ჰელმუტ ნიუტონი, რიჩარდ ავედონი, სტივენ მეიზელი, პიტერ ლინდბერგი, პატრიკ დემარშელიე – ეს ცნობილი ფოტოგრაფების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მაგრამ ვინ შეიძლება გაგვახსენდეს, როდესაც ცნობილ ქალ ფოტოგრაფზე ვფიქრობთ?

ჩემთვის ასეთი გერმანელი ფოტოგრაფი ელენ ვონ უნვერტია, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფია მოდის ინდუსტრიაში. მისი ნამუშევრები ინტიმურობითა და პროვოკაციულობით გამოირჩევა, რის გამოც კარიერის დასაწყისში ხშირად ჰელმუტ ნიუტონის ალტერ ეგოდაც მოიხსენიებოდა. აღსანიშნავია, ელენმა აღნიშნა, რომ ჰელმუტი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებმაც მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონიეს.

ელენის ნამუშევრებში ქალები მხიარულები, თავდაჯერებულები, სექსუალურები და ძლიერები არიან, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან როგორც უნვერტმა აღნიშნა, ფემინისტია და თვითონაც ყოველთვის ძლიერი ქალი იყო. ელენის ფოტოებში არ იგრძნობა პოზირება, პირიქით ყველაფერი ძალიან დინამიური და ნამდვილია, უნვერტი ცდილობს ქალებმა თავიანთი მხიარული, ანცი მხარე დაგვანახონ, რაც მათ უფრო სასურველს ხდის.

ელენი 1954 წლის 17 იანვარს ფრანკფურტში, გერმანიაში დაიბადა. ფოტოგრაფიის განხრით განათლება არასოდეს მიუღია, მან მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა მოდელობით დაიწყო. 20 წლის ასაკში ქუჩაში სეირნობისას ფოტოგრაფმა შეამჩნია და კითხა ოდესმე მოდელის კარიერაზე თუ უფიქრია. ელენმა გადაწყვიტა მოდელი გამხდარიყო, პარიზში გადავიდა, სადაც სამოდელო სააგენტო ელიტთან გააფორმა კონტრაქტი და 10 წლის განმავლობაში მოდელად მუშაობდა. კენიაში გადაღებებზე მიდიოდა, როდესაც შეყვარებულმა კამერა აჩუქა, ამ მოგზაურობისას ელენი მის კოლეგა მოდელებს იღებდა. ფოტოები მეგობარს აჩვენა, რომელსაც მოეწონა და ფოტოები ერთ-ერთ ჟურნალში დაბეჭდა, სწორედ ამის შემდეგ მიხვდა უნვერტი, რომ მოდელობაზე მეტად ფოტოგრაფობა სიამოვნებდა.

გესის კამპანია, რომელმაც ელენს სახელი გაუთქვა

1989 წელს 19 წლის კლაუდია შიფერი ელენმა შემთხვევით აღმოაჩინა. კლაუდია ფოტოგრაფს ბრიჯიტ ბარდოს აგონებდა, ამიტომ ბრიჯიტის სტილი მოარგო და Elle გერმანიისთვის გადაიღო, მოგვიანებით კი ეს ფოტოები გესის დამფუძნებელს, Paul Marciano-ს, გადაუგზავნა, რომელმაც გადაწყვიტა კლაუდია კამპანიაში გადაეღოთ. ამ გადაღებამ არამარტო ელენი გააცნო მსოფლიოს, არამედ კლაუდიაც, რომელიც იმ დროს დამწყები მოდელი იყო. აღსანიშნავია ბრენდის დაარსებიდან 30 წლის აღსანიშნავ კამპანიაშიც კლაუდია გადაიღეს, ფოტოგრაფი, რა თქმა უნდა, ამჯერადაც ელენ ვონ უნვერტი იყო.

