვს და ინტერვიუებს ძალიან იშვიათად თანხმდება. ის აღიარეს, დააფასეს და ინსპირაციად აქციეს.
„ქეითში არის ერთი ასპექტი—და მგონია, რომ ამანაც განსაზღვრა მისი ხანგრძლივობა—ის საკმაოდ მიუწვდომელია. არის მასში რაღაც დამალული. ვფიქრობ, რომ ეს არის მიზეზი თუ რატომ იყო ამდენი ფოტოგრაფი თუ რედაქტორი—მოგვიანებით კი არტისტებიც—მისით ასე შეპყრობილი. რადგან რთულია ზუსტად იმის თქმა თუ რა იყო ან ვინ იყო, მათ კი მასში თავიანთი ფანტაზიების ჩაქსოვა შეეძლოთ. ამავდროულად, მასში რაღაც edgy-იც იყო. საერთოდ არ ყოფილა კორპორატიული. ცოტა საშიში იყო და ეს მას ამაღელვებელს და საინტერესოს ხდიდა. მას შეუძლია იყოს ქამელეონი თუ სექს ბომბი—ძალიან ბევრი განსხვავებული რამ. საკმარისად ვერ გადმოვცემ თუ მართლაც რამდენად შესანიშნავი მოდელია ის.“ – ანა ვინტური

კამათი არასდროს დამთავრდება. რასაც ვხედავთ იმას უბრალოდ არ ვიღებთ, ვცდილობთ ახსნა მოვუძებნოთ. გვინდა ვიცოდეთ რატომ და რა მიზეზით გამოირჩევა რაღაც არსებულისგან. მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელობის მინიჭებაზე პასუხისმგებლები ჩვენ თავად ვართ და არა მისი მატარებელი ობიექტი. ამიტომ პასუხები პირველ რიგში საკუთარ თავებში უნდა მოვძებნოთ. ჩვენგან გამომდინარე უნდა გავიგოთ რა მიზეზით არის ვიღაც სხვებზე აღმატებული. ქეით მოსი თავის დროზე სხვა დანარჩენებზე დიდი იყო, მისი არსებობა სხვებისას აღემატებოდა. მანამდეც იყვნენ მისნაირები, ახლაც არიან და მომავალშიც გამოჩნდებიან, განა იმიტომ რომ ყველაფერში საუკეთესოები არიან, არამედ ჩვენზე მომენტის შესაბამისი გარკვეული იარაღით ზემოქმედებენ და მაშინაც კი თუ მათზე ყველას ერთი აზრი არ ექნება, შეიძლება დროის კერპებად იქცნენ.