მან ინგლისის ორი საკულტო ადამიანი – დეივიდ ბოუი და ქეით მოსი
Q Magazine-სთვის გააერთიანა 

2003 წელს Q Magazine-სთვის ელენმა დეივიდ ბოუი და ქეით მოსი გადაიღო. როგორც თვითონ ამბობს, მის შემოქმედებაში ეს ფოტოები ერთ-ერთი საუკეთესოა.

”ქეით მოსისა და დეივიდ ბოუის ფოტოსესია ჩემი ფავორიტია. ბოუის დიდი ფანი ვიყავი, ვამაყობდი მას რომ შევხვდი და მასთან დროის გატარებაც შემეძლო. როგორც ვიცი, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, ერთად გადაღება პირველად ჰქონდათ. ორივე ძალიან საყვარლები, მხიარულები და მეგობრულები იყვნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით”- ელენ ვონ უნვერტ

მისი აზრი სექსუალურ შევიწროვებაზე:

გასულ წლებში ისეთ ცნობილ ფოტოგრაფებს, როგორებიც არიან ბრიუს ვებერი და მარიო ტესტინო, ბრალი დასდეს სექსუალურ შევიწროვებაში, რის გამოც მათი ნამუშევრების გამოქვეყნებაზე ბევრმა ჟურნალმა უარი განაცხადა. ერთ-ერთ ინტერვიუში ელენს კითხვა დაუსვეს თუ რას ფიქრობა ამ თემაზე და პროვოკაციული ფოტოგრაფიის მომავალს როგორ ხედავდა Me Too და Time’s Up ერაში, რაზეც ელენმა შემდეგნაირად უპასუხა:

”რა თქმა უნდა, სექსუალური შევიწროვება საშინელებაა და არ უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით გაუპატიურება, მაგრამ მეორე მხრივ, იქ არ ვიყავი და არ ვიცი რა მოხდა. ხალხს იმის გამო ვერ დავდებ ბრალს, რომ სხვები ადანაშაულებენ. ძალიან სამწუხაროა ბრიუს ვებერისა და მარიო ტესტინოს მსგავსი ფოტოგრაფების გაუჩინარება, რომლებმაც არაერთი საოცარი ფოტო გადაიღეს. სექსუალური შევიწროვება მიუღებელია, მაგრამ მათ განსჯას არ ვაპირებ. იქ არ ვიყავი და არ ვიცი, რა არის სიმართლე. ვფიქრობ, ქალებს სურს მაცდურები იყვნენ და იმედი მაქვს თავიდან ფეხებამდე მონაზონივით არ გამოეწყობიან. ქალსა და კაცს შორის მიზიდულობა უნდა არსებობდეს და ამას არ უნდა გაურბოდე. მთავარი პატივისცემის სწავლებაა. კარგი ის არის, რომ ქალები ახლა ამბობენ: ”დღეს ეს მე დამემართა, მაგრამ აღარ უნდა მოხდეს”. მათ უნდათ პატივს სცემდნენ და თავს ლამაზად და სექსუალურად გრძნობდნენ. სწორედ ამის ჩვენება მინდა, არ ვაპირებ ქალები ისე გადავიღო, რომ სევდიანები და შეურაცხჰყოფილები გამოჩნდენ. არა, ქალებს უნდათ რომ ლამაზები იყვნენ და მე ამის წარმოჩენა მსურს. პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან, ძალიან ადრევე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.”

”Me Too ერის ყველას ეშინია. მეც მეშინია, არ ვიცი, რა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროვებად. მეშინია, რომ მოდა ისეთი თავისუფალი ვეღარ იქნება, რომ რაღაც დიდებული შექმნა”.

Photo: artnet
Photo By Ellen Von Unwerth

თავის ნამუშევრებს ეროტიკულად არ მიიჩნევს:

”ხალხი ამბობს, რომ ჩემი ნამუშევრები ეროტიკულია, მე კი უბრალოდ მომწონს გადავიღო თუ როგორ ერთობიან გოგოები, რომლებსაც სურთ ლამაზები და სექსუალურები იყვნენ”

Two Icons, Linda and Christy
 1990
ფოტო: artnet

ელენის სხვა ნამუშევრები: